Accessibility links

logo-print

„სახელმწიფო ხალხისათვის“ - ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის დაფუძნებასაც აპირებს ცნობილი მომღერალი და ”საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე. მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა, რომელმაც უნდა აირჩიოს პოლიტსაბჭო და თავმჯდომარე, გაიმართება ორიოდე კვირაში. 12 მაისს პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია ახალი პოლიტიკური მოძრაობის მიზნებსა და გეგმებზე.

პაატა ბურჭულაძე 12 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ქვეყანამ არ უნდა გადაუხვიოს ევროპულ გზას, რომ საქართველო უნდა იყოს არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, არამედ ღირსეული, საკუთარი ტრადიციების მქონე, დამოუკიდებელი და სამაგალითო ქვეყანა, რომელსაც არ უნდა ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მთელი ქვეყანა არ უნდა ცხოვრობდეს ამ ბატონის გემოვნებით. პაატა ბურჭულაძე ამბობს ასევე, რომ ქართველი ერი არ გაჩენილა მხოლოდ მოთმინებისთვის და რომ მას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, ამისათვის კი საჭიროა სახელმწიფო ჩადგეს ხალხის სამსახურში, რასაც, წერილის მიხედვით, გააკეთებენ სუფთა წარსულის მქონე მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები:

„უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში არ მოდიოდნენ, რადგან ბევრი ამჟამინდელი პოლიტიკოსის გვერდზე დგომა არ უნდოდათ; უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც ადამიანი არ სძულს; უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც საქმის კეთება შეუძლია და არა ისინი, რომლებსაც ეს ქვეყანა გასართობად უნდათ, და უნდა დარჩნენ სახელმწიფო სამსახურში ისინი, ვინც ამ 25 წლის განმავლობაში ქმნიდა, აშენებდა, წინ მიჰყავდა ქვეყანა, ვინც რეალურ რეფორმებს ატარებდა და ვისაც პოლიტიკოსები იყენებდნენ, მათ ნამოღვაწარს საკუთარ დამსახურებად თვლიდნენ და იყენებდნენ თავიანთი დიდებისათვის“.

ახალი პოლიტიკური მოძრაობის დამფუძნებელთა შორისაა პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომლის თქმითაც, „სახელმწიფო ხალხისათვის“ უპასუხებს საზოგადოების მაღალ მოლოდინს ახალ იდეებსა და ახალ ლიდერებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი პირველი პაატა ბურჭულაძეა.

„ამასთან, ინტერესი პაატა ბურჭულაძის მიმართ თანაბრად დიდია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს დასავლელ პარტნიორებში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არსებულმა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ამოწურა საკუთარი რესურსი და ეს ქვეყნის დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელი ძალიან სერიოზული ფაქტორია. შესაბამისად, როგორც საზოგადოება, ასევე დასავლელი მეგობრებიც ეძებენ იმ საყრდენს, რომელიც შეძლებს ქვეყანა წაიყვანოს არა მხოლოდ განვითარებისკენ, არამედ, უპირველეს ყოფლისა, უზრუნველყოს სტაბილურობა“, უთხრა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოში პოლიტიკური უბიწოების ერთგვარი სინდრომია: ხალხს ხშირად მოსწონს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური ბიოგრაფია, პოლიტიკური გამოცდილება, რადგანაც პოლიტიკური გამოცდილება ასოცირებულია რაღაც ცუდთან, მადისკრედიტირებელთან, ხოლო პაატა ბურჭულაძეს ეს არ აქვს...

ორიოდე კვირის წინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ცალკეული პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად კეთილგანწყობილია ”საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის პაატა ბურჭულაძის მიმართ და მას 75 %-იანი მხარდაჭერა აქვს. ფილოსოფოსი გია ნოდია პაატა ბურჭულაძის მაღალ რეიტინგს ასეთ ახსნას უძებნის:

„საქართველოში პოლიტიკური უბიწოების ერთგვარი სინდრომია: ხალხს ხშირად მოსწონს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური ბიოგრაფია, პოლიტიკური გამოცდილება, რადგანაც პოლიტიკური გამოცდილება ასოცირებულია რაღაც ცუდთან, მადისკრედიტირებელთან, ხოლო პაატა ბურჭულაძეს ეს არ აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, აქვს სხვა ნიშნები და რაღაც ზომით ის ჰგავს ბიძინა ივანიშვილს, მისი იმიჯი მსგავსია ოთხი წლისწინანდელი ივანიშვილის იმიჯისა... ცხადია, აქ არ იგულისხმება სიმდიდრე, ის მილიარდერი არ არის, თუმცა არც ღარიბია, მაგრამ ცნობილია ქველმოქმედებით, ახლოსაა პატრიარქთან და ა. შ.“.

გია ნოდია იმასაც ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის განცხადება ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა. პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძეც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად ნაცნობი სცენარით განვითარდა: ჯერ დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელმაც გამართა შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან და მოამზადა ნიადაგი პოლიტიკური საქმიანობის დასაწყებად, ახლა კი, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, განაცხადა, რომ აპირებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. თუმცა გიორგი გობრონიძე აქვე შენიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძისადმი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კეთილგანწყობა ვერ იქნება არჩევნებში გარდაუვალი წარმატების წინაპირობა:

იმ პროგრამას, რომლის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ქართველი პროფესიონალები, არამედ ქართული ემიგრაციაც და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უცხოელი ექსპერტებიც...

„არ მგონია, არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოება გაჰყვეს, უბრალოდ, ცნობილ სახეებს ან კონკრეტულად ლიდერებს გაჰყვეს, რადგანაც უკვე აქვს თუნდაც „ქართული ოცნების“ გამოცდილება და ვხედავთ, რომ საზოგადოებაში კრიტიკულად განწყობილ ადამიანთა რაოდენობა იზრდება და, გარდა იმისა, რომ ლიდერი უნდა იყოს ცნობილი, ლიდერმა ადამიანებს თავი უნდა დაამახსოვროს ქველმოქმედებით (რაც გააკეთა კიდეც თავის დროზე ივანიშვილმა), ასევე საჭირო იქნება შესთავაზოს კონკრეტული ხედვები და გზები იმისა, თუ როგორ აპირებს დასახული ამოცანებისა და მიზნების მიღწევას“.

გიორგი გობრონიძის პასუხად, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ეს უნდა გააკეთონ ახალმა ლიდერებმა, რომლებიც საზოგადოებას წარუდგენენ ახალ, ინოვაციურ პროგრამას:

„იმ პროგრამას, რომლის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ქართველი პროფესიონალები, არამედ ქართული ემიგრაციაც და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უცხოელი ექსპერტებიც, რომლებსაც აქვთ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია სწორედ იმ სფეროებში, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს ევროპული დონის ქვეყნად გადაქცევისთვის“.

ხათუნა ლაგაზიძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მმართველი კოალიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ ეჭვს პაატა ბურჭულაძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირისა და შეთანხმებული მოქმედების შესახებ. ეს ეჭვი უსაფუძვლოდ მიაჩნია ფილოსოფოს გია ნოდიასაც, თუმცა მას იმის განსაზღვრაც უჭირს, თუ როგორი ორიენტაციის იქნება პაატა ბურჭულაძის პარტია.

„ხალხის შერჩევა აჩვენებს, რომ ეს უნდა იყოს პროდასავლური, ევროპული ორიენტაციის პარტია, თუმცა, მეორე მხრივ, ბურჭულაძე ახლოს არის პატრიარქთან და ამ სიახლოვის დემონსტირირებას ახდენს და, სავარაუდოდ, ის შეეცდება ამის გამოყენებასაც, რომ ვერ დასწამონ ეროვნული ტრადიციებისა და იდენტობისგან გადახვევა, მონაწილეობა „ქართველობის წართმევაში“, მაგრამ, იმავდროულად, აგრძელებს ევროპული მიმართულების გზას. დაახლოებით ამგვარი იდეოლოგიური პროფილი ექნება ამ ახალ პარტიას“, უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG