Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის „ყველაზე არაპროგნოზირებადი“ არჩევნები


ავტორი: ანა ლომთაძე

30 მარტს ოფიციალურად დაიშალა ინგლისის პარლამენტი. ინგლისს დროებით აღარ ჰყავს პარლამენტის წევრები. ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში 7 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. განახლებული შემადგენლობით პარლამენტი 18 მაისს გაიხსნება, რათა ახალი წევრები დაამტკიცოს. საბოლოოდ ის 27 მაისს განაგრძობს მუშაობას. იქამდე კი დაწყებულია საარჩევნო კამპანია.

„ყველაზე არაპროგნოზირებადი“ - ასე უწოდებს მკვლევარი და პროფესორი რობერტ ფორდი ინგლისის 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მთავარი მეტოქეები მმართველი კონსერვატიული და ოპოზიციონერი ლეიბორისტული პარტიებია. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, ორივე პარტიას მოსახლეობის 34-34% უჭერს მხარს.

კონსერვატიული პარტია, პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის მეთაურობით, დიდი ბრიტანეთის სათავეში 2010 წელს მოვიდა. იგი თავს იწონებს უმუშევრობის დონის 6%-მდე შემცირებითა და სახელმწიფო ვალის კლებით. კამერონის მთავარი დაპირებებია საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა, გადასახადების შემცირება და ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარება.

30 მარტს, როცა ოფიციალურად გამოცხადდა საპარლამენტო არჩევნების დაწყება, დევიდ კამერონმა განაცხადა:

„დღეს ვიყავი სასახლეში და მოვინახულე მისი უდიდებულესობა დედოფალი ელიზაბეტ მეორე, რათა ოფიციალურად აღმენიშნა პარლამენტის დაშლა და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების დასაწყისი მთელი ერთი თაობის განმავლობაში. ამ არჩევნებით ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხი წყდება. არჩევანი მკაფიოა: ან ვაგრძელებთ გრძელვადიან გეგმას, რომელმაც ეს ქვეყანა უკან მოაბრუნა, აამუშავა და დიდი ბირტანეთი კვლავ წარმატებულად აქცია, ან ყველაფერს ამას რისკის ქვეშ ვაყენებთ, ედ მილიბანდისა და ლეიბორისტულის პარტიის სახით: მეტი გადასახადები, სახელმწიფო ვალი, მეტი ხარჯი და ფლანგვა - ყველაფერი ის, რამაც თავის დროზე მძიმე ვითარებაში ჩაგვაყენა. ამ არჩევნებით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება“.

ლეიბორისტული პარტია თავისი მთავარი მეტოქის, კონსერვატიული პარტიის, მკაცრი მომჭირნეობის პოლიტიკას აკრიტიკებს და შემოსავლების თანაბარ და სამართლიან გადანაწილებას მოითხოვს. ამასთან, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ედ მილიბანდი ეწინააღმდეგება კამერონის მიერ დაგეგმილ რეფერენდუმს:

„ვფიქრობ, რომ ძალიან საშიშია ის, რასაც დევიდ კემერონი აკეთებს. ჩემი აზრით, მას მთვარეულებივით მივყავართ ევროპის კავშირის გასასვლელისკენ. აგიხსნით, რატომ ვფიქრობ ასე. თუ წარმოიდგენთ ახალგაზრდას, რომელიც დღეს სამსახურს ეძებს, ან პატარა ბიზნესის მფლობელს, რომელსაც ბანკიდან ვალის აღება უნდა, რით შეგვიძლია მათ დავეხმაროთ? უკანასკნელი რამ, რაც მათთვის უნდა გავაკეთოთ, რეფერენდუმის მოწყობაა....ეს ნიშნავს, რომ რეფერენდუმს აწყობ, მაშინ როცა მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. მისი ქრონოლოგია და შედეგი გაურკვეველია. ეს არასწორია. ეს არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესში“.

ამასთან, კონსერვატიული პარტიისგან განსხვავებით, ედ მილიბანდი ამომრჩეველს საბიუჯეტო დეფიციტის თანმიმდევრულ, ყოველწლიურ კლებას ჰპირდება და არა მის ერთიანად აღმოფხვრას. ლეიბორისტულ პარტიას ასევე სურს საუნივერსიტეტო გადასახადის 3000 გირვანქა სტერლინგამდე დაწევა, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის დაფინანსების ორ-ნახევარი მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაზრდა და დამსაქმებლების მიერ უცხოელი იმიგრანტების ექსპლუატაციის შეჩერება.

მაშინ, როცა კონსერვატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს ჯერჯერობით ერთნაირი მხარდაჭერა აქვთ, ჰორიზონტზე კიდევ მოჩანს პოპულარობით მესამე პარტია, „იუკიპი“, ანუ „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია“. ამ მემარჯვენე პარტიას, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 13% უჭერს მხარს. „იუკიპს“ გამოარჩევს ორი დაპირება: დიდი ბრიტანეთის დანამდვილებით გამოსვლა ევროპის კავშირიდან და იმიგრაციის კონტროლი ან, უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანაში უცხოელთა დინების კლება.

შედარებით ნაკლები მხარდაჭერა აქვთ სხვა პარტიებს, მათ შორის, „მწვანეებს“, „ლიბერალ დემოკრატებს“, შოტლანდიისა და უელსის წარმომადგენელთა პარტიებს.

პროფესორ რობერტ ფორდის თქმით, იმის მიუხედავად, რომ შეუძლებელია დავადგინოთ, არჩევნებში ლეიბორისტები გაიმარჯვებენ თუ კონსერვატორები, საეჭვოა რომელიმემ აბსოლუტური გამარჯვება ნახოს. მათ დანარჩენ პარტიებთან კოალიციაში შესვლა მოუწევთ, რაც არჩევნების შედეგებს უფრო მეტ გაურკვევლობას მატებს.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების გარდა, საპარლამენტო არჩევნებს ევროკავშირიც ყურადღებით ადევნებს თვალს, რადგან ის დიდწილად გადაწყვეტს სამომავლო ურთიერთობას ამ ქვეყანასა და ევროპის გაერთიანებას შორის.

XS
SM
MD
LG