Accessibility links

logo-print

რა დაადგინა გამოძიებამ ერაყის ომში ბრიტანეთის როლზე


ტონი ბლერი

ტონი ბლერი

ბრიტანეთში საგანგებო კომისიის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ერაყში 2003 წლის სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა ისე, რომ არ იყო ამოწურული პრობლემის მოგვარების მშვიდობიანი გზები. გამოძიება შვიდი წელი გაგრძელდა და ჩატარდა ბრიტანეთის მთავრობის დავალებით იმ გარემოებებისა და „გაკვეთილების“ შესასწავლად, რომლებიც ერაყში ინტერვენციას უკავშირდებოდა.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი აცხადებს, რომ ვერ შეაჩერა 2003 წელს ერაყში სამხედრო ინტერვენცია: რახან შეერთებულ შტატებს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება სამხედრო ზომების გამოყენების თაობაზე, ბლერი განზე ვერ გადგებოდა და ლოდინს ვერ დაიწყებდა. ამ განცხადებით და ბოდიშით, რომ შეცდომები დაუშვა, ტონი ბლერი გამოეხმაურა ერაყში ომის შესახებ დასკვნას, რომელიც 6 ივლისს წარმოადგინა საგანგებო კომისიამ ბრიტანეთის მთავრობის დავალებით ჩატარებული გამოძიების შემდეგ.

ბატონმა ბლერმა არასწორად შეაფასა თავისი უნარი, გავლენა მოეხდინა ერაყის საკითხში შეერთებული შტატების გადაწყვეტილებებზე...

როგორც კომისიამ დაადგინა, ბრიტანეთის ხელმძღვანელობა ერაყში 2003 წელს აშშ-ის ხელმძღვანელობით ორგანიზებულ ინტერვენციაში ჩაება ისე, რომ ამოწურული არ ყოფილა ერაყის განიარაღების მშვიდობიანი გზები და, ამასთან, ინტერვენცია ეფუძნებოდა დაზვერვის ნაწილობრივ არასწორ ინფორმაციას და „სრულიად არაადეკვატურად“ იყო დაგეგმილი. საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში კრიტიკულად არის შეფასებული ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის, მოქმედება. ბლერი მხარში ამოუდგა შეერთებულ შტატებს ინტერვენციის დროს ერაყის ლიდერ სადამ ჰუსეინის მმართველობის დასამხობად იმ საფრთხის გამო, რომელიც თითქოსდა მასობრივი განადგურების იარაღიდან მომდინარეობდა.

„ბატონმა ბლერმა არასწორად შეაფასა თავისი უნარი, გავლენა მოეხდინა ერაყის საკითხში შეერთებული შტატების გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა 6 ივლისს ლონდონში, გამოძიების დასკვნების პრეზენტაციისას, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ჯონ ჩილკოტმა. მისმა კომისიამ გამოძიების მსვლელობაში 150 მოწმეს მოუსმინა და 150 ათასამდე დოკუმენტი გააანალიზა.

„ჩვენ დავასკვენით, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ერაყში ინტერვენციაში მონაწილეობა გადაწყვიტა მანამდე, სანამ ამოიწურებოდა განიარაღების ყველა მშვიდობიანი შესაძლებლობა. ამ პერიოდში სამხედრო ზომები არ იყო უკანასკნელი გამოსავალი“, აღნიშნა ჩილკოტმა.

ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გადაწყვიტეს, რომ ისინი სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ოპერაციისათვის, შორს იყო დამაკმაყოფილებლისაგან...

მისი კომისია ერაყში ინტერვენციაზე გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს იმის გამოც, რომ მისი მიღებით დარტყმა მიადგა გაეროს უშიშროების საბჭოს ავტორიტეტს - უშიშროების საბჭოს მხარი არ დაუჭერია ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ზომებისათვის. ამასთან, გამოძიების მსვლელობაში მოპოვებული ინფორმაციით, ბლერი 2003 წლის მარტის ინტერვენციამდე ჯერ კიდევ რვა თვით ადრე დაჰპირდა შეერთებული შტატების მაშინდელ პრეზიდენტს, უმცროს ჯორჯ ბუშს, რომ ერაყში შეჭრის შემთხვევაში მის გვერდით იდგებოდა.

„გამოძიებას არ გამოუთქვამს აზრი, იყო თუ არა კანონიერი სამხედრო ზომების მიღება. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, რასაკვირველია, მხოლოდ სათანადოდ მოწყობილ და საერთაშორისოდ აღიარებულ სასამართლოს. მაგრამ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გადაწყვიტეს, რომ ისინი სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ოპერაციისათვის, შორს იყო დამაკმაყოფილებლისაგან“, - განაცხადა ჯონ ჩილკოტმა ლონდონში გამოძიების შედეგებზე საუბრისას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ჩილკოტის ანგარიშს გამოეხმაურა განცხადებით, რომ იმ პირებმა, ვინც მხარი დაუჭირა ერაყში სამხედრო ინტერვენციას, ერთად უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა. კამერონი გამოვიდა მოწოდებით, რომ მომავალ კვირაში პარლამენტში გაიმართოს დებატები ამ საკითხზე. 6 ივლისს კი პარლამენტის მახლობლად, ლონდონის კონფერენციის ცენტრთან, ანუ შენობასთან, სადაც ჩილკოტმა გამოძიების შედეგები წარმოადგინა, შეიკრიბნენ ომის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები. მათი ნაწილი მოითხოვს ბლერის გასამართლებას სამხედრო დანაშაულებისათვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG