Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტონის მარათონის აფეთქებაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს


ჯოხარ ცარნაევი
ჯოხარ ცარნაევი
აშშ-ის ქალაქ ბოსტონში მარათონის ფინიშთან მომხდარი აფეთქების ერთადერთი ეჭვმიტანილი, 19 წლის ჯოხარ ცარნაევი, ბოსტონის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავაც არ ძალუძს საუბარი, რადგან დაზიანებული აქვს ყელის არე. მას და მის უფროს ძმას, ტამერლანს, ბრალად ედებათ ორი აფეთქების მოწყობა. ტამერლანი პოლიციასთან შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯოხარ ცარნაევს საავადმყოფოს ოთახში ოფიციალურად წაუყენეს ბრალი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით მკვლელობის თაობაზე. ბოსტონის მარათონის ფინიშისას მოწყობილ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 170-ზე მეტი. ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მათ აქვთ წინასწარი სამხილი, რის საფუძველზეც გამოძიება ფიქრობს, რომ ძმების ტამერლან და ჯოხარ ცარნაევების მოტივაცია უნდა იყოს რელიგიურ-ექსტრემისტული ხასიათის, თუმცა რომელიმე ისლამისტურ ტერორისტულ ჯგუფთან შეკავშირებულნი, ჩანს, არ უნდა ყოფილიყვნენ. იმის გამო, რომ ჯოხარ ცარნაევი იქ არ არის დაბადებული, მაგრამ აშშ-ში გავლილი აქვს ნატურალიზაცია, მისი გასამართლება მოხდება არა ტრიბუნალის მიერ, როგორც „მტრის მებრძოლისა“, არამედ მის საქმეს ფედერალური სასამართლო განიხილავს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ ვაშინგტონში ასეთი განმარტება მისცა ცარნაევის გასამართლების ფორმას:

„ამ ტერორისტს ჩვენ გავასამართლებთ ჩვენი მართლმსაჯულების სამოქალაქო სისტემის საშუალებით. აშშ-ის კანონმდებლობით, შეერთებული შტატების მოქალაქე არ შეიძლება დაიკითხოს და, მით უფრო, გასამართლდეს სამხედრო ტრიბუნალის მიერ “.

ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი ფიქრობს, რომ ჯოხარ ცარნაევი უნდა გასამართლდეს, როგორც „მტრის მებრძოლი“, ანუ უცხოელი. მიმომხილველების აზრით, ასეთი ფორმით საქმის განხილვა ეჭვმიტანილის დაკითხვისას მეტ თავისუფლებას მოიტანდა.

ჯოხარ ცარნაევს შესაძლოა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:49 0:00
გადმოწერა

ცარნაევის მდგომარეობა დღემდე არ აძლევდა იურისტებს საშუალებას, მისთვის ბრალდება ოფიციალურად წაეყენებინათ. ახლა, როგორც მოსამართლე მარიანე ბოულერმა ოქმში ჩაწერა, ცარნაევი ბრალდების წაკითხვისას იყო ფხიზელი, შერაცხადი და ცხად გონებაზე. ამავე წყარომ, როცა ჰკითხეს, როგორ რეაგირებდა ცარნაევი შეკითხვებზეო, თქვა, ეჭვმიტანილი თავის დაკვრით იძლეოდა პასუხსო.

ორშაბათს ბოსტონის მცხოვრებლებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს 29 წლის კრისტლ კემპბელი, ერთ-ერთი იმ სამთაგან, რომლებიც გასულ კვირაში მომხდარ აფეთქებებს შეეწირნენ.

ორშაბათს, შუადღის 2 საათსა და 25 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც ერთი კვირის წინ აფეთქება მოხდა, დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პასუხი მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრეზიდენტი ობამა ცერემონიის დროს თეთრ სახლში იმყოფებოდა.

ცარნაევების ოჯახი სხვადასხვა დროს ყირგიზეთსა და ხშირად დაღესტანში ცხოვრობდა, რადგან მათი დედა, ზუბეიდატი, ეროვნებით ავარიელია, ხუნძი. დედა ახლაც იქ იმყოფება. მან აშშ-ის მაუწყებლობა „ეი-ბი-სის“ უთხრა, სანამ პოლიციასთან შეტაკება მოუვიდოდათ, უფროს ვაჟს ველაპარაკეო.ტამერლანს დედისთვის უთქვამს, ჯოხარიც ჩემთან ერთად არის, ძალიან მიყვარხარო და კავშირი გაწყვეტილა.

აშშ-ში ტერაქტში ეჭვმიტანილი ვაჟების დედა, ისევე როგორც მისი ქმარი, ანზორ ცარნაევი, შვილებს საქმის ფაბრიკაციის უდანაშაულო მსხვერპლად მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG