Accessibility links

logo-print

სირიის რეჟიმისგან განდგომილი პირი აცხადებს, რომ დამასკმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს


დამასკის საჰაერო სივრცე

დამასკის საჰაერო სივრცე

სირიის ყოფილი ელჩი ერაყში, ნავაფ ფარესი, სირიის რეჟიმს განუდგა და გამოდის გაფრთხილებით, რომ დამასკმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. პარალელურად, არის ცნობები დამასკის შემოგარენში მიმდინარე შეტაკებების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს მომხდარ შეტაკებებში ქვეყნის არმია ვერტმფრენებით ცდილობდა ოპოზიციის მებრძოლების მოგერიებას დამასკის, სულ მცირე, ოთხ უბანში. საქმე გვაქვს ბრძოლის ყველაზე მძლავრ ესკალაციასთან მას შემდეგ, რაც 16 თვის წინ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო.

დამასკის სამხრეთით შეტაკებები იყო უკვე შაბათ-კვირას. მთავრობის ჯარი ამ ბრძოლებში ტანკებს და რაკეტებს იყენებდა.

„თავისუფალი სირიის არმიის“ ოპოზიციონერმა მებრძოლებმა გამოაცხადეს, რომ დაწყებულია რეჟიმის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეტევის ოპერაცია.

ოპერაციას უწოდეს „პირველი სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა სირიის სრული და ტოტალური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მდგომარეობაში მოსაყვანად“.
სირიის მთავრობა მძლავრ პოლიტიკურ წინაღობას გვიქმნის. საკუთრივ კონფლიქტის გამო კი სამუშაო სივრცეა უკიდურესად საშიში. ასევე, გვაქვს სირთულეები იმ ორგანიზაციების შესაძლებლობებთან მიმართებით, რომლებიც ცდილობენ ჰუმანიტარული ქმედებები არარსებულიდან ან ძალიან სუსტიდან ძალიან მასშტაბურამდე გაზარდონ...

შეიარაღებული ოპოზიციის განცხადებით, სირიის ტერიტორიაზე მოქმედი უცხოეთის ყველა წარმომადგენლობა, რომელიც რეჟიმის მოკავშირეა, - მათ შორის, ლიბანის შიიტური ჰესბოლა, ირანის რევოლუციის გუშაგთა წევრები, ერაყელი ექსტრემისტები და ასადის მომხრე პალესტინური დაჯგუფებები, - წარმოადგენს „ლეგიტიმურ სამიზნეს“.

ჟენევაში გაეროს ჰუმანიტარული პროექტების კოორდინირების სააგენტოს გენერალური დირექტორი ჯონ გინგი გამოვიდა განცხადებით. მისი თქმით, სირიაში ვითარება სულ უფრო მძიმდება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას:

„სირიის მთავრობა მძლავრ პოლიტიკურ წინაღობას გვიქმნის. საკუთრივ კონფლიქტის გამო კი სამუშაო სივრცეა უკიდურესად საშიში. ასევე, გვაქვს სირთულეები იმ ორგანიზაციების შესაძლებლობებთან მიმართებით, რომლებიც ცდილობენ ჰუმანიტარული ქმედებები არარსებულიდან ან ძალიან სუსტიდან ძალიან მასშტაბურამდე გაზარდონ“.

არის ცნობები, რომ სირიას გაძლიერებული ინტენსივობით ტოვებენ ლტოლვილები.

თურქეთის მთავრობის განცხადებით, ორშაბათს ღამით, სხვა პირებთან ერთად, სირია ბრიგადის გენერალმა და სხვა სამხედროებმა დატოვეს. საერთო ჯამში, სირიიდან თურქეთში გაქცეული სამხედრო ოფიცრების რაოდენობა 18-ს აღწევს.

სირიის რეჟიმისგან განდგომილებს შორის ყველაზე მაღალი ჩინის მქონე პირი, ერაყში ყოფილი ელჩი ნავაფ ფარესი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ქიმიური იარაღის გამოყენებაზეც არ იტყვის უარს.
ნავაფ ფარესი

ნავაფ ფარესი


ფარესმა ეს განცხადება ბი-ბი-სისთან საუბარში გააკეთა. მეტიც, მისი თქმით, დაუდასტურებელი ცნობები იმასაც კი მიუთითებს, რომ რეჟიმს უკვე გამოყენებული აქვს ქიმიური იარაღი ჰომსის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ყოფილმა ელჩმა იმ ვარაუდებზეც ისაუბრა, რომ ასადის რეჟიმი, სირიის მასშტაბით აფეთქებების მოწყობის მიზნით, ალ-ყაიდასთან თანამშრომლობს.

წარსულში დამასკს დასავლეთის ქვეყნების მიმართ აქვს გამოთქმული ბრალდება, რომ ისინი ექსტრემისტ სუნიტებს, ალ-ყაიდის მებრძოლებს უმაგრებენ ზურგს, ასადის რეჟიმთან ბრძოლაში. ამ რეჟიმის რიგებში დომინანტურ ძალას რელიგიური უმცირესობის, ალავიტების წარმომადგენლები შეადგენენ.

თუმცა ფარესი ირწმუნება, რომ ალ-ყაიდამ და ასადის რეჟიმმა უთანხმოებები გადალახეს და „საერთო ინტერესებზე“ ზრუნავენ.

მისი თქმით, ალ-ყაიდას „გადაადგლების სივრცე და თავის გატანის სახსრები“ სჭირდება, ასადის რეჟიმი კი „სირიის ხალხის ტერორიზების გზებს“ ეძებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG