Accessibility links

logo-print

ტერორისტული დანაშაულისთვის საქართველოში ოთხ პირს პატიმრობა მიუსაჯეს


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

7 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა აიუფ ბორჩაშვილს, რომელსაც ბრალად ედება როგორც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება ( სს კოდექსის 328–ე მუხლი), ასევე პირთა გადაბირება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის (სს კოდექსის 327–ე პრიმა მუხლი). უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ 3 პირი. ბრალდების მხარე კმაყოფილია, ხოლო დაცვის მხარე განაჩენის უსამართლობაზე აკეთებს აქცენტს. არის თუ არა დამნაშავეთა დასჯა ტერორისტული დანაშაულის პრევენციის გარანტი?

გამოძიების მასალების თანახმად, აიუფ ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო გაეროს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ისლამურ სახელმწიფოში“ და ხალხსაც სწორედ ამ ორგანიზაციისთვის აგროვებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ ბორჩაშვილმა გადაიბირა მასთან ერთად ბრალდებული პირები და ისინიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გააერთიანა. მასვე ბრალდება სკოლის მოსწავლეების – 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის - გადაბირება და სირიაში გაგზავნა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი აიუფ ბორჩაშვილი სამართალდამცველებმა 2015 წლის ივნისში სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. იმავე დღეს, 14 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ბორჩაშვილის მიერ გადაბირებული გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ფირისებია, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, თურქეთის გავლით, სირიისკენ მიემგზავრებოდნენ. მათ სასამართლომ 7 მარტს, შესაბამისად, 11 და 10 წლით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ორშაბათს გასამართლებულ კიდევ ერთ პირს, ასევე შარშან, ივნისში, თბილისში დაკავებულ გიორგი კუპრავას, ბრალის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების გამო, მას შედარებით მსუბუქი სასჯელი ხვდა წილად: სულ 6 წელი მიესაჯა, საიდანაც საპატიმროში მხოლოდ ერთ წელიწადს გაატარებს.

სასამართლოში საქმის 4–თვიანი განხილვის შემდეგ მიღებულ შედეგს კმაყოფილებით შეხვდა პროკურორი ზვიად ფხაკაძე:

„აღნიშნულის საფუძველს სასამართლოს აძლევდა ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა სასამართლოში და რაც გამოკვლეულ იქნა სასამართლოს სხდომებზე, პროცესის მიმდინარეობის დროს. ეს არ იყო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები და ვერბალური მტკიცებულებები. ეს იყო თვითონ აუდიო და ვიდეო ფაილები“.

არც არავის წინააღმდეგ და, საერთოდ, საქართველოს წინააღმდეგ არავითარი ცუდი ზრახვები არ მამოძრავებდა...

თუმცა, ბრალდების მხარისგან განსხვავებით, უკმაყოფილოა დაცვის მხარე და, როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, 7 მარტის განაჩენი არასათანადოდ არის დასაბუთებული:

„განაჩენი არის სრულიად უკანონო... ზოგადად უტყუარი მტკიცებულება ერთიც არ არსებობს, რომელიც მიუთითებს, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედება... რაც შეეხება აიუფ ბორჩაშვილს, მის მიმართ გარკვეული მტკიცებულებები არსებობდა, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ არც ეს მტკიცებულებები იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, თუმცა, ფირისებიასა და ხუტუნიშვილისგან განსხვავებით, აიუფ ბორჩაშვილის მიმართ მეტი საფუძველი ჰქონდა მოსამართლეს, რომ დაეყენებინა გამამტყუნებელი განაჩენი“.

აუცილებელია პანკისის ხეობასა და მუსლიმებით დასახლებულ სხვა რეგიონებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული პროექტების განხორციელება, რათა მოხდეს იქაური მოსახლეობის ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში...

გიორგი ხუტუნიშვილისა და დავით ფირისებიას მსგავსად, ბრალს არც აიუფ ბორჩაშვილი აღიარებს და, როგორც მან ორშაბათს სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, ჯერ ერთი, სირიაში არავინ გაუგზავნია და, მეორეც, არასოდეს უმოქმედია საქართველოს ინტერესების საზიანოდ:

„არც არავის წინააღმდეგ და, საერთოდ, საქართველოს წინააღმდეგ არავითარი ცუდი ზრახვები არ მამოძრავებდა“.

იმის გამო, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადია ტერორისტული ხასიათის დანაშაული, ცხადია, ყველა, ვისაც ბრალი დაუმტკიცდება, უნდა დაისაჯოს, ამბობს ჩვენთან საუბრისას კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე, თუმცა მისთვის დამნაშავეთა დასჯა არ წარმოადგენს ხსენებული დანაშაულის პრევენციის ერთადერთ საშუალებას. ალეკო კვახაძე პრობლემის სხვა შემადგენელზეც აკეთებს აქცენტს:

„აუცილებელია პანკისის ხეობასა და მუსლიმებით დასახლებულ სხვა რეგიონებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული პროექტების განხორციელება, რათა მოხდეს იქაური მოსახლეობის ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ის ფაქტორები, რის გამოც ეს ადამიანები მიდიან ასეთ კონფლიქტებში საომრად“.

რაც შეეხება 7 მარტის განაჩენს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში. დაცვის მხარე ამ შანსის გამოყენებას აპირებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG