Accessibility links

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია - დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს, გოდერძი თევზაძეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციელი კი ამ დრომდე მიმალვაშია. საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეა აღძრული (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით), რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარის მკვიდრის, 22 წლის დემურ სტურუას, ოჯახის წევრები ისევ კატეგორიულად მოითხოვენ სამართალდამცველებისგან დაუყოვნებლივ იპოვონ და დააკავონ სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუასთვითმკვლელობამდე მიყვანაში ედება ბრალი.

დემურ სტურუას ოჯახის ადვოკატი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ბრალდებული პოლიციელი თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, სტურუას ოჯახის ინტერესი კი უცვლელია -დააკავონ დამნაშავე:

„მხოლოდ ის ფაქტი, რომ გამოძიებას აქვს ექსპერტიზის პასუხები, რომლის მიხედვით, თვითმკვლელობამდე აწამებდნენ, არაფერს ნიშნავს. ოჯახი კატეგორიულად მოითხოვს დაისაჯოს დამნაშავე და მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში“.

ექსპერტიზის პასუხი ცნობილი გახდა ორი დღის წინ: დადასტურდა თვითმკვლელობის წინ დემურ სტურუას მიერ დაწერილი წერილის ნამდვილობაც და მისი წამების ფაქტიც. ამასვე ამბობს სტურუას ბიცოლა, დარიკო ჯაშიც:

„ექსპერტიზის პასუხში წერია, რომ დემურიკოს მარჯვენა ფეხის წვივზე აქვს დაზიანება, არის ნაცემი და წამების კვალი აღენიშნება ენის მარცხენა მხარეზეც“.

პროკურატურის წარმომადგენელმა, კოკა კაციტაძემ, მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა დემურ სტურუაზე სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ძალადობის ფაქტი და განაცხადა, რომ მისი დაკავების განჩინება 27 აგვისტოს გამოიცა:

„გოდერძი თევზაძემ თავისთან სამსახურში დაიბარა მოქალაქე დემურ სტურუა, რომელზეც ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, ემუქრებოდა, სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც, აღნიშნული ზეწოლის შედეგად, დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა. პროკურატურა მივიდა თევზაძის საცხოვრებელ ადგილზე, სადაც ის არ დაგვხვდა და ამის შემდეგ დავიწყეთ მისი ძებნა, თუმცა ის ამ დრომდე მიმალვაშია“.

30 აგვისტოს ამ ამბავს ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც გამოეხმაურა. ის არ ეთანხმება აზრს, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი დაუყოვნებლივ უნდა დაეკავებინათ:

„ყველაფერს თავისი წესი აქვს, გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები და მათ იხელმძღვანელეს სწორედ ამ წესებით“.

დემურ სტურუას საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც. ომბუდსმენი საგანგებო განცხადებით მოუწოდებს პროკურატურას დამაჯერებელი პასუხი გაეცეს საქმესთან დაკავშირებულ ყველა არსებით კითხვას, მათ შორის იმას, თუ როგორ მოხდა, რომ პოლიციელი, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდნენ, მიიმალა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავიდან აეცილებინათ თევზაძის მიმალვა, ამიტომ გამოძიება ამ მხრივაც უნდა წარიმართოს, ხომ არ ეხმარებოდა მას ვინმე მიმალვაში“, - აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი თქმით, არსებობს კითხვები, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს სტურუას საქმეში სავარაუდო კანონდამრღვევს.

ომბუდსმენის განცხადებაში ასევე გამოთქმულია საფუძვლიანი ვარაუდი, რომ „ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის საქმიანობა არის რეპრესიული, დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა დარღვევასა და პირადი ცხოვრების ხელყოფაზე...შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დროული და ყოველმხრივი გამოძიება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დ.ს.-ს გარდაცვალების მიზეზის და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლის შესაძლო კავშირის დასადგენად, არამედ ანალოგიურ შემთხვევებში სისტემურ დანაშაულთან ბრძოლისთვის“.

კრიტიკული რჩება არასამთავრობო სექტორიც. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ სტურუას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოება, მედია და არასამთავრობო სექტორი ძალიან მკაცრი უნდა იყოს. მისი თქმით, დღემდე ჩატარებული ღონისძიებები ამ საქმის გარშემო და ხელისუფლების რეაგირებაც არ არის საკმარისი და ადეკვატური:

„ეს საქმე არ უნდა დავინახოთ და განვიხილოთ როგორც დამოუკიდებელი შემთხვევა, ერთი თვითმკვლელობის ფაქტი, რადგან ეს საქმე სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულსისტემურ პრობლემებს წარმოაჩენს, აჩვენებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ძალიან ცუდ შედეგებს, ამიტომ არის აუცილებელი, რომ ამ ფაქტზე სისტემური გამოძიება ჩატარდეს“.

დემურ სტურუამ თავი 7 აგვისტოს ჩამოიხრჩო. დატოვა წერილი, რომელშიც წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მიიღო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG