Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი პოლიტიკური კრიტიკის მიჯნაზე


ბულგარეთი
ბულგარეთი
კორუფციული სკანდალისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელსაც რიგ შემთხვევაში ძალადობაც ახლდა თან, ბულგარეთის მთავრობა გადადგა, რასაც გაზაფხულზე ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოჰყვება. თუმცა იბადება კითხვა, ხომ არ გახდება ბულგარეთი ევროკავშირისათვის კიდევ ერთი პრობლემური ბავშვი, საბერძნეთის, იტალიის, პორტუგალიისა და ესპანეთის შემდეგ.

ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკის წინაღმდეგ დაწყებულმა საპროტესტო გამოსვლებმა, ევროკავშირის უღარიბესი ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა. საპროტესო გამოსვლების ფონზე, გადადგა ბულგარეთის მთავრობა, რომელსაც ქუჩაში გამოსული განრისხებული დემონსტრანტები „მაფიად“ მოიხსენიებდნენ და საჯაროდ წვავდნენ კომუნალური გადასახადების ქვითრებს:

„როდემდე უნდა მოვითმინოთ ეს? გამოფხიზლდით და იყავით ბულგარელები! გაუმარჯოს დედა ბულგარეთს!“
საქმე ისაა, რომ 1997 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ძალიან მკაცრი ფისკალური და ფინანსური წესების დაცვით ვცხოვრობთ...
დანიელ სმილოვი

საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც მოიცვა ბულგარეთი თებერვლის მეორე დეკადაში, ყველაზე მასშტაბური იყო 1997 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. მას შემდეგ ბულგარეთი ბიუჯეტის მომჭირნეობის პირობებში ცხოვრობს, ეკონომიკა სტაგნაციაშია, ფასები იზრდება კომუნალურ გადასახადებზე, მაღალია კორუფცია, რომელშიც მხილებული აღმოჩნდა მთავრობის მიერ დანიშნული ელექტროენერგიის მარეგულირებელი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. ბულგარეთში აშკარად ეკონომიკურ კრიზისია, მაგრამ იგი განსხვავდება იმ კრიზისისგან, რომელიც ევროკავშირის წევრ პორტუგალიასა და საბერძნეთში მთავრობის ფინანსური მომჭირნეობის გეგმის გამო დაიწყოო, ამბობს დანიელ სმილოვი, სოფიაში მდებარე ლიბერალური სტრატეგიის ცენტრის შემსწავლელი პროგრამის დირექტორი:

„სინამდვილეში, 2008 -2009 წლების შემდეგ ბულგარეთს არ შეუმუშავებია სრული კომპლექსი ახალი ფინანსური მომჭირნეობის ზომებისა. საქმე ისაა, რომ 1997 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ძალიან მკაცრი ფისკალური და ფინანსური წესების დაცვით ვცხოვრობთ“.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის ევროზონის წევრი, ბულგარეთი საკუთარი ნებით შეუერთდა ევროკავშირის ფისკალურ პაქტს. როგორც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ბულგარეთშიც მოსახლეობას გაცილებით უფრო მაღალი ნდობა აქვს ევროკავშირის ინსტიტუტების, ვიდრე საკუთარი პოლიტიკოსების მიმართ.

თუმცა ახლა, მთავრობის გადადგომის შემდეგ, ქვეყანა არასტაბილურობის ხანაში შედის. დიდი ალბათობით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გაიმართება. მანამდე ჩამოყალიბდება დროებითი მთავრობა, რომლის ფორმირებაშიც აღარ მიიღებს მონაწილეობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი.

„ხალხმა ჩვენ მოგვცა ძალაუფლება, რომელსაც დღეს ვუბრუნებთო“, -განაცხადა 20 თებერვალს, გადადგომის შემდეგ, ბოიკო ბორისოვმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG