Accessibility links

logo-print

ბოტანიკური ბაღი და სხვა გამქრალი საჯარო სივრცეები


თბილისის ბოტანიკური ბაღი

თბილისის ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის გაყიდვის გამო ხელისუფლების კრიტიკას არ წყვეტენ ოპოზიციური პარტიებისა და გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატების ერთი ნაწილი რიგგარეშე სხდომების ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. დეპუტატები პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრის, საკრებულოში კი თბილისის მერის გამოცხადებას და კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვენ, კვირის ბოლოს კი სამოქალაქო საზოგადოება დიდ საპროტესტო აქციას გეგმავს.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 29 ჰექტარი გაყიდულია და მისი ამჟამინდელი მფლობელი „თანაინვესტირების ფონდი“ აპირებს იქ სარეკრეაციო ზონა მოაწყოს, გოლფის მოედნებით. თუმცა რაც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის ირაკლი ქარსელაძისათვის „ბრწყინვალე რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცის მოწყობას“ ნიშნავს, საჯარო სივრცის ხელყოფად და გაქრობად ითარგმნება სამოქალაქო საზოგადოებისა და გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მათ პროტესტს ოპოზიციური პარტიებიც მხარს უბამენ და პასუხს გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს სთხოვენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა, 4 მაისს გარემოს დაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის ჩატარება და აგულაშვილის პარლამენტში მისვლაც მოითხოვა:

„სწორედ იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და საპროტესტო მუხტის გამო, რომელიც არსებობს, მოვითხოვთ, რეგლამენტის თანახმად, დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ვიწვევთ „თანაინვესტირების ფონდის“ წარმომადგენლებს, მერიის იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები, გარემოს დაცვის მინისტრს, ერთხელ მაინც რომ დაინტერესდეს, თუ რა ხდება გარემოს დაცვის თვალსაზრისით“.

ოპოზიციას აგულაშვილმა უარით უპასუხა და თქვა, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზისა და იქ გაჩეხილი ხეების საკითხი მისი სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის და ვერც ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს:

გიგლა აგულაშვილი

გიგლა აგულაშვილი

„ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს საკითხი არ არის ჩემი კომპეტენციის. ასევე, მხარს ვერ დავუჭერ ამ სანახაობად ქცეულ პროცესში სამინისტროს მონაწილეობას“.

სხდომის ჩატარების დაჩქარება საჭიროდ არ მიაჩნია პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გია ჟორჟოლიანს, რომელმაც ოპოზიციის მოთხოვნის პასუხად განაცხადა, რომ პარასკევს ისედაც დაგეგმილია კომიტეტის სხდომა და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ბოტანიკური ბაღიც იქნება:

„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზოგადოებისათვის არის აქტუალური. არასამთავრობოების წარმომადგენლებს, კეთილსინდისიერ, ობიექტურ ექსპერტებს მოვუწოდებ, განვიხილოთ ეს საკითხები და არ ავყვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას“.

უმრავლესობის დეპუტატებს მტკიცედ სჯერათ იმ სიკეთისა, რასაც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის ამ ნაწილის განახლების პროექტი მოიტანს. „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი, მაგალითად, დარწმუნებულია, რომ მომავალი თაობა შედეგით დატკბება:

„ბევრი რატომღაც შეჩვეულია, რომ სიკეთეს უნდა ებრძოლოს. ხოლო ვისაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი სიკეთის გაკეთება შეუძლია, შეეჯიბროს. მას ძალიან ბევრი ინვესტიცია აქვს ჩადებული ბოტანიკური ბაღის განვითარებაში და ასეც გაგრძელდება“.

პირადი მტრობა აქვთ ივანიშვილთან, თორემ სხვა არაფერი აინტერესებთ „ნაციონალებს“. ყველას გვახსოვს, რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები გაუყიდიათ. ამ შემთხვევაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ...

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხზე რიგგარეშე სხდომის მოწვევას საკრებულოს ოპოზიციაც მოითხოვს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაგროვილ კითხვებს 29 ჰექტარი მიწის გაყიდვის თაობაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ უნდა უპასუხოს. სადავო საკითხებს შორის არის ასევე უკვე გაყიდულ 29 ჰექტარზე მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონ სამას თოთხმეტი ათასი ლარი, რაც ამავე ტერიტორიიდან გაზის მილების გადატანისათვის არის საჭირო:

„გარდა იმისა, რომ ამ 29 ჰექტარს მოეხსნა ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ნაკვეთი ივანიშვილს შეეძინა, გზის გადატანის სამუშაოების გამო ახლა ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უნდა დაიხარჯოს. მაგალითად, გაზის მილის გადატანა ამ ტერიტორიიდან, თუ ივანიშვილი ამ ტერიტორიას არ შეისყიდიდა, მერიას უჯდებოდა 618 000 ლარი, ახლა კი გაზის მილის გადატანა დაჯდება 1 320 000 ლარი, რაც ნიშნავს, რომ თბილისელებმა ორჯერ მეტი უნდა გადაიხადონ მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ნაკვეთზე ვიღაცის რეზიდენცია აშენდეს. ეს არის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, მეტი არაფერი“, - აცხადებს დედაქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე.

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მალაღურაძე ოპოზიციის გააქტიურებას და ბოტანიკური ბაღის საკითხის გარშემო ატეხილ ხმაურს „ნაციონალური მოძრაობის“ პირად ინტერესსა და ბიძინა ივანიშვილისადმი მტრობას უკავშირებს და ბაღის გასხვისების პროცესში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს:

„პირადი მტრობა აქვთ ივანიშვილთან, თორემ სხვა არაფერი აინტერესებთ „ნაციონალებს“. ყველას გვახსოვს, რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები გაუყიდიათ. ამ შემთხვევაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ“.

მიხეილ მირზიაშვილი

მიხეილ მირზიაშვილი

სანამ საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ერთმანეთს წარსულს უხსენებენ და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე მიწისსაკითხსაც პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ, არასამთავრობო სექტორი იმას აკვირდება, საზოგადოებრივი ინტერესის გაუთვალისწინებლად როგორ ნელ-ნელა ქრება დედაქალაქში საჯარო სივრცეები. სამოქალაქო აქტივისტის მიხეილ მირზიაშვილისთვის ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისების ფაქტიც სწორედ ამ დიდი პრობლემის შემადგენელია. მისი აზრით, მერია და საკრებულო იქცნენ იმ საჯარო დაწესებულებებად, ვისაც მხოლოდ საინვესტიციო პაკეტის მომზადება და მერე ამა თუ იმ საჯარო სივრცის სარფიანად გაყიდვა ევალება:

„არადა, ეს ხომ არ არის მთავარი ფუნქცია არც არჩეული საკრებულოსი, არც არჩეული მერის და არც საზოგადოებრივ ბიუჯეტსა და ხელფასზე მომუშავე მოხელეების. მათი მთავარი დანიშნულებაა მოუარონ ამ ქალაქს და, მათ შორის, ამ საჯარო ადგილებს. ეს ამბავი, იცით, რას მაგონებს? სახლში ვიღაც რომ მოიწვიოთ დამლაგებლად, მან გაგიყიდოთ თქვენ საოჯახო ნივთები და თან შემოსული თანხა მოგთხოვოთ კარგი სამუშაოსთვის“.

და, რაც მთავარია, ამბობს მიხეილ მირზიაშვილი, ეს არ არის ხრიოკი ტერიტორია, როგორც ამას ხელისუფლება გვაწვდის. ეს არის ადგილი, ამბობს ის, სადაც თავის დროზე ფიჭვები დარგეს და გაახარეს, სადაც გზის გაყვანის გამო თავის დროზე ერთხელ უკვე გაიჩეხა ხეები და ახლა ამ ადგილს იგივე საშიშროება ელის:

„ეს ტერიტორია არის, ფართო გაგებით, ტყე-პარკის ნაწილი, რომელიც ესაზღვრება კრწანისის ტყე-პარკს. ამიტომ ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ იქაურობა რეკრეაციის თვალსაზრისით უფრო მეტ სიკეთეს მოგვიტანს, თუ სახლები აშენდება, უბრალოდ, თითიდან გამოწოვილი არგუმენტია. ხოლო რაც შეეხება გზის გადატანას, სწორედ მაგ ადგილას გადის მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი და მანდვე იგეგმებოდა გზის გაკეთება. რატომ იყო ის მილი იქ გაყვანილი?იმიტომ, რომ ის იყო ოპტიმალური გზა. დღეს ის არგუმენტი, რომ მისი სხვაგან გადატანით კიდევ უფრო ოპტიმალურ ადგილს მივაგნებთ, ეს არის აბსურდი“.

დაგვჭირდება როგორც თქვენი, მედიის, მხარდაჭერა, ასევე ამ საკითხის გადატანა პოლიტიკურ კონტექსტში და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერაც...

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების თაობაზე დუმილს არ აპირებს სამოქალაქო სექტორი. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი გაერთიანება „ერთად“, რომელშიც 25 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული, ბოტანიკური ბაღის დასაცავად შაბათს, 7 მაისს, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს და, როგორც „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილიც ამბობს,არასამთავრობო ორგანიზაციები პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ:

„დაგვჭირდება როგორც თქვენი, მედიის, მხარდაჭერა, ასევე ამ საკითხის გადატანა პოლიტიკურ კონტექსტში და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერაც“.

საზოგადოების შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს თავად მყიდველი, ბიძინა ივანიშვილის მიერ 2013 წელს დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“. მეტიც, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, „თუ ვინმე წარმოადგენს უფრო რეალურ პროექტს, ფონდი მზადაა შეძენილი 29 ჰექტარი უსასყიდლოდ გადავცეთ ამ კომპანიასო“. შეგახსენებთ, რომ ”თანაინვესტირების ფონდმა” კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად იყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.

4 მაისს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტში ცვლილების შეტანის შემდეგ კიდევ 400-მდე ხე მოიჭრება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ნებართვა გაცემულია მხოლოდ 50 ხის მოჭრაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG