Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის ისტორიული აღწერა ბოსნიაში


ბოსნია-ჰერცეგოვინის ეთნიკური რუკა 1991 წ.
ბოსნია-ჰერცეგოვინის ეთნიკური რუკა 1991 წ.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში 1-15 ოქტომბერს ტარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა - პირველად ამ ქვეყანაში 1993-95 წლების ომის შემდეგ. როგორ აისახა ომის შედეგები ბოსნია-ჰერცეგოვინის ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე და რამდენად არის გამოკვეთილი ბოსნიური ეროვნული იდენტობა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ? ამ და არამარტო ამ შეკითხვებზე მოელიან პასუხს მოსახლეობის საყოველთაო აღწერიდან.

ეროვნებით ვინ ბრძანდებით? რომელ ენაზე ლაპარაკობთ? რომელ რელიგიას მისდევთ? - ეს არის სამი მთავარი შეკითხვა, რომლებზე პასუხის გაცემაც ბოსნია-ჰერცეგოვინის მკიდრთ მოუწევთ მოსახლეობის საყოველთო აღწერასთან დაკავშირებით.

საქმე ეხება პროცესს, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ გამოააშკარავოს ომით და ეთნიკური წმენდით დაღდასმულ ქვეყანაში - ქვეყანაში, რომელშიც ცდილობენ ტრადიციულ მულტიეთნიკურობაზე დაფუძნებული ერთიანი ეროვნული იდენტობის შექმნას და რომელშიც, ამავე დროს, პოლიტიკური ძალაუფლებისათვის იბრძვიან ეთნიკური ნიშნით შექმნილი პარტიები - ბოსნიაკების, ანუ მუსლიმი ბოსნიელების, სერბებისა და ხორვატების წარმომადგენლები.

შეკითხვას, რას უნდა მოველოდეთ ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოსახლეობის აღწერიდან, პოლიტიკის ანალიტიკოსი ადნან ჰუსკიჩი ასე უპასუხებს:

„პირველი, რასაც შეგვიძლია მოველოდეთ, არის ის, რომ ვიხილავთ ომისა და ომის შემდგომი 20-წლიანი პერიოდის შედეგებს, რაც ძირითადად ხასიათდება - და ასეთი იყო ამ კონფლიქტის არსი - სასტიკი ეთნიკური წმენდით. ეს ნიშნავს, რომ ახლა ალბათ ვიხილავთ ეთნიკური ნიშნით უფრო გამოკვეთილ, ჰომოგენურ რეგიონებს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, განაწილებულს სამ ეთნიკურ ჯგუფს შორის“.

ჰუსკიჩი ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოელის მოსახლეობის განათლების დონესა და ცხოვრების პირობებზე, ანუ მონაცემებს, რომელთა მოპოვებაზეც აქამდე არ უზრუნიათ, არადა, ბოსნიისათვის აუცილებელია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერა ბოსნიაში 1991 წლით თარიღდება, თუმცა აღწერა ჩატარდა 1996 წელსაც - გაეროს მიერ, ბოსნიაში ომის დასრულების შემდეგ.

პირველად ხდება, რომ ბოსნიაკებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი თავი გამოაცხადონ ბოსნიაკებად, რომლებიც ბოსნიურ ენაზე ლაპარაკობენ. ეს არის ისტორიული აღწერა: ავსტრია-უნგრეთის პერიოდიდან, როცა მათ აიძულებდნენ თავი „მაჰმადიანებად“ გამოეცხადებინათ, ან იუგოსლავიის სამეფოს პერიოდიდან, როცა „ბოსნიაკის“ იდენტობა აღიარებული არ იყო...
სეიფუდინ ტოკიჩი
სტატისტიკის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც წლევანდელ აღწერას ატარებს, ვარაუდობს, რომ 2011 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინის მოსახლეობა 3,5 მილიონს შეადგენდა, მათ შორის, 45% - მუსლიმები, 36% - სერბები, ხოლო 15% - ხორვატები. ეს მონაცემები ქმნის ზოგად წარმოდგენას თანაფარდობაზე მუსლიმ ბოსნიაკებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკე ხორვატებს შორის.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერით გათვალისწინებული შეკითხვები ყველაზე რთული არჩევანის წინაშე აყენებს ბოსნია-ჰერცეგოვინის მკვიდრ მუსლიმებს, რომლებსაც ამ აღწერით პირველად ეძლევათ საშუალება, საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინონ, როგორც „ბოსნიაკებმა“.

„პირველად ხდება, რომ ბოსნიაკებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი თავი გამოაცხადონ ბოსნიაკებად, რომლებიც ბოსნიურ ენაზე ლაპარაკობენ. ეს არის ისტორიული აღწერა: ავსტრია-უნგრეთის პერიოდიდან, როცა მათ აიძულებდნენ თავი „მაჰმადიანებად“ გამოეცხადებინათ, ან იუგოსლავიის სამეფოს პერიოდიდან, როცა „ბოსნიაკის“ იდენტობა აღიარებული არ იყო, ან კომუნისტური იუგოსლავიის დროიდან, როცა ბოსნიაკებს აიძულებდნენ, თავი გამოეცხადებინათ სერბებად ან ხორვატებად, რომლებიც ისლამის მიმდევრები არიან. ამ თვალსაზრისით, ეს ისტორიული აღწერაა“, განმარტავს სეიფუდინ ტოკიჩი - კოორდინატორი პროექტისა „მნიშვნელოვანია, იყო ბოსნიაკი“.

1974-დან 1993 წლამდე ბოსნიაკებს იუგოსლავიაში მოეთხოვებოდათ თავიანთი ეთნიკურობის „მუსლიმად“ მოხსენიება. მაგრამ როცა ბოსნიაში ომი დაიწყო, მისი ბევრი მკიდრი დაუბრუნდა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროიდან არსებულ ტერმინს - ბოსნიაკს. მაგრამ დღეს ცნება ბოსნიაკი თავად ამ ჯგუფის წარმომადგენლების ნაწილსაც არ მოსწონს, როგორც ზედმეტად პოლიტიზებული. ისინი საკუთარ ეთნიკურ კუთვნილებაზე საუბრისას „მუსლიმს“ ან „ბოსნიელს“ ანიჭებენ უპირატესობას.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ორგანიზატორები ცდილობენ მოქალაქეები დაარწმუნონ, რომ არ მოხდება მათ მიერ გაცემული ინფორმაციის რაიმე სახით მანიპულირება. სტატისტიკის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ნორა სელიმოვიჩმა განუმარტა ჩვენს კორესპონდენტს, რა ევალება პირს, რომელიც აღწერას ატარებს:

„მისი ამოცანაა მხოლოდ შეკითხვების დასმა. მათ ევალებათ ზუსტად იმის დაწერა, რასაც მოქალაქეები ეტყვიან. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეს შეუძლია განცხადება გააკეთოს ან არაფერი თქვას. მათ შეუძლიათ გამოაცხადონ, რომ მარსელები არიან ან ესკიმოსები. რაც უნდა თქვან, აღწერის ჩამტარებელს ევალება ამის ჩაწერა, თავისი კომენტარის გარეშე“.

მარსელებზე, ანუ პლანეტა მარსის წარმოსახვით მოსახლეებზე ან ესკიმოსებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბოსნიის ქალაქ მოსტარის მკვიდრი, 29 წლის ჟურნალისტი იურიჩა გუდელი იმედოვნებს, რომ შეკითხვას „ეროვნებით ვინ ბრძანდებით?“ ბევრი უპასუხებს „ბოსნია-ჰერცეგოვინელი“.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგებს, დაახლოებით, სამ თვეში მოელიან, ხოლო საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს.
XS
SM
MD
LG