Accessibility links

logo-print

იან ბჟეზინსკი: ნატო გაფართოების საკითხით დაიღალა


იან ბჟეზინსკი

იან ბჟეზინსკი

ამერიკის ხმა: რას შეიძლება ველოდოთ ნატოს სექტემბრის სამიტზე?

იან ბჟეზინსკი: ვფიქრობ, ნატოს სამიტის დღის წესრიგი ჯერ კიდევ ზუსტდება. ამჟამად პირველი რიგის ამოცანაა ალიანსის წევრების კოლექტიური თავდაცვისუნარიანობის გამყარება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, უკრაინის, საქართველოსა და ლიბიის დახმარება. მესამე თემა, სავარაუდოდ, პარტნიორობის გაღრმავება იქნება ალიანსის იმ არაწევრ ქვეყნებთან, რომელთაც განვითარებული სამხედრო საშუალებები გააჩნიათ.

და ბოლოს: იმედი მაქვს, სამიტზე დავინახავთ ტრანსატლანტიკური შეთანხმების ხელახალ დადასტურებას: შეერთებული შტატები კვლავ ევროპის რეგიონული უსაფრთხოების გარანტი იქნება, სანაცვლოდ კი, ევროპა ამერიკას რეგიონში გლობალურ საფრთხეებთან გამკლავებაში დაეხმარება. სამწუხაროდ, არ მგონია, ნატოს გაფართოებისაკენ რაიმე ნაბიჯები გადაიდგას. ეს, ჩემი აზრით, ნამდვილი უკანდახევაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ რუსეთის თავდაჯერებულობის ზრდას ვადევნებთ თვალს.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, ალიანსი რატომ იკავებს თავს გაფართოებისგან, ან ზოგიერთი ასპირანტი ქვეყნისთვის მაპის მინიჭებისგან?

იან ბჟეზინსკი: მიმაჩნია, რომ ალიანსი ნატოს გაფართოების საკითხით ერთგვარად დაიღალა, რასაც შეცდომად ვთვლი. დიდი ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ალბათ კიდევ რამდენიმე მოკავშირე, თვლის, რომ ნატოს გაფართოება, რუსეთთან ურთიერთობის გათვალისწინებით, ერთგვარი კომპრომისის საგანი უნდა იყოს. ეს კი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ხელს უშლის. შედეგად მივიღეთ ის, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ ალბანეთის გაწევრიანების შემდეგ, ნატოს გაფართოება შეწყდა. ეს კი არასწორი გზავნილია, როგორც იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ცდილობენ, ასევე პუტინისა და რუსეთისთვის. ეს განამტკიცებს პუტინის რწმენას, რომ მათ შეუძლიათ პროცესის შეჩერება, შეუძლიათ ერთიანი, განუყოფელი და თავისუფალი ევროპის იდეის დასრულება.

ამერიკის ხმა: რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ იმისთვის, რათა დაასაბუთოს, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად მზადაა და შესაბამისად, ნატოც მზად არის, რომ ქვეყანას წევრობა შესთავაზოს, რისი პირობაც მან 2008 წელს ბუქარესტის სამიტისას დადო?

იან ბჟეზინსკი: იმედი მქონდა, რომ უელსის სამიტზე ალიანსი საქართველოს სამოქმედო გეგმას მისცემდა, რაც გაწევრიანების გარანტია ჯერ კიდევ არ გახლავთ. ეს მხოლოდ დაპირებაა, რომ ნატო საქართველოს წევრობისათვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმარება და საბოლოოდ, ქვეყანა ალიანსისაგან მიწვევას მიიღებს.

პრობლემას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ორი მხარე აქვს. პირველი: ნატოში გაწევრიანებას წინ ეღობება ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებული პოლიტიკური დაღლილობა. ამას ემატება რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილების სურვილი. რუსეთი აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება ნატოს შემდგომ გაფართოებას, მათ შორის, საქართველოს გაწევრიანებას.

და კიდევ ერთი: სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქვეყნის კანდიდატობას საფრთხე შეექმნა. საუბარია [ოპონენტების] სასამართლო დევნაზე, კანონის უზენაესობის დასუსტებაზე და პოლიტიკური შურისძიების ფაქტებზე. ეს საქმეს უადვილებს მათ, ვინც ნატოს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგია და საქართველოს გაწევრიანებას ბლოკავს.

ამერიკის ხმა: როგორ გგონიათ, განვითრების რა ეტაპზეა ამჟამად საქართველოს დემოკრატია?

იან ბჟეზინსკი: ვფიქრობ, ბოლო არჩევნების შემდეგ ერთგვარი უკანდახევა შეინიშნება. რა თქმა უნდა, დემოკრატია არც მანამდე იყო სრულყოფილი, თუმცა თვალსაჩინო იყო განვითარება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის კანონის უზენაესობის განმტკიცების, პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ზრდისა და ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ჯანსაღი დამოკიდებულების მიმართულებით. ბოლო არჩევნების შემდეგ საქართველოს იმიჯი მნიშვნელოვნად შეცვალა "კუდიანებზე" პოლიტიკურმა ნადირობამ, ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლოს შურისძიების მიზნით გამოყენებამ, არ იყო საკმარისი საერთაშორისო გამჭვირვალობა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას შეაფერხა.

თუმცა, ალიანსს სრულად ესმის და აცნობიერებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს ჯარმა ნატოს თუ სხვა სამხედრო ოპერაციებში შეიტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ საქართველო დე-ფაქტო მოკავშირესავით იქცევა. მაგრამ როცა ამას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ემატება, დადებითი ასპექტის მნიშვნელოვნად სუსტდება.

ამერიკის ხმა: საქართველომ ახლახან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ველოდოთ თუ არა დამატებით დაძაბულობას საქართველოსა და რუსეთს შორის?

იან ბჟეზინსკი: დიახ, ველოდები და ძალიან მაწუხებს ეს საკითხი. ვფიქრობ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და შესაძლოა ყაზახეთის ზოგიერთი ნაწილიც კი, რუსეთის მზარდი ზეწოლის ობიექტის გახდება. რუსეთი არის ქვეყანა, რომლის ფუნდამენტიც პუტინის სამყაროს ხედვაზეა აგებული. პუტინს კი სურს, რომ მოსკოვის გავლენის სფერო გაზარდოს, სულ მცირე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაავრცელოს და შესაძლოა - უფრო შორსაც კი.

ამერიკის ხმა: პრეზიდენტმა პუტინმა კიდეც ერთხელ გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დე-ესკალაციას ხელს შეუწყობს. რა რეაგირება უნდა გააკეთოს ამაზე დასავლეთმა - წახალისების მიზნით რუსეთს სანქციები შეუმსუბუქოს, თუ პირიქით, ზეწოლის გაზრდის მიზნით ისინი გაამკაცროს?

იან ბჟეზინსკი: უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე პუტინმა არაერთხელ დადო პირობა, რომ უკრაინაზე ზეწოლას შეამსუბუქებდა, თუმცა პირობის შესასრულებლად არაფერი გაუკეთებია. პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ზეწოლას ზრდის და ლუგანსკსა და დონეცკში სეპარატისტებს იარაღს აწვდის. უნდა დავაკვირდეთ, თუ რას აკეთებს პუტინი და არა იმას, თუ რას ამბობს. რასაც ის ამბობს, ხშირად არ არის რეალობასთან კავშირში და შესაძლოა, გათვლილი იყოს იმაზე, რომ დასავლეთის დაბნეულობა და თავშეკავება გამოიწვიოს რუსეთთან ახალი კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით. ჩემი აზრით, სანქციები უნდა გავამკაცროთ. სანქციები, რომლებიც რუსეთს ამ დრომდე დავუწესეთ ძალიან უმნიშვნელოა. მათ რუსეთის ეკონომიკას დარტყმა ვერ მიატყენეს და პუტინს მოქმედების კურსი ვერ შეაცვლევინეს. დასავლეთი პუტინს უკრაინაში პოლიტიკას ვერ შეაცვლევინებს, თუ არ დაანახა, რომ ვითარებას სერიოზულად უდგება. რუსეთის ეკონომიკაზე სექტორული სანქციები უნდა დაწესდეს.

ძალიან მაკვირვებს ის, რომ დღემდე ეს არ გაგვიკეთებია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთს აკლია სტრატეგიული ხედვა და მორალური თანაგრძნობა ქვეყნისადმი, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა. ამასთან, კორპორაციული სიხარბეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოდით შევხედოთ ასე: როგორია დასავლეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ბალანსი? ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი 12 ტრილიონი დოლარია. ეს გლობალურად ინტეგრირებული ეკონომიკაა. მას იმპორტირებული ენერგორესურსების 30 პროცენტი მისდის რუსეთისგან. მას მხარს ამერიკა უჭერს, რომელის მთლიანი შიდა პროდუქტი 16 ტრილიონია. როგორ შეიძლება ხდებოდეს ის, რომ ორტრილიონიანი ავტოგასამართი სადგური ქვეყანა 12 და 16 ტრილიონიან ქვეყნებს აშინებს? მე ამას ვერ ვიგებ. ამ 2 ტრილიონიან ავტოგასამართ სადგურს - რომელიც, სხვათა შორის, არ არის გლობალურად ინტეგრირებული ეკონომიკა და მისი უმსხვილესი კლიენტი ევროკავშირია - სანქციები რომ დავუწესოთ, დასავლეთს ალბათ გარკვეული ეკონომიკური ტკივილი მიადგება, მაგრამ რუსეთისთვის ეს უდიდესი დარტყმა იქნება. სანქცები პუტინის რუსეთის მსგავს ავტორიტარულ ქვეყანასაც კი მოქმედებას შეაცვლევინებს.

ამერიკის ხმა: აქვს თუ არა ალიანსს ერთგვარი იდენტურობის კრიზისი იმის გათვალისწინებით, რაც ხდება ავღანეთში, სირიაში... რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს?

იან ბჟეზინსკი: გარკვეული თვალსაზრისით, პუტინმა ალიანსს ახალი სული ჩაბერა. სულ მცირე, პუტინმა ნატოს გაუჩინა ახალი შანსი და ახალი შესაძლებლობები. ალიანსი ერთგვარად გზას აცდა, მიმართულება შეიცვალა... უელსის სამიტის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ალიანსის მისია ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ. პუტინმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ კოლექტიური თავდაცვა ალიანსის ძალიან მნიშვნელოვანი მისიაა. თუ რამდენად გამოიყენებს ამ შანსს ნატო, ეს ჯერ არ ვიცით. მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ალიანსს აქვს შანსი, ეს მომენტი კარგად გამოიყენოს.

XS
SM
MD
LG