Accessibility links

logo-print
კარლ ფილიპ ემანუელ ბახის, დიდი იოჰანის ნაშიერის, „სოლფეჯიეტოს“ ერთი ასაკოვანი აფროამერიკელი ასრულებს - ბავშვობას იხსენებს, როცა ინსტრუმენტის ანა-ბანას ეუფლებოდა. მეტიც, უკადრებელს კადრულობს, გერმანელი კლასიკოსის ბგერათწყობას უხეშად არღვევს და თავის ყაიდაზე არჯულებს. მიზეზი კი მარტივია, მას ბად პაუელი ჰქვია და სხვაგვარად, უბრალოდ, არც შეუძლია.



ბად პაუელი 1924 წლის 27 სექტემბერს ჰარლემურ მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. პაპა გიტარისტი, ხოლო მამა მთლად „სტრაიდ“ პიანისტი ეგულებოდა. ფორტეპიანოს გემო ბახის, ბეთჰოვენის, შოპენისა და ლისტის წყალობით მოუსინჯა, თუმცა ხსენებული ბატონებისგან ყმაწვილი არტ ტეიტუმმა „იხსნა“, ტვინი გვარიანად აურია და ჯაზში შეიტყუა. ამ მუსიკის გამო სკოლაც კი ფეხებზე დაიკიდა და 15 წლის ასაკში უკვე პროფესიონალი პიანისტი ეთქმოდა. ჰენრი მინტონის ღამის კლუბს გახლდათ შეჩვეული, სადაც მეამბოხე მუსიკოსები ბიბოპის რევოლუციას ამზადებდნენ. აქ თელონიუს მონკმა დაიმეგობრა და შეგირდადაც დაიყენა - ხეზე ცოცვა ასწავლა. მონკისეულ ჰარმონიულ, რიტმულ და მელოდიურ თავისებურებებს ნაზიარები, საკუთარი სტილის ჩამოყალიბებას შეუდგა: მარცხენა ხელით დისონანსური ხალვათი აკორდებით, ხოლო მარჯვენათი - გახელებული მელოდიური პარკერისეული ფრაზებით. მარტივად რომ ვთქვათ, რასაც ბოპერები სასულე ინტრუმენტებით მიერეკობდნენ, ბადიმ, ერთ-ერთმა პირველმა, კლავიშებით მოახერხა.



20 წლის ასაკში მესაყვირე კუტი უილიამსის ბენდში ირიცხებოდა და ბიბოპის წამყვან პიანისტადაც მოიაზრებოდა. 1945 წელს, ფილადელფიაში გამართული კონცერტის შემდეგ, პოლიციელთან მოუვიდა შეკამათება. კრავივით ბიჭი არ გახლდათ, საჩხუბრად გაიწია და პასუხად თავში ხელკეტი მიიღო. კანის შეფერილობის გამო საავადმყოფოში მაინცდამაინც არ გადაჰყოლიან, ჭრილობა ჯეროვნად არ დაუმუშავეს და თავგახეთქილი გამოისტუმრეს. ამ ტრავმის გამო მოგვიანებით თავის აუტანელი ტკივილები დასჩემდა, რასაც ფსიქო-ნევროლოგიური პრობლემებიც მოჰყვა. მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ იმავე წელს კრიდმორის ფსიქიატრიულ ცენტრში მოათავსეს. ამბობენ, საბუთების გაფორმებისას პროფესიის გრაფაში თავი ათასამდე კომპოზიციის ავტორად დაახასიათაო. ექიმს კი ეს ჩანაწერი ჰალუცინაციურ-პარანოიდულ დარღვევევად, განდიდების ბოდვად მიუჩნევია და მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნავს. მეტ-ნაკლებად გონსმოსულმა, 1947 წელს მაქს როუჩთან და რეი ბრაუნთან ერთად ულამაზესი თხზულება ჩაწერა, რომელიც თავის ქალიშვილს, სილიას, მიუძღვნა.



„სილიას“ შექმნიდან რამდენიმე კვირაში ბადის კვლავ მოუხდა ფსიქიატრიულ ცენტრში დაბრუნება, სადაც 11 თვე დაყო და აფექტურ-ბოდვითი მდგომარეობის გამო ელექტროშოკური თერაპია ჩაუტარდა. ზუსტად არავინ უწყის, თუ რამდენჯერ მოუხდა 100 ვოლტიანი მუხტის ატანა, მაგრამ იქიდან გამოსულს მეხსიერების პრობლემები გაუჩნდა, ახლო მეგობრებსაც კი ვაი-ვაგლახით ცნობდა. მიუხედავად ამისა, 1945-55 წლები მისი შემოქმედების პიკად ითვლება. თერაპიულ სეანსებს შორის პაუზებისას იმ მუსიკას ქმნიდა, რომლის გამოც „ფორტეპიანოს ჩარლი პარკერი“ უწოდეს. აი, 1951 წელს მორიგი „დამუხტვის“ შემდეგ კი მისი ფსიქიკური და ფიზიოლოგიური ნგრევის პროცესი დაიწყო. თანაც, ერთ უბედურებას მეორეც დაემატა - ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მიეძალა. მაილს დევისი იხსენებდა, ჩარლი პარკერისგან განსხვავებით, ელექტროთერაპიამ ბადი გაანადგურა - ერთი კათხა ლუდიც ჰყოფნიდა, ადამიანის სახე რომ დაეკარგაო.



რახან პარკერი ვახსენე, ბადის იმდროინდელი ყოფის ამსახველ ერთ ეპიზოდსაც გავიხსენებ. 1955 წელს კლუბ „ბერდლენდში“ უკრავდა პარკერთან, დორჰემთან, მინგუსა და არტ ბლეიკთან ერთად. „ჩიტმა“ „ჰალუცინაცია“ წამოიწყო. მუსიკოსებიც აჰყვნენ...ბადის გარდა. სასმელითა და ტრანკვილიზატორებით გაბრუეებული, კლავიატურაზე მიწოლილი, სულ სხვა თემას უკრავდა და ცოცხლებში აღარ ეწერა. პარკერმა რამდენჯერმე შეუძახა, გონს მოსულიყო. პიანისტმა გაცოფებულმა დაიღრიალა, შემეშვითო, იდაყვით კლავიშები დალეწა და ბარბაცით მიატოვა მეგობრები. მოკლედ, გაუთავებელი ელექტროშოკური სეანსები თუ ძლიერი ტრანკვილიზატორები მუსიკაზეც აისახა. მისი უბადლო საშემსრულებლო ტექნიკა დაძაბუნდა და თითების სისხარტეც ვეღარ გახლდათ ძველებურად ფრთამალი. თუმცა, ხრიკს მიმართა - შესრულების ტემპი დააგდო, გახელებული ფრაზები კეთილხმოვანი აკორდებით ჩაანაცვლა.

ბად პაუელი, ბიბოპის ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტი, 41 წლის ასაკში, 1966 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა. ჰარლემში დაკრძალვის ცერემონიას ხუთი ათასამდე კაცი დაესწრო, პატარა ჯაზ-მობილზე სახელდახელოდ მოწყობილი სცენიდან კი კოლეგები მისივე შექმნილი თემებით მიაცილებდნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG