Accessibility links

logo-print
აშშ-ის „დიდმა ჟიურიმ“ ოფიციალურად წაუყენა ბრალდება ბოსტონის აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილს. ჯოხარ ცარნაევს ბრალი 30 პუნქტში ედება, მათგან 17 სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებს. წაყენებული ბრალის 30 პუნქტიდან ერთ-ერთი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა, რასაც სიკვდილი მოჰყვა. პროკურორ კარმენ ორტიზის გამოსვლის ერთი ფრაგმენტი ასეთია:

„ბრალდების თანახმად, ჯოხარ ცარნაევს პასუხისმგებლობა ეკისრება კრისტელ მერი კემბელის, ლინგსი ლუს, მარტინ რიჩარდის და ოფიცერ შონ კოლიეს მოკვლაში, ასევე ბევრი ადამიანის დასახიჩრებაში, დამწვრობის მიყენებასა და დაშავებაში. დღევანდელი ბრალდება ასახავს 15 აპრილს მომხდარისა და მის შემგომ ტრაგიკულ მოვლენათა სერიის მძიმე და ძალადობრივ ბუნებას. ქმედებებმა, რომელთაც ბრალდება ეფუძნება, სამუდამოდ შეცვალა ადამიანთა ცხოვრება“.

როცა ბოსტონში, მარათონის ფინიშთან, 15 აპრილს ორი აფეთქება მოხდა, სამი პირი დაიღუპა და 260 დაშავდა. ჯოხარ ცარნაევის ძმა, ტამერლანი, პოლიციასთან სროლაში მოკლეს მოგვიანებით. თვითონ ჯოხარი დაჭრილი დააკავეს რამდენიმე დღის შემდეგ. ბრალდების ტექსტში ასევე წერია, რომ ძმები ცარნაევების მოტივაცია იყო ისლამისტური ექსტრემიზმი, რის თაობაზე მასალებსაც ინტერნეტიდან მოიპოვებდნენ. ძმები აშშ-ში რუსეთის ჩრდილო კავკასიიდან ჩავიდნენ. 19 წლის ჯოხარი აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, ტამერლანს კი არასოდეს მიუღია ამერიკის მოქალაქეობა. მათი ნათესავები დარწმუნებულნი არიან, რომ ჯოხარ ცარნაევი დამნაშავე არ არის. დედის თქმით, ჯოხარისა და მისი ძმისთვის წაყენებული ბრალდებები სიყალბეა. ბრალდების ტქსტში ისიც არის ნათქვამი, რომ ჯოხარ ცარნაევმა თავის კომპიუტერში 2010 წელს ჩამოტვირთა მასალა, რამაც ის შთააგონა. კერძოდ, საქმე ეხება ალ ყაიდის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელშიც ახსნილია სწრაფსახარში ქვაბით ბომბის დამზადების წესი. მნიშვნელოვანია ასევე ექსტრემისტული ლიტერატურა, სადაც ლაპარაკია ყველა მუსლიმის მოვალეობაზე, დაიცვას მაჰმადიანთა ქვეყანა. ბრალდების თანახმად, ჯოხარ ცარნაევმა, როცა მას მიაგნეს, ნავში, სადაც იმალებოდა, შიდა კედელზე დაწერა მესიჯები: „ამერიკის მთავრობა ჩვენს უდანაშაულო მოქალაქეებს ხოცავს“, „არ შემიძლია ვუყურო ასეთ ბოროტებას, როცა ის არ ისჯება“, „ჩვენ, მაჰმადიანები, ერთი სხეული ვართ - როცა ერთს ვნებთ, ყველას ვნებთ“.

დაბოლოს, ცნობისათვის: 2011 წელს რუსეთის უშიშროების სამსახურმა ამერიკელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ტამერლან ცარნაევზე - მისი შესაძლო რადიკალიზების შესახებ. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მაშინ ტამერლანი რუსეთის გაფრთხილების გამო დაიბარა, გაესაუბრა მას და საქმე დახურა.
XS
SM
MD
LG