Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვის მკვლელობა ოპოზიციისთვის კონკრეტული გზავნილია


ამერიკელი ექსპერტები ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტზე პირველ კომენტარებს აკეთებენ. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი და ამავე უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კვლევის ინსტიტუტში მშვიდობის პროგრამის დირექტორი დევიდ ფილიპსი მომხდარს აფასებენ და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობენ.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვზე მოსკოვის ცენტრში თავდასხმაზე და მის მკვლელობაზე ამერიკელმა ექსპერტებმა პირველი კომენტარები მომხდარიდან ორ საათში გააკეთეს. კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კვლევის ინსტიტუტის მშვიდობის პროგრამის დირექტორი დევიდ ფილიპსი ამბობს, ბორის ნემცოვის მკვლელობა ოპოზიციის სხვა ლიდერების მისამართით გაკეთებული მუქარის მესიჯია.

დევიდ ფილიპს: არ ვიცი ვინ ჩაიდინა ბორის ნემცოვის მკვლელობა. ვიცი, რომ რეფორმატორული მოძრაობის ლიდერი მოკლეს. ის რუსეთის ხელისუფლების წევრი მაშინ იყო, როდესაც დემოკრატია რუსეთში სწორი მიმართულებით ვითარდებოდა. ნემცოვი ოპოზიციაში მაშინ წავიდა, როდესაც რუსეთში დემოკრტია მოკვდა.

ბორის ნემცოვი ოთხჯერ გასროლით მოსკოვში, მეგობარ ქალთან სეირნობის დროს კრემლთან ახლოს მოკლეს. ნემცოვი შაბათს დანიშნული დემონსტრაციისთვის ემზადებოდა, სადაც რუსეთის რეფორმატორულ პოლიტიკურ ძალებს რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო და პოლიტიკური ჩარევა უნდა გაეპროტესტებინათ. ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერის მკვლელობამ შესაძლოა პუტინის მიმართ უარყოფითად განწყობილი ოპოზიცია კიდევ უფრო რადიკალური გახადოს.

ლინკოლნ მიტჩელი: ცხადია, რომ პუტინს და რუსეთის ლიდერშიპს არ მოსწონთ და არ სურთ ასეთი ტიპის, უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაციების გამართვა. მეორეს მხრივ, მოკლულია ოპოზიციის ლიდერი. და თუ ასეთ მკვლელობას ჩადის ხელისუფლება, ამით ოპოზიციას ის უფრო მეტი მოქმედების საბაბს აძლევს. ხელისუფლება უფრო მეტ წინააღმდეგობრივ მუხტს წარმოშობს, ვიდრე მათ ამით შეაშინებს. ჩვენ არ ვიცით ვინ მოკლა ნემცოვი, ამაზე მხოლოდ თეორიების განხილვა შეგვიძლია, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ბოლო წელს და რუსეთის პრეზიდენტის ცვლილებებს, მომხდარის გაანალიზება არ გაგვიჭირდება.

დევიდ ფილიპსი ფიქრობს, რომ ეს მკვლელობა კონკრეტული გზავნილი იყო რუსეთის ოპოზიციისთვის.

დევიდ ფილიპსი: დემონსტრაციის წინა დღეს მომხდარი მკვლელობა არის ერთგვარი მცდელობა ხელი შეუშალონ პროდემოკრატიული ჯგუფების გაერთიანებას. დემონსტრაციის წინა დღეს მათ უგზავნიან მესიჯს, რომ პუტინთან ცოტა ფრთხილად მოიქცნენ, თორემ ცუდი ამბები შეემთხვევათ. გამოძიებას ფორმალური სახე ექნება. ვერასოდეს ვერ გავიგებთ რა მოხდა და ვინ მოკლა ეს ადამიანი, ან ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე. ამ მკვლელობამ რუსეთის თავისუფლებას მორიგი დარტყმა მიაყენა.

ლინკოლნ მიტჩელი თვლის, რომ აუცილებელი არ არის ნემცოვის მკვლელობით პუტინის დასასრული დაიწყოს. ამის შესახებ განცხადებები უკვე გაკეთდა. თუმცა მიტჩელი მიიჩნევს, რომ უამრავი შიდა თუ საგარეო პოლიტიკური რყევების მიუხედავად პუტინმა ძალაუფლების შენარჩუნება ამ დრომდე ისევ შეძლო. დევიდ ფილიპსი ამბობს, რომ ნემცოვის მკვლელობამ რუსეთში დემოკრატია საბოლოოდ დაასამარა. რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, მისი თქმით შეერთებული შტატების და ევროპული ქვეყნების მხრიდან მხოლოდ თანაგრძნობის და შეშფოთების განცხადებებია მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG