Accessibility links

logo-print

დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი, რომლის შედეგად გადაწყდება, დარჩება თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროპის კავშირში. გადაწყვეტილებას ქვეყნის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით მიიღებს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილით 7 საათზე გაიხსნა 21 საათამდე იმუშავებს. ხმების დათვლა 382 საგანგებო უბანზე იწარმოებს და კენჭისყრის ოფიციალურს შედეგებს ხვალ დილით, მანჩესტერის მერიის შენობაში გამოაცხადებს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ჯენი უოტსონი.

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ეს, ევროპასთან ურთიერთობის გასარკვევად, პირველი რეფერენდუმია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში.

რეფერენდუმს წინ უსწრებდა სააგიტაციო კამპანიები „დარჩენისა“ და „გასვლის“ შესახებ, რითაც პოლიტიკოსები ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ 46,5 მილიონ ამომრჩეველზე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა თანამემამულეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმტკიცე და უარყონ „ბრექსიტი“, როგორც ამ ქვეყანაში ევროკავშირიდან გასვლას უწოდებენ.

აზრთა სხვადასხვაობის ძირითადი მიზეზებია ეკონომიკა, მიგრაცია და, ზოგიერთის აზრით, ევროკავშირის ბიუროკრატიული აპარატის მეტისმეტი კონტროლი ცალკეულ საკითხებში.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩატარებული საშუალედო გამოკითხვის შედეგად, გამოვლინდა, რომ ბანაკში დარჩენის მომხრეთა რაოდენობა ოდნავ მეტია გასვლის მხარდამჭერთა რიცხვზე - 51% 49-ის წინააღმდეგ.

თქვენ შეგიძლიათ, დაინახოთ ვეროკავშირის ეკონომიკური აღორძინება. ის მსოფლიოში უდიდესი ბაზარია...

საყოველთაო გამოკითხვის მოწყობის საკითხი შარშანდელი არჩევნების წინ წამოიჭრა, როდესაც კამერონი ელექტორატს დაპირდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებდა. რეფერენდუმის გამართვას ითხოვდნენ როგორც კამერონის თანაპარტიელ კონსერვატორთა დიდი ნაწილი, ისე ემიგრაციის წინააღმდეგ განწყობილი დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია. ამ უკანასკნელის ლიდერები კამერონს შეახსენებდნენ, რომ დიდ ბრიტანეთს 1975 წლის მერე აღარ გაუმართავს საჯარო კონსულტაცია თავის მოქალაქეებთან.

22 ივნისს კამერონმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია და თქვა, რომ ის ხედავს ბრიტანეთს ერთ ბლოკში 28 ქვეყანასთან და 500 მილიონ მოქალაქესთან ერთად. მან მტკიცედ უარყო მოსაზრება, რომ ევროკავშირი მოძველებული სტრუქტურაა.

„ჩვენ არ ვართ გვამთან ბორკილდადებულები,“ უთხრა კამერონმა ბიბისის. „თქვენ შეგიძლიათ, დაინახოთ ვეროკავშირის ეკონომიკური აღორძინება. ის მსოფლიოში უდიდესი ბაზარია.“

„დარჩენის“ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გამოსვლისას, კამერონმა გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში ბრიტანეთისკენ ინვესტიციების დიდი ტალღა წამოვა.

ამასობაში, ბზარი გაჩნდა „ბრექსიტის“ მხარდამჭერთა შორისაც. „დატოვების“ კამპანიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წევრმა, ლონდონის ყოფილმა მერმა ბორის ჯონსონმა ერთგვარი დისტანცირება მოახდინა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიისა და მისი ლიდერისგან, ნაიჯელ ფარაჟისგან. 21 ივნისს მან უკმაყოფილება გამოთქვა დამოუკიდებლობის პარტიის ერთი პლაკატის გამო, რომელიც, ჯონსონის აზრით, ქსენოფობიურ ქვეტექსტს შეიცავდა. ჯონსონი დაჟინებით ირწმუნება, რომ „დატოვებისათვის“ ხმის მიცემის კამპანიას, რომელსაც თავად ოფიციალურად წარმოადგენს, ქსენოფობიასთან არაფერი აქვს საერთო.

დიდი ბრიტანეთი 1973 წელს შეუერთდა კავშირს, რომელსაც მაშინ ევროპის ეკონომიკური გაერთიანება ერქვა. 1975 წელს ბრიტანეთმა ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 67%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ცხრაწევრიან გაერთიანებაში დარჩენას.

შეგვიძლია, ხმა მივცეთ ნამდვილ ცვლილებას. შეგვიძლია, ხმა მივცეთ იმას, რომ ძალაუფლება დავუბრუნოთ ხალხს. შეგვიძლია, ხმა მივცეთ იმას, რომ დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს ქვეყანაზე. შეგვიძლია, ხმა მივცეთ ჩვენი საზღვრების დაბრუნებას. შეგვიძლია, ხმა მივცეთ იმას, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სიამაყე და საკუთარი თავის პატივისცემა, როგორც ერმა...

დღევანდელი რეფერენდუმის შედეგს კანონის ძალა არ აქვს. თუ კენჭისყრის მონაწილეთა უმრავლესობა ევროკავშირის დატოვებას მიემხრო, მაშინ პარლამენტმა უნდა გააუქმოს კანონი, რომლითაც ბრიტანეთი კავშირში გაწევრიანდა.

გასულ კვირაში ევროკავშირში „დარჩენისა“ და „გასვლის“ მომხრეთა დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა ევროპის მხარდამჭერის, კანონმდებელ ჯო კოქსის მკვლელობამ. კოქსი, რომელიც 22 ივნისს 42 წლის გახდებოდა, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა ჩრდილოეთ ინგლისში. მას მაშინ ესროლეს, როდესაც სიტყვას წარმოთქვამდა „დარჩენის“ იდეის მხარდასაჭერად. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა სასამართლოზე თავის წარდგენისას განაცხადა, სიკვდილი მოღალატეებს, თავისუფლება ბრიტანეთს - ეს არის ჩემი სახელიო.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა ფარაჟმა დაგმო მკვლელობა და მას „საზარელი შემთხვევა“ უწოდა. თუმცა, ამასთანავე, მოუწოდა ბრიტანელებს, ხმა მისცენ „ჩვენი საზღვრების უკან დაბრუნებას“:

„შეგვიძლია, ხმა მივცეთ ნამდვილ ცვლილებას. შეგვიძლია, ხმა მივცეთ იმას, რომ ძალაუფლება დავუბრუნოთ ხალხს. შეგვიძლია, ხმა მივცეთ იმას, რომ დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს ქვეყანაზე. შეგვიძლია, ხმა მივცეთ ჩვენი საზღვრების დაბრუნებას. შეგვიძლია, ხმა მივცეთ იმას, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სიამაყე და საკუთარი თავის პატივისცემა, როგორც ერმა. მინდა, ხმა მივცეთ იმას, რომ ბრიტანეთი გახდეს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა. მინდა, ხმა მივცეთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ნორმალური, რადგან ნორმალური ქვეყნები თავადვე ქმნიან საკუთარ კანონებს. ნორმალური ქვეყნები თავად აგებენ პასუხს საკუთარ ბედ-იღბალსა და მომავალზე“, განაცხადა ფარაჟმა.

მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ნატო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ბრიტანეთს მოუწოდებენ, დარჩეს ევროკავშირის წევრად.

ინგლისელ ბუკმეკერთა პროგნოზით, კავშირში დარჩენის მომხრეებს წარმატების უკეთესი შანსი აქვთ. მაგალითად, ტოტალიზატორი „ბეტფერი“ ვარაუდობს, რომ კავშირში „დარჩენის“ შესაძლებლობა 76%-ს აღწევს.

მასალა მოამზადა თეონა გოდერძიშვილმა

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG