Accessibility links

logo-print

„ბისეკი“ უკეთეს მომავალს ელოდება?


BSEC-ის წევრი ქვეყნების დროშები

BSEC-ის წევრი ქვეყნების დროშები

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია - „ბისეკი“ (BSEC) -დაარსებიდან 20 წლისთავს ზეიმობს და სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად დაიგეგმა 26 ივნისის საიუბილეო სამიტი სტამბოლში. აქვე ვთქვათ, რომ ორგანიზაციის წევრი 12 ქვეყნის დელეგაციებთან ერთად სამიტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. რამდენად წარმატებული იყო განვლილი 20 წელიწადი ”ბისეკისთვის”, რა სარგებელი მოაქვს მას წევრი ქვეყნებისთვის და რამდენად საიმედოა ამ ორგანიზაციის მომავალი?

შავი ზღვისპირა ექვსი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, რუსეთისა და თურქეთის გარდა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია - „ბისეკი“ - აერთიანებს კიდევ 6 ქვეყანას - ალბანეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, საბერძნეთს, მოლდავეთსა და სერბიას. „ბისეკი“ სრულფასოვან ორგანიზაციად 1999 წელს ჩამოყალიბდა, 1992 წლის ივნისში კი ის ჩამოყალიბდა როგორც ფრიად იმედისმომცემი მოდელი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმისა, რომელსაც უნდა ეზრუნა რეგიონის მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, ხელი უნდა შეეწყო ჰარმონიული თანამშრომლობისა და კეთილგანწყობისთვის მეზობლებს შორის.

რას ფიქრობენ საქართველოში - გაამართლა თუ არა ეს დიდი იმედები „ბისეკმა“ თავისი არსებობის 20 წლის მანძილზე?

ამ შეკითხვაზე ანალიტიკოსთა უმრავლესობას უარყოფითი პასუხი აქვს და მათ შორის არის პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც. მისი აზრით, „ბისეკი“ არ აღმოჩნდა კონკურენტუნარიანი ორგანიზაცია:

საქართველოსთვის ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პრობლემა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან (რუსეთთან). ჩვენ ორივე ამ ორგანიზაციის წევრები ვართ და ჯერ მარტო ეს უმძიმესი მდგომარეობა ზღუდავს ამ გაერთიანების ეფექტურობას ...

”საერთაშორისო ორგანიზაციების სიძლიერე დღეს, ერთი მხრივ, იზომება ეკონომიკური გავლენით - ვაჭრობის, კაპიტალბრუნვისა თუ ტვირთბრუნვის მოცულობით - და, მეორე მხრივ, პოლიტიკური გავლენით, ანუ რამდენად არის ამ ორგანიზაციის ხმა ანგარიშგასაწევი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ფინანსურ პასიანსში. „ბისეკი“ აშკარად არ არის ასეთი ორგანიზაცია. მისი ტიპის ორგანიზაციების არსებობის თაობაზე ჩვენ ვგებულობთ ხოლმე, როცა რაიმე შეხვედრაა, სამიტია თუ საიუბილეო ღონისძიებაა.”

ამგვარი შთაბეჭდილების მიუხედავად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას სოსო ცინცაძე მიიჩნევს მაინც ”კარგ ჩანაფიქრად”, რომლის დროც ჯერჯერობით არ დამდგარა. „ბისეკის“ შექმნის იდეის მიმართ სიმპათიას გამოხატავს პოლიტოლოგი ირაკლი მენაღარიშვილიც. ანალიტიკოსის თქმით, თავის დროზე საერთაშორისო რეგიონალური ფორუმის დაფუძნებას ”სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა” ჰქონდა საქართველოსთვის და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის - ”თუნდაც მათი დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და საერთაშორისო არენაზე მათი ადგილის დამკვიდრების პროცესში.” ფაქტია, რომ ამ ფორმატში ჩართვამ, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის გარდა, საქართველოსა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ახალი ეკონომიკური პროექტების რეალიზების საშუალებაც მისცა ”ბისეკის” განვითარების ბანკის მეშვეობით.

თუმცა მას შემდეგ, რაც „ბისეკი“ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, მან მართლაც ვერ გაამართლა მზარდ მოთხოვნებთან დაკავშირებული იმედები. ეს კი, ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, უპირველეს ყოვლისა, ამ რეგიონში დაგროვილ რთულ პრობლემებს და ძირითადად მწვავე კონფლიქტებს უკავშირდება. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანალიტიკოსი ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილს ჩამოთვლის:

”საქართველოსთვის ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პრობლემა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან (რუსეთთან). ჩვენ ორივე ამ ორგანიზაციის წევრები ვართ და ჯერ მარტო ეს უმძიმესი მდგომარეობა ზღუდავს ამ გაერთიანების ეფექტურობას. ასეთივე დაძაბული და რთული მდგომარეობა ჰქონდა რუსეთთან მოლდოვას და დღესაც გრძელდება ეს მდგომარეობა. ხოლო რაც შეეხება ჩვენს ორ მეზობელს შორის (სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის) ომი არის უკვე წამყვანი ფაქტორი, რომელიც სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას არ აძლევს მოსვენებას.”

დღეს არსებული არცთუ სახარბიელო ვითარების მიუხედავად, „ბისეკის“ არსებობას ანალიტიკოსები აბსოლუტურად გამართლებულად მიიჩნევენ და თვლიან, რომ უფრო ეფექტიანი და შედეგიანი მუშაობისთვის „ბისეკი“ მისთვის უფრო ხელსაყრელ დროს უნდა დაელოდოს. მაგალითად, პოლიტოლოგი ირაკლი მჭედლიშვილი ვარაუდობს, რომ „ბისეკი“ შესაძლოა კარგ პარტნიორად იქცეს ნატოსთვისაც.
XS
SM
MD
LG