Accessibility links

logo-print

იყო თუ არა შესაძლებელი ბუტა რობაქიძის გადარჩენა


ალექსანდრე გეჯაძე (ცენტრში)

ალექსანდრე გეჯაძე (ცენტრში)

ბუტა რობაქიძის საქმის თაობაზე 19 თებერვალს გავრცელებული კადრებით იკვეთება პოლიციელების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე - დაუხმარებლობის - მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, - განაცხადა 21 თებერვალს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია ”უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ დროული და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო 19 წლის ახალგაზრდის გადარჩენა. ისინი ლაპარაკობენ აგრეთვე 19 თებერვალს გავრცელებული კადრების აშკარა მონტაჟზე.

იყო თუ არა შესაძლებელი დახმარების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში ბუტა რობაქიძის გადარჩენა? - ეს კითხვა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის, ”ვექტორის”, დირექტორმა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ თავად დასვა და თავადვე ისაუბრა იმ ვარაუდებზე, იყო თუ არა შესაძლებელი 2004 წლის 24 ნოემბერს წერეთლის გამზირზე სამართალდამცავის ტყვიით დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდისთვის სიცოცხლის შენარჩუნება:

”თუკი გული არ იყო დაზიანებული ცეცხლსასროლით მიყენებული ჭრილობით და სახეზე გვქონდა მხოლოდ ფილტვების გამჭოლი ცეცხლსასროლი დაზიანება, აქ კატეგორიული საუბარი უპირობო სასიკვდილო დაზიანებაზე ძნელია, რამეთუ დროული კვალიფიციური პროფილური სამედიცინო დახმარების პირობებში არ არის გამორიცხული, რომ ასეთი სახის ჭრილობების დროს, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყოს პიროვნების გადარჩენა”, - ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ასფალტზე სახით ყოფნის პერიოდი იყო გახანგრძლივებული. ანუ ის დროულად არ გადმოაბრუნეს...

ის ხაზგასმით აცხადებს, რომ მტკიცება იმისა, შესაძლებელი იყო თუ არა ბუტა რობაქიძის გადარჩენა, არ შეუძლია, თუმცა, მისი თქმით, ერთი რამ ცხადია: 19 თებერვალს გავრცელებული კადრების მიხედვით, დაჭრილი ახალგაზრდის დასახმარებლად სამართალდამცავები დიდი ხნის მანძილზე არაფერს აკეთებენ. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს დაჭრილის გარესისხლდენის სპეციფიკა:

”სახე მოსვრილი აქვს სისხლით. ეს შეუსაბამობაა შესავალი ხვრელის ლოკალიზაციასა და სახეზე არსებულ სისხლის ლაქებს შორის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ასფალტზე სახით ყოფნის პერიოდი იყო გახანგრძლივებული. ანუ ის დროულად არ გადმოაბრუნეს და ამ დროის პერიოდში სისხლმა მოასწრო გარეთ გამოდენა და, შესაბამისად, დაუსვარა მას სახე”, - ვარაუდობს ალექსანდრე გეჯაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ 19 თებერვალს ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრებით იკვეთება პოლიციელების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე - დაუხმარებლობის - მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც, მისი თქმით, პროკურატურამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:

”იქ მყოფმა ეკიპაჟის თანამშრომლებმა არ აღმოუჩინეს დროული დახმარება მომაკვდავ ადამიანს. აქედან გამომდინარე, ამ კადრებით უკვე იკვეთება სხვა პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი”.

იყო თუ არა 19 თებერვალს გავრცელებული კადრები დამონტაჟებული? - ამ კითხვაზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის, ”ვექტორის”, აუდიო და ვიდეოჩანაწერების ექსპერტს, ფონოსკოპისტ მარიკა ტოკლიკიშვილს, აი, ასეთი პასუხი აქვს:
გასროლის მომენტში პოლიციის თანამშრომლებს აქვთ არაადეკვატური მოქმედება. არც ერთს თავიც კი არ შეუტრიალებია გასროლის ხმაზე. მასალა აშკარად დამონტაჟებულია...

”ის მასალა, რაც გავრცელდა ტელევიზიებით და ინტერნეტსივრცეში, აშკარად დამონტაჟებულია”.

მარიამ ტოკლიკიშვილი ამგვარი დასკვნის რამდენიმე მიზეზს განმარტავს. მათ შორის ერთ-ერთია ვიდეომასალაში შემოსული ცეცხლსასროლი იარაღის ხმა და სამართალდამცავთა რეაქციაა.

”გასროლის მომენტში პოლიციის თანამშრომლებს აქვთ არაადეკვატური მოქმედება. არც ერთს თავიც კი არ შეუტრიალებია გასროლის ხმაზე. მასალა აშკარად დამონტაჟებულია, გამოსახულებისა და აუდიოს ნაწილი ასცდა ერთმანეთს. ამიტომ ამ პოლიციელებს ვერ ექნებოდათ იმ მომენტში, იმ კადრში ადეკვატური რეაქცია”, - მიაჩნია მარიამ ტოკლიკიშვილს.

გარდა ამისა, ექსპერტის შეფასებით, კადრში ჩანს, რომ გასროლის მომენტში იარაღი აღმართულია ზევით და შეუძლებელია ასეთი ტრაექტორიით გასროლილი ტყვია ვინმეს მოხვედროდა. გარდა კადრების ტექნიკური ანალიზისა, მარიკა ტოკლიკიშვილი ვიდეომასალას ფსიქოლოგიური კუთხითაც აფასებს. მისი განცხადებით, პოლიციელების ქცევა არაადეკვატურია, მათი რეაქციები არ ჰგავს რეალურად აფექტში მყოფი ადამიანის ქცევას დაისინი "კამერაზე მუშაობენ".
კადრები აბსოლუტურად სინამდვილეა და ცხადად ასახავს იმ უბედური დღის ყოველივე დეტალს...

19 თებერვალს გავრცელებული კადრების თაობაზე განსხვავებული აზრი აქვს ბუტა რობაქიძის საქმეზე ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის ყოფილ ოცმეთაურს, მაიზერ ლიპარტელიანს. მისი მტკიცებით, ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრები რეალობას ასახავს:

”კადრები აბსოლუტურად სინამდვილეა და ცხადად ასახავს იმ უბედური დღის ყოველივე დეტალს”.

მაიზერ ლიპარტელიანი ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში ორჯერ დაკითხა. მისი ბოლო განცხადება და პროკურატურისათვის მიცემული ჩვენებები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება. ნოემბერში მიცემული ჩვენებების შინაარსის მიხედვით, მას გარდაცვლილი რობაქიძის გვერდით იარაღი არ შეუმჩნევია.

19 თებერვალს გავრცებული კადრების ერთ-ერთი მთავარი მოტივი სწორედ ის იყო, საზოგადოებას ეხილა, რომ 9 წლის წინ წერეთლის გამზირზე სამართალდამცავების მიერ გაჩერებულ მანქანაში შეიარაღებული ახალგაზრდები ისხდნენ, რომლებმაც პატრულს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკითხული კიდევ ერთი მოწმის, საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, ზურაბ მიქაძის ადვოკატი, კობა კობახიძე აცხადებს, რომ გასული წლის ბოლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მიქაძემ ჩვენება პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ მისცა. ადვოკატის ამ განცხადებას 21 თებერვალს გამოეხმაურა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომელიც აცხადებს, თუკი ადვოკატი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას, პროკურატურას მიმართოს და ისინი საქმეს შეისწავლიანო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG