Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასაჩუსეტსში წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ტერაქტში დახოცილებს


ერთი კვირის წინ აშშ-ის ქალაქ ბოსტონში მომხდარი აფეთქებების მსხვერპლს ორშაბათს წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს. მარათონის ფინიშთან მოწყობილ ტერაქტს სამი ადამიანი შეეწირა, 180-მდე დაშავდა, ბევრი - მძიმედ. ეჭვმიტანილები ამოცნობილი არიან როგორც ძმები ტამერლან და ჯოხარ ცარნაევები. ტამერლანი, უფროსი ძმა, საავადმყოფოში უამრავი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ამ შეტაკებისას, როგორც პოლიცია აცხადებს, ორასი გასროლა მოხდა. უმცროსმა ძმამ, 19 წლის ჯოხარმა, მოახერხა გასხლტომოდა პოლიციელებს. მოგვიანებით მას მიაკვლიეს და ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, რომელშიც ცხრა ათასი პოლიციელი მონაწილეობდა, ასევე მძიმედ დაჭრილი, დააკავეს. ახლა ჯოხარის მდგომარეობა მძიმეა - მას ჭრილობა აქვს ყელის არეში და მისი დაკითხვა ვერ ხერხდება, თუმცა ბრალდება მომზადებულია. პოლიციის ვარაუდი ეფუძნება მარათონის ფინიშის არეალში ვიდეოკამერების მიერ გადაღებულ კადრებს, რისი განხილვაც ჯერ დასრულებული არ უნდა იყოს. ბოსტონის პოლიციის კომისარმა ედ დევისმა მედიას კვირას ამცნო, ერთადერთი ეჭვმიტანილი ჯერ დაკითხული არ არისო:

„ეჭვმიტანილი კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია. გამოძიების ფედერალური ბიუროს საგანგებო საგამოძიებო ჯგუფი მზად არის დაკითხოს ის. ამ წუთამდე ეს ვერ ხერხდება“.

დევისმა ძმების თაობაზე ისიც თქვა, არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა აფეთქებებიც ჰქონოდათ დაგეგმილიო. ამას პოლიციის კომისარს მხოლოდ ის ათქმევინებს, რომ მისი კოლეგების მიერ მიკვლეულია დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი მასალა. იუწყებიან, რომ ამ მასალას მიაგნეს იმ ადგილას, სადაც პოლიციას ძმებთან შეტაკება ჰქონდა. ტამერლან და ჯოხარ ცარნაევების მამა, ანზორი, აშშ-ში არ იმყოფება. მას არ სჯერა, რომ მისმა ვაჟებმა დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენს რადიოსთან სატელეფონო საუბრისას მან ვარაუდი გამოთქვა, ეს საქმე ფაბრიკაცია უნდა იყოსო:

„მე მინდა, რომ ჭეშმარიტი მართლმსაჯულება აღსრულდეს. უამრავი შეკითხვა მაქვს აშშ-ის პოლიციისა და საიდუმლო სამსახურების მიმართ. მინდა, რომ ჩემს შეკითხვებზე, რომლებიც შეეხება დანაშაულს და ტერორიზმს, პასუხი მომცენ. მე მინდა, ვიცოდე. მინდა შეკითხვები დავუსვა ამერიკის სახელგანთქმულ საიდუმლო სამსახურს, რომელიც ასე ცდილობს სახელი შეინარჩუნოს მსოფლიოში და რეკლამას იკეთებს. მინდა ვიცოდე, როგორ იმუშავეს, სად და რატომ. მჭირდება პასუხები, რათა ცხადი სურათი შევიქმნა. ადვოკატი მინდა ავიყვანო. სამართალი მინდა, გესმით ჩემი?“

ტერაქტში ეჭვმიტანილებად გამოცხადებული ვაჟების მამა გაოცებულია: ბოსტონში არ არის იოლი მოიპოვო ასეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაო. მისი თქმით, ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება ტერაქტთან მისი ვაჟების კავშირის თაობაზე, არ არის დამაჯერებელი. მათ, უბრალოდ, ხელი დაადეს ჩეჩენ ბიჭებსო, ამბობს ის, აშკარად დადგმული საქმეაო. საბოლოოდ არ არის გარკვეული ძმები ცარნაევების აშშ-ში ყოფნის ვადები და სტატუსი. ცხადია ის, რომ ორივე იქ კანონიერად იმყოფებოდა. უფროსი ძმა, ტამერლანი, 2012 წელს რუსეთში დაბრუნდა და ექვსი თვე დაყო იქ. ამერიკაში ყოფნისას, რუსეთის ხელისუფლების შეკითხვის საფუძველზე, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით, მას გამოძიების ფედერალური ბიურო უთვალთვალებდა. შინ ყოფნისას, როგორც მამა ჰყვება, ტამერლანი ისვენებდა, ბევრი ეძინაო, ამბობს ის. მისივე ნაამბობით, ტამერლანი დადიოდა პარასკევობით მეჩეთში, მაგრამ ანზორ ცარნაევი უარყოფს, რომ მის შვილს რადიკალური იდეები ჰქონოდა. თვითონ კემბრიჯში, სადაც ძმები ცხოვრობდნენ, ის, ვინც მათ იცნობდა, შოკშია. ჯორჯ მაკმასტერსი, ჰარვარდის უნივერსიტეტში წყლის სპორტის სახეობების კოორდინატორი, ვისთანაც ჯოხარი მაშველად მუშაობდა, ამბობს:

„ვიცოდი, რომ რუსეთიდან იყო. ერთხელ, მისი გვარის გამო, ვკითხე, საიდან ხარ-მეთქი, რადგან თავისი ქცევით, ჩვეულებრივი ამერიკელი ბიჭი იყო. იცოდა, რომ ერაყში ვიყავი რეზერვისტად ნამყოფი და ავღანეთში ვაპირებდი წასვლას, და ომზე რაღაცებს მეკითხებდა. მეც ველაპარაკებოდი ვალდებულებებზე და იმაზე, თუ რა მძიმე მხარეები აქვს ომს. მას არასოდეს დაუსვამს განსაკუთრებული შეკითხვები და არ უცდია ინფორმაციის მოპოვება ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და მსგავს რაღაცებზე“.

ჯოხარ ცარნაევის ერთმა ყოფილმა თანაკურსელმა, სამუელ გებრუმ, ჩვენს რადიოს უთხრა, კარგი იქნება, თუ არ აჩქარდებიან და ჯოხარის განსჯას მანამდე არ დაიწყებენ, სანამ გამოძიება არ დასრულებულაო. აქვე გეტყვით, რომ „კავკასიის საამიროდ“ წოდებული ორგანიზაციის საინტერნეტო საიტმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ ბოსტონის აფეთქებასთან მას არაფერი აქვს საერთო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG