Accessibility links

logo-print

ბოსტონის ტერაქტი სწრაფმხარშავი ქვაბის გამოყენებით მოხდა?


აფეთქებები ბოსტონის მარათონის დროს

აფეთქებები ბოსტონის მარათონის დროს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ ჯერჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა ბოსტონის მარათონის დროს მომხდარ აფეთქებებზე. გამომძიებლები ასევე აცხადებენ, რომ აფეთქებები, შესაძლოა, მოხდა სწრაფმხარშავი ქვაბის გამოყენებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე შავი ჩანთით ანდა ზურგჩანთით მიიტანეს.

15 აპრილს, ბოსტონის ყოველწლიური მარათონის ფინიშის ხაზთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და 170 დაიჭრა. გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ დაღუპულთაგან ორი - რვა წლის ბიჭი და 29 წლის ქალი - ამერიკელია, ერთი კი ჩინეთის მოქალაქეა, ბოსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქალი.
ვიღაცამ იცის, თუ ვინ ჩაიდინა ეს. საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობას გადამწყვეტი როლი ექნება ამ გამოძიებაში. ჩვენ ამიტომ ვთხოვთ ბიზნესმენებს შეამოწმონ და შეინახონ ფარული ვიდეოთვალთვალის ჩანაწერები თუ სხვა საქმიანი ჩანაწერები მათი ორიგინალური ფორმით...

გამოძიების ფედერალური ბიუროს საგანგებო წარმომადგენლის რიკ დესლაურიერსის თქმით, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ორივე ბომბის დეტალები, მათ შორის, შავი ნეილონის ნაჭრები, რაც შეიძლება იყოს იმ ჩანთის ფრაგმენტი, რომლითაც შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიტანეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს მეტალის ბურთულები და ლურსმნები, ხოლო თავად ბომბები დამზადებული უნდა იყოს ე.წ. სწრაფმხარშავი ქვაბის გამოყენებით, - აცხადებს რიკ დესლაურიერსი.

„იმ ფრაგმენტებს შორის, რომელთა აღდგენაც ნაწილობრივ მოხერხდა, შავი ნეილონის ნაჭრები, სავარაუდოდ, ზურგჩანთიდანაა; ნაპოვნია ასევე ბურთულსაკისრის ფრაგმენტები და ლურსმნები, რაც შესაძლოა სწრაფმხარშავში ეწყო. ამას გარდა, ამ დილით დადგინდა, რომ ორივე ასაფეთქებელი მოწყობილობა შავი ფერის ნეილონის ჩანთით ანდა ზურგჩანთით მიიტანეს. ჩანთა მძიმე უნდა ყოფილიყო, იმ კომპონენტების გათვალისწინებით, რაც მასში იყო მოთავსებული“.

სამაუწყებლო კომპანიებმა სამშაბათს აჩვენეს კრიმინალისტების მიერ გადაღებული ფოტომასალა, რაზეც მეტალის ნამსხვრევები და შავი ჩანთის ფრაგმენტებია ასახული. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ალ ყაიდამ ინტერნეტით გაავრცელა წერილი, რომელშიც სწრაფმხარშავის გამოყენებით ბომბის წარმოების ტექნიკაა აღწერილი და მას სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები ფართოდ გამოიყენებენ პაკისტანში, ავღანეთში, ინდოეთსა და ნეპალში. დეტალური ინსტრუქცია ასეთი ტექნოლოგიით ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების შესახებ ინტერნეტითაც ხელმისაწვდომია, რის გამოც ასეთი ბომბის დამზადება ძალიან მარტივად და იაფად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, ადგილობრივ ტერორისტებსაც.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე მისცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია ბოსტონის მარათონის დროს მომხდარ აფეთქებებს.

„მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაგეგმა და განახორციელა ისინი, საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, თუ ცალკეულმა ბოროტმზრახველმა, აფეთქებებს ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

იძიებენ, როგორც ტერორისტულ აქტსო“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

„ეს იყო მზაკვრული და შემზარავი აქტი და იმის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჰქონდა ადგილი, გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს მას, როგორც ტერორიზმის აქტს. ყოველთვის, როდესაც ბომბები უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენება, საქმე გვაქვს ტერორისტულ აქტთან“.

ამასთან, გამოძიების ფედერალური ბიუროს საგანგებო წარმომადგენელმა რიკ დესლაურიერსმა მოუწოდა საზოგადოების წევრებს წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ბოსტონის აფეთქებების საქმეზე მიმდინარე ფართომასშტაბიან გამოძიებას ეჭვმიტანილებისა და მათი მოტივაციის დადგენაში დაეხმარება:

„ვიღაცამ იცის, თუ ვინ ჩაიდინა ეს. საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობას გადამწყვეტი როლი ექნება ამ გამოძიებაში. ჩვენ ამიტომ ვთხოვთ ბიზნესმენებს შეამოწმონ და შეინახონ ფარული ვიდეოთვალთვალის ჩანაწერები თუ სხვა საქმიანი ჩანაწერები მათი ორიგინალური ფორმით. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას იყოს ფხიზლად და გვაცნობოს ნებისმიერ პირზე, ვინც გამოხატავდა სურვილს მიზანში ამოეღო მარათონი, ვისაც ჰქონდა საეჭვო ინტერესი დაედგინა, თუ როგორ უნდა დამზადდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა“.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბარაკ ობამა ხუთშაბათს აპირებს ჩავიდეს ბოსტონში, სადაც აფეთქებების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფესიათაშორის წირვას დაესწრება. აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მინისტრმა ჯანეტ ნაპოლიტანომ განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ბოსტონში მომხდარი აფეთქება ამერიკის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი შეთქმულების ნაწილი ყოფილიყოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG