Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყდრისი - აფეთქების ქრონიკა


საყდრისის მაღარო
საყდრისის მაღარო

13 დეკემბერს კომპანია „RMG Gold“-მა საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე განხორციელებული რამდენიმე აფეთქებით დაიწყო მადნის მოპოვება ბორცვზე, რომლის სიღრმეშიც, მეცნიერთა მტკიცებით, მდებარეობს უძველესი - ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის - ოქროს მაღარო. საზოგადოების პროტესტისა და მაღაროს სტატუსთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავის მიუხედავად, კომპანია მაინც აგრძელებს მადნის მოპოვებას მძიმე ტექნიკის გამოყენებით. რა პროცესები უძღოდა წინ უნიკალური კულტურული ობიექტის დანგრევას, რა დარჩა კულტურის სამინისტროს მიერ სადავოდ გახდილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან და რა დაკარგა საზოგადოებამ საყდრისის მაღაროს აფეთქებით?

საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე მომხდარი აფეთქება საყდრისის მცველებმა თავიანთი კარვებიდან გადაიღეს. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის, ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის თქმით, აფეთქებით დაწყებული ნგრევა მძიმე ტექნიკის გამოყენებით გაგრძელდა და დღემდე არ შეჩერებულა:

„მიწასთან ასწორებენ, მუშაობენ 24 საათი. არ ჩერდებიან ღამითაც, ილიჩის ნათურების შუქზე მუშაობენ. ასევე დღე და ღამე მუშაობენ კვირაცხოვლის ქედზე, არჩილ კბილაშვილი კი ცრუობს, როცა ამბობს, ნარჩენებს ვამუშავებთ და მადნის მოპოვება არ ხდებაო“.

კომისიამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ეს საბადო არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ადგილს. ის, რომ ოქროს საბადო იყო, არ არის დადასტურებული. ინვესტორმა 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და დაასაქმა 3 ათასი მუშახელი...
ირაკლი ღარიბაშვილი

ნინო მიქიაშვილი იმედოვნებს, რომ საყდრისის მცველები ძეგლის განადგურებას სასამართლოს დახმარებით შეაჩერებენ, თუმცა არჩილ კბილაშვილი, მადნის მომპოვებელი კომპანიის „RMG Gold“-ის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, ამბობს, რომ კომპანია ხელმძღვანელობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 12 დეკემბრის ბრძანებით და საყდრისის მაღაროს განიხილავს არქეოლოგიურ ობიექტად და არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. შესაბამისად, კომპანიას აქვს უფლება დაშალოს და გადაიტანოს არქეოლოგიური ობიექტი:

„დაშლის ფორმა შეიძლება იყოს აფეთქება, ავტოტექნიკით მოშლა ან ნებისმიერი ისეთი ფორმით ზემოქმედება, რომ ის დაიშალოს... ანუ ნებისმიერი ფორმა მოიაზრება, რომელიც დაშლას გახდის შესაძლებელს“.

ამასთან, ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ სტუდიაში მიწვეულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და კომპანია „RMG Gold“-ის მრჩეველმა არჩილ კბილაშვილმა საჭიროდ მიიჩნია ეთქვა, რომ საყდრისის მაღარო კულტურული მემკვიდრეობაა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც, მაგალითად, ვარძია და მოწამეთა.

„როდესაც ჩვენ ამ თემატიკაზე ვსაუბრობთ და ობიექტს ჰქვია საყდრისი, არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ აქ საყდარზეა ლაპარაკი. ძალიან მარტივადაა საქმე: საუბარია იმაზე, რომ ჩვენი წინაპარი, ისევე როგორც ჩვენ, სარგებლობდა ობიექტით და სურდა ოქრო მოეპოვებინა“ - არჩილ კბილაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საყდრისის მაღაროს აფეთქებასთან დაკავშირებით ნეგატიური აზრი გამოთქვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა:

„საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყვეს. ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს ეს საქმე და ჩამდენმა სათანადო სასჯელი მიიღოს“.

თუმცა, ხელისუფლების გაცხადებული პოზიციის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოძიება დაიწყოს და, მით უფრო, ვინმე დაისაჯოს. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, საყდრისის მაღაროს სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარე დავის დროს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ისე რომ არ დაელოდა სასამართლოს დავის დასრულებას, გაიმეორა ის, რასაც მადნის მომპოვებელი კომპანია ამტკიცებდა:

„კომისიამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ეს საბადო არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ადგილს. ის, რომ ოქროს საბადო იყო, არ არის დადასტურებული. ინვესტორმა 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და დაასაქმა 3 ათასი მუშახელი“.

ფორმალურად საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე მადნის მოპოვების განახლება შესაძლებელი გახდა კულტურის მინისტრის ბრძანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დასკვნის საფუძველზე. სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ბევრი ფაქტორის - მათ შორის, გეოლოგიურის - გათვალისწინებით, მიღებული იქნა ძეგლის გადატანის გადაწყვეტილება:

„მსოფლიოში მსგავსი მეთოდები აპრობირებულია. სამწუხაროდ, ვერ ხერხდებოდა ამ ობიექტის შენარჩუნება და ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ. ამას ადასტურებდნენ გეოლოგები, ის მეცნიერები, რომლებიც ჩართული იყვნენ...“

მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ძეგლი მისულიყო იმ მდგომარეობამდე, რომ შემდეგ ეთქვათ: იცით, ძეგლი იმდენად არის დაზიანებული და განადგურებული, რომ მისთვის სტატუსის აღდგენა შეუძლებელია!..
გოდერძი ნარიმანიშვილი

სააგენტო და კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიღებისას დიდწილად დაეყრდნენ სამინისტროსთან შექმნილი საყდრის-ყაჩაღიანის "შემსწავლელი კომისიის" წევრების დასკვნას. კომისიის წევრია ომარ ქუცნაშვილი, გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი, რომელმაც ეჭვის ქვეშ დააყენა საყდრისში ოქროს მაღაროს არსებობა:

„რა თქმა უნდა, იმ დროს არ მოიპოვებოდა ოქრო, რადგანაც მაშინ კი არა, სულ რაღაც ორი საუკუნეა, რაც კვარციტებიდან ოქროს მოპოვება დაიწყო სპეციალური მეთოდებით - გამოტუტვით. ცხადია, 5 ათასი წლის წინ ამ ტექნოლოგიას არავინ ფლობდა. ამიტომ არც გეოლოგიური კუთხით დასტურდება და არც მეტალურგიული კუთხით. კვარციტებში მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება დაინახო და ასე თვითნაბადი სახით არც არავის უნახავს, არც ყოფილა და არც არის“.

ცხადია, ყველა მეცნიერი არ იზიარებდა არც ამ მოსაზრებას და არც საყდრისის მაღაროს დაშლისა და მუზეუმში გადატანის იდეას. მეტიც, წლის დასაწყისში თავად სააგენტო და მადნის მომპოვებელი კომპანია აცხადებდნენ, რომ უბანზე მუშაობა განახლდებოდა მხოლოდ არქეოლოგების ზედამხედველობის ქვეშ. საყდრისის მაღაროს წლების განმავლობაში იკვლევდა ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი გოდერძი ნარიმანაშვილი.

„მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ძეგლი მისულიყო იმ მდგომარეობამდე, რომ შემდეგ ეთქვათ: იცით, ძეგლი იმდენად არის დაზიანებული და განადგურებული, რომ მისთვის სტატუსის აღდგენა შეუძლებელია! არადა, გვირაბი საკმაოდ მყარად იდგა 2013 წლის ბოლომდე. მხოლოდ 2014 წლის 7 იანვარს, როცა “RMG Gold”-მა იქ დაიწყო მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები, ამ ქმედებების შემდეგ მოხდა უხეში ჩარევა ძეგლზე, რომელსაც სტატუსი ჰქონდა და რომელშიც უნებართვოდ იყო შესული და მუშაობდა. ექვსი თვის განმავლობაში არავინ შეუშვეს ძეგლზე და სწორედ ამის გამო დაზიანდა საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტი“, უთხრა რადიო თავისუფლებას გოდერძი ნარიმანაშვილმა, რომელიც ასევე ამბობს, რომ საყდრისზე მადნის მოპოვება ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებისათვის მოულოდნელად განახლდა. არსებობდა სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარებულიყო არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის აუცილებლობის შესახებ 2014 წლის დასაწყისში, ანუ მოვლენების დრამატულ განვითარებამდე, რადიო თავისუფლებას ვრცლად ელაპარაკა გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი, ბოხუმის სამთო საქმის მუზეუმში კვლევითი სამუშაოების ხელმძღვანელი, ადრეული ისტორიის პროფესორი თომას შტიოლნერი, რომელიც საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს 2004 წლიდან იკვლევს:

თომას შტიოლნერი
თომას შტიოლნერი

„საყდრისი, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მსოფლიოში უძველესი ოქროს საბადოა. ნახშირბადის რადიოლოგიური ანალიზისა და კერამიკის კვლევის თანახმად, ობიექტი თარიღდება ქრისტემდე მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრით. საბადოში იქ ოქროს დიდ რაოდენობას მოიპოვებდნენ მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 30 მეტრზე. ოქროს მოპოვება გრძელდებოდა საბჭოთა პერიოდშიც. იქ არის განუმეორებელი შესაძლებლობა გვიანდელი მეოთხე ათასწლეულის პერიოდის საბადო დღესაც ვიხილოთ, შევისწავლოთ და საზოგადოებრიობას ვუჩვენოთ. რომ განგიმარტოთ: მთელი საბადოს არეალში მეათე ათასწლეულის პერიოდის ოქროს წარმოება დადგინდა. იქ იყო მთელი დასახლება, საბადო, ოქროს მიღების რამდენიმე საფეხური. ეს ძალიან უჩვეულოა და, ამდენად, ოქროს სამთო მოპოვების მსოფლიოში უძველესი დასტური. ის 500-დან ათას წლამდე უფრო ძველია, ვიდრე ეგვიპტეში მიკვლეული საბადო, ეგრეთ წოდებული ‘ფარაონის ოქრო’“.

თომას შტიოლნერთან საუბრიდან რამდენიმე თვის შემდეგ საყდრისის მაღარო თითქმის სრულად განადგურდა, თუმცა, როგორც გოდერძი ნარიმანაშვილი ამბობს, მიუხედავად ფატალური ჩარევისა, მაინც საშურია აფეთქებებისა და მძიმე ტექნიკის შეჩერება, რათა გადარჩეს უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტების ნაწილი მაინც:

„ვვარაუდობთ, რომ მაინც დარჩებოდა გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ღირებულია, რადგანაც ჩვენ დაახლოებით 38 მ სიღრმეზე ჩავედით და ამ სიღრმეზე მაინც გადარჩებოდა სასარგებლო ინფორმაცია. ამიტომ იქ თუ შეჩერდება სამუშაოები და მოგვეცემა საშუალება მივიდეთ და ვნახოთ... თუმცა მას შემდეგ, რაც ვიდეოკადრები და აფეთქების მასშტაბი ვნახე, საეჭვოა, რომ რამე გადარჩენილიყო“.

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე კი მიიჩნევს, რომ ერთგვარ კანონზომიერებად იქცა ხელისუფლების მიერ საზოგადოების აზრის უგულებელყოფა. ამ შემთხვევაში კი იგნორირებული იქნა ფართო სამეცნიერო წრეების აზრიც:

ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე

„ძალიან ნაუცბათევად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რაც გვაფიქრებინებს, რომ უნდა შექმნილიყო იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ობიექტი აღარ არსებობს და რომ, ფაქტიურად, სასამართლოსაც აღარ აქვს საფუძველი გამოიტანოს კიდევ რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება და აშკარად იქნა მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის ინტერესი გათვალისწინებული და არა ქვეყნის, სახელმწიფოსი, რომელიც, რასაკვირველია, კულტურულ მემკვიდრეობასა და ძეგლებს უნდა იცავდეს. ამიტომაც ეს პროცესები სერიოზულად უნდა იქნეს შესწავლილი, რამ გამოიწივა ეს, და შესაბამისი დასკვნა უნდა გაკეთდეს, რათა მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს“.

ლაშა ბაქრაძის თქმით, სასაცილოა, როცა კომპანია ალტერნატივისა და გამოსავლის სახით საზოგადოებას სთავაზობს მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტების მუზეუმში გატანას, მაშინ როცა შესაძლებელი იყო ადგილზე გაცილებით მიმზიდველი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული ობიექტის მოწყობა.

ამ მოსაზრებას სავსებით იზიარებს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია, რომელიც შიშობს, რომ ერთ-ორ წელიწადში კომპანია დატოვებს რაიონს და ადგილობრივი მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დარჩება, მაშინ როცა შეიძლებოდა გრძელვადიანი სარგებლის ნახვა:

„აქ უნდა აშენებულიყო ცოცხალი მუზეუმი, სადაც (მაღაროს უძველეს გვირაბებში) შევიდოდნენ ტურისტები... აქ უნდა აშენებულიყო სასტუმროები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი... უნდა აშენებულიყო ახალგაზრდა არქეოლოგებისთვის სკოლა, გასართობი ადგილიც კი, საგანმანათლებლო ცენტრი. შესაბამისად, იქ მდებარე რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დასაქმდებოდა ხანგრძლივად და ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, აღმოჩნდებოდნენ კულტურულ და არა ეკოლოგიური კატასტროფის სივრცეში. არც სახელმწიფოს და არც კომპანიას არ აქვს სქემა და გეგმა მიღებული, წარმოების დასრულების შემდეგ თუ როგორ დააკონსერვებენ მავნე გარემოს, უზარმაზარ გადახსნილ ტერიტორიას, სავსეს მომწავლელი ქიმიური ნივთიერებებით“.

თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში და ამით დავიცვათ საკუთარი იდენტურობა...
გიორგი მარგველაშვილი

სოფო კილასონია და საყდრისის გადარჩენისათვის მებრძოლი სხვა აქტივისტები მიიჩნევენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღაროს აფეთქებისათვის სამართლებრივი შეფასების მიცემა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის სულხან სალაძის თქმით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რა ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე.

„ეს არის იმ ტიპის დარღვევა, რომელსაც უნდა მოჰყვეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, კონკრეტული ჩინოვნიკების გათავისუფლება თუ ეს არ მთავრდება აქ და დარღვევა უფრო მასშტაბური ხასიათის არის და მიდის სისხლისსამართლებრივი დანაშაულის მოქმედებასთან, რაც პასუხისმგებლობის ბევრად მაღალ სტანდარტს აწესებს. ნებისმერ შემთხვევაში, იმ მოცემულობიდან, რაც ჩვენ გვაქვს, ააფეთქეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და იქ მიდის მასშტაბური სამუშაოები, რისი უფლებაც კომპანიას დღემდე არ გააჩნია და ამას ფარავენ იმით, თითქოს შლიან არქეოლოგიურ ობიექტს“, უთხრა რადიო თავისუფლებას სულხან სალაძემ, რომლის თქმითაც, აფეთქება და ბულდოზერების მუშაობა ვერანაიარად ვერ ჩაითვლება არქეოლოგიური ობიექტის დაშლად, მით უფრო, რომ პროცესი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობს. სასამართლოში საჩივრის შეტანის გარდა, საყდრისის ბედით შეწუხებულმა მოქალაქეებმა ასევე გაავრცელეს პეტიცია, რომლის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან განვითარებული მოვლენების სრული და ობიექტური შესწავლა და პროცესში უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით. საყდრისის აფეთქებას 19 დეკემბერს განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი:

„თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში და ამით დავიცვათ საკუთარი იდენტურობა. საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება“.

გიორგი მარგველაშვილი ასევე მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და უზრუნველყონ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG