Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრექსიტი დაიწყო


ბრიუსელში გაგზავნილი წერილით, რომლის ავტორი ბრიტანეთის პრემიერია, ოფიციალურად დაიწყო ბრექსიტი, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის პროცედურა. შარშანდელი ივნისის რეფერენდუმმა გადაწყვიტა ამ ქვეყნის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის ბედი, რომელიც 1975 წლის კენჭისყრამ განსაზღვრა. მაშინ ბრიტანელების 67 პროცენტი მიემხრო მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ბლოკიდან გასვლის მომხრე კი, 2016 წლის რეფერენდუმის შედეგებით, 51,89 პროცენტი იყო.

ბრექსიტი დაიწყო
please wait

No media source currently available

0:00 0:05:32 0:00
გადმოწერა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, მაასტრიხტის ხელშეკრულების 50-ე პარაგრაფის შესაბამისად, ბრიუსელს ამცნო, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირიდან გასვლას იწყებს. მისი წერილის უშუალო ადრესატი იყო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, რომელმაც გამოაცხადა, ექვსგვერდიანი დოკუმენტი მივიღე მეისგან ამ თემაზეო.

შესაბამისად, ხელშეკრულების თანახმად, ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ (ვადა შეიძლება გაგრძელდეს, თუ 27-ვე წევრი მიემხრობა ამას), 2019 წლის 29 მარტს, ევროკავშირთან ბრიტანეთის საბოლოო გასვლა გაფორმდება. წელს, იანვარში, ტერეზა მეიმ, ამზადებდა რა ბრიუსელში გასაგზავნი წერილის წინაპირობებს, „მკაცრი ბრექსიტის“ 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. ამ გეგმით, დიდი ბრიტანეთი წყვეტს წევრობას ევროკავშირში, გამორიცხავს ყოველგვარ ნაწილობრივ თუ ასოცირებულ წევრობას, ქვეყანა ეთიშება ევროპის შიდა ბაზარს, ევროპის სასამართლოს, საბაჟო კავშირს. ორწლიანი მოლაპარაკების შედეგზე შემდგომ ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და დაამტკიცოს ის. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას არაერთი პოლიტიკოსი მნიშვნელოვან დღედ მიიჩნევს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, განაცხადა:

„თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს ეს ბედნიერი დღე იყოს ან ბრიუსელში, ან ლონდონში. ასეა თუ ისე, ევროპელების უმრავლესობა - მათ შორის, ბრიტანელი ამომრჩევლების თითქმის ნახევარი - ერთად დარჩენას ისურვებდა და არა ერთმანეთისაგან დაშორებას. რაც შემეხება მე, არ მოგატყუებთ, თითქოს დღეს ბედნიერი ვიყო“.

სანამ წერილს გაუგზავნიდა, მეი ტელეფონით ესაუბრა ტუსკს, ასევე ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟან კლოდ იუნკერს, და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. „დაუნინგ სტრიტი“ იტყობინებოდა, რომ მათი საუბარი ეხებოდა მოლაპარაკების მნიშვნელობას, კონსტრუქციულად და დადებითი სულისკვეთებით, მშვიდად და წესის და რიგის შესაბამისად მის წარმართვას. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ არ აქვთ განზრახული დასაჯონ ბრიტანეთი იმისთვის, რომ ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა მათი სურვილია, ევროკავშირიდან გასვლა არ გახდეს მიმზიდველ შესაძლებლობად სხვა ქვეყნებისთვის, სადაც გარკვეულ ძალებს არაერთხელ გამოუვლენიათ ანტიევროპული გრძნობები. ტუსკმა თავის გამოსვლაში ახსენა ერთი პარადოქსი, რომ ბრექსიტში არის რაღაც დადებითიც:

„ბრექსიტმა ჩვენ, დარჩენილი 27 სახელმწიფო, უფრო მიზანდასახული გაგვხადა და მეტად გაგვაერთიანა, ვიდრე მანამდე ვიყავით. ამაში დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით რომში მიღებული დეკლარაციის შემდეგ. დღეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მიზანდასახულები ვიქნებით და მეტად გავერთიანდებით მომავალში, მოლაპარაკების რთული პერიოდის მანძილზე“.

ტუსკი გულისხმობდა განცხადებას, რომელიც ამ კვირაში ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ მიიღო რომში ბლოკის ხელშეკრულების მე-60 წლისთავთან დაკავშირებით. ახლა, ბრიტანეთის პრემიერის წერილის მიღებიდან 48 საათში, ტუსკმა 27 წევრ ქვეყანას უნდა დაუგზავნოს მოლაპარაკებათა განრიგი. შემდგომ კი მათი ელჩები ევროკავშირში ამ პროექტის განსახილველად შეიკრიბებიან. მოგვიანებით, ერთ თვეში, აპრილის ბოლოს, ჩატარდება ევროკავშირის სამიტი უკვე ბრიტანეთის გარეშე და იქ უკვე ევროკომისიას მიანიჭებენ მანდატს, მოლაპარაკებები წარმართოს ლონდონთან. საკუთრივ ბრიტანეთში 1970-იან და 80-იან წლებში ევროპის გაერთიანებიდან გასვლა უფრო ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკოსთა სურვილი იყო, შემდგომ კი ასეთი იდეები უფრო მემარჯვენეებს, კონსერვატიულ პარტიას გაუჩნდა. მოგვიანებით ამ უკანასკნელთა რიგები გააძლიერა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიამ. მათი ლიდერი, ნაიჯელ ფარაჟი, უბედნიერესი იყო ბრექსიტის ოფიციალურად დაწყების გამო:

„ცხადია, ბევრ ჩივილს და უკმაყოფილებას მოვისმენთ ვაჭრობის, თევზჭერის და, ღმერთმა იცის, კიდევ რის შესახებ. მაგრამ მე იმ აზრზე დავრჩები, რომ ეს არის სწორი რამ ქვეყნისთვის. დიდებული ისაა, რომ ორ წელიწადში ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებელი, თვითმმართველი, დემოკრატიული ქვეყანა და ამას არის, რომ ვზეიმობ“.

ისტორიულ დღედ მიიჩნია ბრექსიტის დაწყება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა:

„ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი და ისტორიული დღეა და ვფიქრობ, ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს აქვთ საფუძველი პოზიტიურად შეაფასონ წინადადებები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ. დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცევიან. ვფიქრობ, მოლაპარაკებებისას, გვაქვს საფუძველი, ძალიან იმედიანად მოველოდეთ შედეგს, რადგან ჩვენ ბრიუსელს ვთავაზობთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისათვის მომგებიანია“.

ბრიტანეთის ფინანთა მინისტრმა, ხაზინადარმა ფილიპ ჰემონდმა ბი-ბი-სის უთხრა, ლონდონს მოუწევს კომპრომისზე წასვლა - კარგად გვესმის, რომ ჩვენ წილ ტკბილ კვერს ასე იოლად ვერ მივიღებთო.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG