Accessibility links

logo-print

"ოსკარის" ნომინაციისათვის 134 დოკუმენტური ფილმი იბრძვის. მათ შორისაა ფილმი სახელწოდებით "ბოცო - მასწავლებელი თბილისიდან". მისი პრემიერა დაახლოებით ერთი თვის წინ, ნიუ- იორკში შედგა. შემდეგ იყო ლოს-ანჯელესი და სან პაულუ. რეჟისორ ტომ უოლტერსის ნამუშევარმა უკვე მოიპოვა 10 საერთაშორისო ჯილდო და აღიარება . "არის ისტორიები, რომლებიც არ უნდა დაიკარგოს," ამბობს რეჟისორი და 91 წლის მუსიკოსისა და მოქანდაკის ბოცო კორიშელის ცხოვრების ისტორიაზე მოგვითხრობს.


"ბოცო - მასწავლებელი თბილისიდან" დოკუმენტური ფილმია, რომელმაც ამერიკელებს საქართველო კიდევ ერთხელ გაახსენა. საქართველოდან დაიწყო ბოცოს ცხოვრების მოგზაურობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დრო პოლონეთში სანგრების თხრით გაგრძელდა. ის გერმანელების ტყვეც იყო, თუმცა გერმანული ენის ცოდნა გამოადგა, თარჯიმნობა დაიწყო და ასე გადარჩა. შემდეგ იყო ზალცბურგი, სადაც ყოფილი ტყვე რუსებს ემალებოდა; მერე მიუნხენი და ქართველი ემიგრანტების, ალჩიბაიების ოჯახი.


"ბავშვობიდან მუსიკას ვსწავლობდი, გავიგე, კონსერვატორია იხსნებოდა და ჩაბარება გადავწყვიტე. დავუკარი და მიმიღეს", ასე იხსენებს ბოცო მიუნხენის კონსერვატორიაში ჩაბარების ამბავს. მოგვიანებით, სწავლის გასაგრძელებლად ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოემგზავრა.

ბოცო კორიშელი კალიფორნიის შტატის ქალაქ მორო-ბეიში ცხოვრობს და ახალგაზრდებს დირიჟორობას, სხვადასხვა ინსტურმენტებზე დაკვრასა და ქანდაკების ხელოვნებას ასწავლის. კენტ ნაგანო, რომელიც ხუთი გრემის მფლობელია, ბოცოს მოსწავლე იყო. ბატონი ბოცოს მამა,მსახიობი პლატონ კორიშელი სტალინის რეჟიმის დროს დააპატიმრეს. მას მამის სიტყვები 91 წლის ასაკშიც ახსოვს და ძალას მატებს.

ნაწყვეტი ფილმიდან. ბოცო კორიშელი ყვება, თუ უცნობმა მამაკაცმა როგორ მოუთათუნა მხარზე ხელი და სახელი ჰკითხა. „ბოცო,“ უპასუხა მან. ეს უცნობი სტალინი იყო. წელიწადნახევრის შემდეგ მან ბოცოს მამა სიკვდილით დასაჯა.

ნიუ-იორკში, "ქუიდ სინემაში" გამართულ პრემიერას 150-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ბევრს პირველად მიეცა საშუალება, უფრო ახლოს გაეცნოთ ქვეყანა - საქართველო. რეჟისორმა ტომ უოლტერსმა და სცენარის ავტორმა ჰილარი გრანტმაც მაშინ შეიტყვეს საქართველოს შესახებ, როდესაც ბოცოს შეხვდნენ.

ტომ უოლტერსი: „ჩემი გოგონა ბოცოსთან დადიოდა. ძალიან დავინტერესდით მისით და გადავწყვიტეთ, დოკუმენტური ფილმი შეგევქმნა. ჩავედით საქართველოში - ქვეყანაში, საიდანაც ბოცო ჩამოვიდა. მისი ისტორია ძალიან საინტერესოა და სირთულეებით აღსავსე. ის ძალიან პოზიტიური ადამიანია.ბოცო ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრების მასწავლებელი გახდა.“

ჰილარი გრანტი: „საქართველოზე თითქმის არაფერი ვიცოდი. ვიცოდი, რომ ბოცო მუსიკას ასწავლიდა. ვიცოდი ასევე, რომ სიმფონიური ორკესტრი დაარსა. როდესაც პირველად ვნახე, მგონი 83 წლის იყო და ვფიქრობდი, რომ რუსეთიდან იყო.ჩემი ბებია და ბაბუა რუსეთიდან არიან.“

ბოცო კორიშელის ცხოვრების ისტორია ეკრანზე საათი და ოცი წუთი გრძელდება. ნიუ იორკში ის ჯერ გაეროში უჩვენეს, შემდეგ ქუიდ სინემაში", სადაც ჩვენება მთელი კვირა გაგრძელდება. შემოქმედებითი ჯგუფი "ნიუ-იორკ თაიმსში" დაბეჭდილი რეცენზიით და საერთოდ, ამერიკული შეფასებებით კმაყოფილია.

XS
SM
MD
LG