Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა ოლიმპიური ჩემპიონი ერთ სერიაში


საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით, დაასრულა 33 წიგნისაგან შემდგარი სერიის – „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების“ – გამოცემა. რატომ 33? ცხადია, ამ შემთხვევაში რიცხვების მაგია არაფერ შუაშია. საქართველო სამართლიანად ამაყობს ოლიპიური ჩემპიონების სიმრავლით: 33 წიგნში ასახულია 33 ოლიმპიური ჩემპიონის მდიდარი, დრამატიზმით სავსე სპორტული - და არა მხოლოდ სპორტული - ცხოვრება.

კახი კახიაშვილი 33 ოლიმპიური ჩემპიონიდან ერთადერთია, ვინც სამ ოლიმპიადაზე შეძლო გამარჯვება. პირველი ოლიმპიური ოქრო 1992 წელს ბარსელონის 25-ე თამაშებზე მოიპოვა. კახი კახიაშვილმა, როგორც თვითონ იხსენებს, უკიდურესად დაძაბულ ბრძოლაში არა მხოლოდ მოწინააღმდეგეს, არამედ თავსაც აჯობა: ასწია 235 კილოგრამი, რაც ოლიმპიურ რეკორდს 8 კილოგრამით აღემატებოდა.

„ვიგრძენი, რომ რაღაც სხვა, გარე ძალა დამეხმარა კრიტიკულ მდგომარეობაში და მომცა იმის საშუალება, რომ ეს წონა დამეძლია. სულ რაღაც ორი-სამი წამის განმავლობაში გამიელვა აზრმა, თუ რა რთულ ვითარებაში ვიყავი და როგორი ტკბილია ეს გამარჯვება“, უთხრა კახი კახიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სპორტის ქართველი ქომაგების ბედად, შემონახულია ამ ტკბილი და დიდებული გამარჯვების ამსახველი ფოტომასალა, რომელსაც კახიაშვილზე დაწერილი წიგნის ავტორი პაატა ნაცვლიშვილი ასე აღწერს:
ჩვენ სულ 14 ავტორი გვყავს. სამწუხაროდ, ზოგი მათგანი უკვე გარდაიცვალა - მაგალითად, ცნობილი მწერალი ნუგზარ შატაიძე, რომელმაც სამი წიგნი დაწერა ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებზე. ...
ელგუჯა ბერიშვილი

„კახი იღიმება, თითქოს 235 კილოგრამი კი არა, საჰაერო ბუშტი ეჭიროს ზეაღმართული ხელებით. უკანა პლანზე მისი მწვრთნელი, ვანო გრიქუროვი ჩანს, რომელსაც შტანგისტივით აღუმართავს მომუშტული ხელები, შტანგაღა აკლია...“

სხვათა შორის, სერიის უკლებლივ ყველა წიგნი გაჯერებულია საინტერესო, ხშირ შემთხვევაში, უნიკალური ფოტომასალით. ამასთან, თითოეული წიგნი 68 გვერდისაგან შედგება. პროექტის ავტორისა და მთავარი რედაქტორის, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ელგუჯა ბერიშვილის თქმით, ასევე ერთნაირია წიგნების ფორმატი და დიზაინიც, განსხვავებულია მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონთა თავგადასავალი, რომელთა უკვდავსაყოფად რამდენიმე ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი გაისარჯა:

„ჩვენ სულ 14 ავტორი გვყავს. სამწუხაროდ, ზოგი მათგანი უკვე გარდაიცვალა - მაგალითად, ცნობილი მწერალი ნუგზარ შატაიძე, რომელმაც სამი წიგნი დაწერა ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებზე. ასევე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი გიორგი ჩოჩიშვილი, რომელმაც სერიის ექვსი წიგნი დაწერა, მაგრამ ვერც ერთის გამოცემას ვერ მოესწრო.“

სერიის დანარჩენ ავტორთა შორის არიან თავად ელგუჯა ბერიშვილი, პაატა ნაცვლიშვილი, ოთარ მაღლაკელიძე, გიორგი ფრანგიშვილი, ილია ბაბუნაშვილი, ჯემალ კასრაძე, ავთანდილ გურასაშვილი, თეიმურაზ ქორიძე, ელენე ბილიხოძე და ზურაბ უსუფაშვილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა წიგნი სპორტული ჟურნალისტიკისა და დოკუმენტური პროზის თვალსაჩინო ნიმუშია, რომლებშიც დოკუმენტური სიზუსტით და მაღალმხატვრული ოსტატობითაა აღწერილი ქართველი ჩემპიონების გმირული თავდადება და დრამატიზმით სავსე ცხოვრება. გამორჩეულია ნუგზარ შატაიძის „ლევან თედიაშვილი“. თანამედროვეობის გამოჩენილი ქართველი მწერალი მისთვის დამახასიათებელი ძარღვიანი ქართულით აღწერს დიდი სპორტსმენის თავგადასავალსა და მის ფონზე ჭიდაობის ქართული სკოლის მდგომარეობას:
შეგვიყვანეს სასადილოში და წინ ნახევარი შემწვარი ქათამი დამიდეს. მორიდებით ვიკითხე, ბოდიში, მაგრამ ესა სულ ჩემია-მეთქი? შენია, მა ვისიაო! სწორედ მაშინა ვთქვი გულში, მორჩა, აქედან ვეღარ გამაგდებთ-მეთქი ...
ლევან თედიაშვილი

„ერთხელ შემთხვევით ხელში ჩამივარდა კასპელი მწვრთნელის, ლავრენტი კაციაშვილის უბის წიგნაკი, სადაც მისი მოწინააღმდეგე გუნდის ფალავნების გვარები იყო ჩამოწერილი, მათ გასწვრით კი დაახლოებთი ასეთი რაღაცები ეწერა: „ეწევა პაპიროზს, დიხანია სუ არ აქვს“. „ჭიდაობს გადავლებით“, „იცის ცერული და ბრუნი“, „ჩოქელა კისრულის მეტი არაფერი არ იცის“. ჩემი ღრმა რწმენით, ილეთების ასეთი სიმწირე „დედა ჭიდაობის“ სავალალო მდგომარეობის ბრალია. არადა, ჩვენი ეროვნული საუნჯე ყოველთვის ილეთების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. კვალიფიცირებული იყო ექვსი ძირითადი დარგი: სარმები, კაურები, ღოჯურები, მოგვერდები, თეძოები და კისრულები. თითოეული მათგანი უამრავ ილეთს შეიცავდა.“

წიგნს განსაკუთრებულ ხიბლსა სძენს მთავარი გმირის, დიდი სპორტსმენის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლევან თედიაშვილის საფირმო იუმორი. გაგიკვირდებათ, მაგრამ, თურმე, დიდი ფალავანი ჭიდაობას ქათმის ხორცის სიყვარულის გამო გაჰყოლია:

„დედაჩემი ქათამს მარტო მაშინ დაგვაკვლევინებდა, სტუმარი რომ მოგვივიდოდა, მაგრამ იმ ქათმისა მე მარტო ერთი ბარკალი მხვდებოდა. ჰა, ჰა, ერთი ბარკალი და ერთიც ფრთის ძირი. არადა, ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი ქათმის ხორცზე. ერთხელ რაიონის მოზარდ მოჭიდავეთა ნაკრებში ამიყვანეს. შეკრებაზე ვართ. სადილის დრო რომ მოვიდა, შეგვიყვანეს სასადილოში და წინ ნახევარი შემწვარი ქათამი დამიდეს. მორიდებით ვიკითხე, ბოდიში, მაგრამ ესა სულ ჩემია-მეთქი? შენია, მა ვისიაო! სწორედ მაშინა ვთქვი გულში, მორჩა, აქედან ვეღარ გამაგდებთ-მეთქი.“

33 წიგნისაგან შემდგარი სერიის – „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების“ პრეზენტაცია
33 წიგნისაგან შემდგარი სერიის – „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების“ პრეზენტაცია
თედიაშვილის ეს იუმორი მთელ წიგნშია გაფანტული, თუმცა ალაგ-ალაგ ისეთსაც ამოიკითხავ, ცრემლებით რომ აგივსებს თვალებს. ასევე ძნელია გულგრილი დაგტოვოს ოთარ მაღლაკელიძის „დავით ხახალეიშვილმა“ - ამბავმა დიდ ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომელმაც, საბედისწერო გაუგებრობის წყალობით (აწონაზე დაგვიანების გამო), ხელიდან გაუშვა შანსი გამხდარიყო პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

ოთარ მაღლაკელიძე: „ბევრი დიდი სპორტსმენის ცხოვრებაში არის ძალიან მძიმე მომენტები, მაგრამ, როგორც წესი, ყველას დაუფასდა შრომა. ხახალეიშვილსაც დაუფასდა, ოლიმპიური ჩემპიონია, ბოლოს და ბოლოს. უბრალოდ, მომენტი იყო ისეთი, რომ შეეძლო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა და თვითონაც ამბობს წიგნში, რომ მინიმუმ კიდევ ორი ოლიმპიადის ჩემპიონი შეიძლებოდა გამხდარიყო.“

საერთოდაც უნდა ითქვას, რომ სერიის ავტორებმა შექმნეს ოლიმპიური ჩემპიონების ღირსებისა და დამსახურების საკადრისი ტექსტები, რომლებიდანაც კარგად ჩანს, თუ რა თავდადება, ნებისყოფა და დაუღალავი შრომაა საჭირო ოლიმპიური მწვერვალის დასაპყრობად. სერიის ერთ-ერთი წიგნის გმირმა, მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა რომან რურუამ რადიო თავისუფლებას ჩემპიონობის საკუთარი რეცეპტი გაუმხილა:

„მაშინ, როცა შენს მოწინააღმდეგეებსა და ამხანაგებს სძინავთ, აი მაშინ უნდა ისარგებლო ამ უპირატესობით, აი მანდ უნდა მოიგო, სხვაზე მეტი უნდა ივარჯიშო. ვამბობდი გულში, იძინეთ, გენაცვალე, იძინეთ, არ გაიღვიძოთ ჯერ, ცოტა ხანი კიდევ იძინეთ-მეთქი, და მე ამ დროს ვვარჯიშობდი. როცა ისინი გაიღვიძებდნენ, მათთან ერთადაც ვიწყებდი ვარჯიშს.“

უკვე 30 ლიცენზია გვაქვს აღებული, 7-8 ლიცენზიის აღებისათვის ბრძოლას ვაგრძელებთ ...
გია ნაცვლიშვილი
ასეთი მიდგომით რომან რურუამ ყველა მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვება შეძლო. სერიაში შემავალი ერთ-ერთი წიგნის ავტორი, მწერალი ილია ბაბუნაშვილი ამბობს, რომ სპორტი დიდი ხანია აღარ არის უბრალო თამაში და თავშესაქცევი სანახაობა:

„ქსენოფობიურად ნამდვილად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ბარე ორი სახელმწიფო ვერ დაიკვეხნის იმას, რაც შეიძლება დაიკვეხოს საქართველომ. ეს აშკარად არის ჩვენი ნიჭიერების, კულტურის და შინაგანი ძალის მაჩვენებელი.“

მრავლისმეტყველია ის ფაქტიც, რომ ოლიმპიური ჩემპიონების რაოდენობით საქართველო მსოფლიო ქვეყნების პირველ ოთხ ათეულში შედის. ამასთან, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა თავი სპორტის თერთმეტ სახეობაში გამოიჩინეს, თუმცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ ქართველი სპორტსმენები ამ მაჩვენებლებს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ კარსმომდგარ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე:

„მე მგონი, ყველაფერი ნორმალურად მიდის ლიცენზიების კუთხით. უკვე 30 ლიცენზია გვაქვს აღებული, 7-8 ლიცენზიის აღებისათვის ბრძოლას ვაგრძელებთ... იმედი მაქვს, რომ შედეგი იმაზე უარესი არ იქნება, რაც წინაზე გვქონდა. როცა რაოდენობის თვალსაზრისით საქმე კარგად არის, დიდი შანსია რომ რაოდენობა ხარისხში გადაიზრდება. ერთი სიტყვით, ველოდებით.“

გია ნაცვლიშვილთან ერთად, ლონდონის ოლიმპიადის დაწყებას ელოდება ელგუჯა ბერიშვილიც - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თავკაცი და მთავარი რედაქტორი წიგნების სერიისა „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“. მისი თქმით, წარმატების შემთხვევაში, სერიის მორიგ წიგნზე მუშაობა, ცხელ გულზე, ლონდონშივე დაიწყება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG