Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა ნომრისთვის


რესპუბლიკური პარტია სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ძალაში დარჩა ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება ორი საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო ნომრის წილისყრის გარეშე მინიჭებასთან დაკავშირებით. ცესკოს 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „ახალი მემარჯვენეები“ და „პატრიოტთა ალიანსი“ 8 ოქტომბრისათვის დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურსა და რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ იმავე საარჩევნო ნომრით, რომელიც მათ მინიჭებული ჰქონდათ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, თუმცა იმის გამო, რომ 8 ოქტომბერს იმართება ასევე საპარლამენტო არჩევნები, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ცესკოს გადაწყვეტილება არღვევს კანონს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ნომრების წილისყრით განაწილებას ითვალისწინებს.

ბრძოლა ნომრისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:04:41 0:00
გადმოწერა

საპარლამენტო არჩევნებში წილისყრის გარეშე საარჩევნო ნომერი მიენიჭება იმ სამ საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს უკანასკნელ არჩევნებში, თუმცა უფრო რთულადაა საქმე, როცა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური ან გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ერთად იმართება. 22 აგვისტოს პარტია „ახალმა მემარჯვენეებმა“ გამოთქვა სურვილი, ისარგებლოს იმ რიგითი ნომრით, რომელიც ჰქონდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მსგავს პრეცედენტს ჰქონდა ადგილი 2015 და 2016 წლებში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში, როცა ბლოკის "არასაპარლამენტო ოპოზიციის" სუბიექტმა გამოიყენა მისთვის 2014 წელს მინიჭებული რიგითი საარჩევნო ნომერი. კენჭისყრის გარეშე ნომრის მინიჭება მოითხოვა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გოჩა თევდორაძემაც:

„’პატრიოტთა ალიანსი’ ამ სამი არჩევნებიდან ორში - თვითმმართველობისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში - მონაწილეობს წინა არჩევნებზე მინიჭებული საარჩევნო ნომრით“.

ცესკოს გადაწყვეტილება ჯერ საქალაქო, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის წარმომადგენლის, თამარ ხიდაშელის, თქმით, საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს საარჩევნო სუბიექტისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ნომრები წილისყრით უნდა მიენიჭოთ 2-დან 8 სექტემბრამდე პერიოდში. წილისყრის გარეშე რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვს მხოლოდ იმ სამ პოლიტიკურ სუბიექტს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესენია: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას, თქმით, ყველა დანარჩენი სუბიექტი, კანონის თანახმად, თანაბარი უფლებით უნდა მონაწილეობდეს წილისყრაში:

„სამწუხაროდ, სასამართლომაც განუსაზღვრელად გაუზარდა უფლებამოსილება ცესკოს და თქვა, რომ ცესკომ მოაწესრიგა ისეთი სამართლებრივი საკითხი, რომელიც არ იყო კანონით დარეგულირებული. შესაბამისად, ცესკო გასცდა თავის უფლებამოსილებას და შეიჭრა პარლამენტის უფლებამოსილებებში და ეს დაუდასტურა სასამართლომ. რა თქმა უნდა, რესპუბლიკური პარტია არ შეეგუება კომპეტენციათა ასეთ აღრევას და სამართლებრივ უწესრიგობას და მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს“.

თუმცა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგანაც კანონით ეკუთვნით ის საარჩევნო ნომერი, რომლითაც თვითმმართველობის 2014 წლის არჩევნებსა და შუალედურ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ პარტია არ აპირებს საარჩევნო ნომრის მითითებით სარეკლამო კამპანიის წარმოებას, ვიდრე ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი არ დადგინდება. რაც შეეხება რესპუბლიკელების სარჩელს:

„სარჩელი არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და, მეორე მხრივ, არის მცდელობა იმისა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას - ამ შემთხვევაში „ახალ მემარჯვენეებს“ - კუთვნილი ნომერი ჩამოერთვას, რაც დაუშვებელია. ცესკომ ჩააბარა სამართლიანობის ტესტი. ვნახოთ, რა მოხდება სასამართლოში. ვარ იმედიანად განწყობილი, რომ წინასაარჩევნო დაძაბულობას არ გაზრდის თავისი არასწორი გადაწყვეტილებით“.

საარჩევნო ნომრების გამოყენებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, რომლის წარმომადგენლის, ანა მიქელაძის, თქმით, პარტიების მიერ საარჩევნო ნომრის გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნებისთვის არ ითვლება კანონდარღვევად, რადგანაც მათ კენჭისყრის გარეშე აქვთ შენარჩუნებული ნომრები. შეზღუდვა ვრცელდება საპარლამენტო არჩევნებზე. ვიდრე ცესკო კენჭისყრით არ დაადგენს საარჩევნო სუბიექტების ნომრებს, უკვე ნომრიან პარტიებს არ შეუძლიათ სარეკლამო მასალის გავრცელება საარჩევნო ნომრის მითითებით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG