Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ გურამ დონაძეს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენა


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალი წაუყენეს. ამავე მუხლით მასთან ერთად ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთ ყოფილ თანამშრომელს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა იარაღი შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით მიიტანეს, მთავარმა პროკურორმა რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა, 8 თებერვალს კი აღნიშნულის შესახებ მთავარ პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. პროკურატურის განცხადებით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება და უახლოეს დღეებში მთავარი პროკურატურა საზოგადოებას გააცნობს პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების იმ წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ამა თუ იმ დოზით მონაწილეობდნენ გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვაში:

“საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ ბრალდება, რომელიც თავის დროზე ახალგაზრდებს წაუყენეს, ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს”, - ეს განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის გახმაურებული საქმის გამოძიების თაობაზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გასული წლის ნოემბერში გააკეთა, 5 თებერვალს კი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე სრული მოცულობით გახსნილად გამოცხადდება და მასში მონაწილე ყველა თანამდებობის პირი დასახელდება.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში მონაწილე პირების ვინაობა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 8 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, სპეციალურ ბრიფინგზე გაამჟღავნა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, მკვლელობის ღამეს, აკაკი წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის არაერთმა თანამდებობის პირმა, პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული ჩაიდინა. განცხადების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს რა, რომ გარდაცვლილ ბუტა რობაქიძესა და მის თანმხლებ ხუთ მეგობარს არ ჰქონდა არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალის შემთხვევის ადგილზე მიტანა თავად გადაწყვიტეს. პროკურატურის განცხადებით, გარდა პოლიციისა, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე.
ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს...
პროკურატურა

”2012 წლის 12 ნოემბერს გამოძიება განახლდა და დადგინდა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტური იყო. გამოძიება ცდილობდა არა რეალური სურათის დადგენას, არამედ არსებული ხელისუფლების სურვილის დაკმაყოფილებას, რათა არ მომხდარიყო საპატრულო პოლიციის იმიჯის შელახვა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მიქაძე, სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი დავითიაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი ალექსანდრე გვაზავა, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი ზაზა ბაქრაძე. აღნიშნულმა პირებმა გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს. ამის შემდეგ, გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძეს დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით", - განაცხადა პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”2005 წლის 29 დეკემბერს უდანაშაულო ახალგაზრდების მიმართ ყალბი ბრალდებით შედგენილი სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო სასამართლომ საქმე 7 წლის განმავლობაში არ განიხილა. საბოლოოდ, ახალგაზრდები ბრალდებისაგან მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ, რაც საქართველოს პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ 2012 წლის დეკემბრში მათ ბრალი მოუხსნა".
იქ ვიღაცამ იარაღი მიიტანა, ჩაალაგა თუ რა ქნა, ამას ყველაფერს გამოძიება სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ გურამ დონაძე არ და ვერ მიიტანდა ვერანაირ იარაღს...
კახა შონია

გურამ დონაძის ადვოკატი კახა შონია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ გურამ დონაძის იმდროინდელი თანამდებობრივი მდგომარეობა ვერ მისცემდა მას საშუალებას შემთხვევის ადგილზე იარაღის მიტანაში მიეღო მონაწილეობა. მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ის სასამართლო პროცესზე შეეცდება:

”იქ ვიღაცამ იარაღი მიიტანა, ჩაალაგა თუ რა ქნა, ამას ყველაფერს გამოძიება სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ გურამ დონაძე არ და ვერ მიიტანდა ვერანაირ იარაღს, რადგან, მისი მაშინდელი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მას იარაღთან შეხება არ ჰქონდა. ის იყო ჟურნალისტი და პრესსამსახურის უფროსი”, - ამბობს კახა შონია.

გეტყვით იმასაც, რომ საპატრულო პოლიციის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე, რომელსაც პროკურატურამ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე 30 ნოემბერს წაუყენა ბრალი, სასამართლომ 2 დეკემბერს 16 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში გურამ დონაძეს იმ სცენარის ავტორად მოიხსენიებს, რომელიც, მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამეს დაიდგა და შემდეგ ტელევიზიით გავრცელდა. ის იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილის მკვლელობიდან 9 წლის თავზე სამართალი აღდგება:

”გურამ დონაძემ ოპერატორს ამოაღებინა კასეტა, სადაც გადაღებული იყო პირვანდელი სიტუაცია, მაგრამ, მისი მოთხოვნით, ჩადეს ახალი კასეტა, რომლის მეშვეობითაც გადაიღეს ის ფარსი, რომელიც დადგეს მიქაძემ, დონაძემ და ა.შ.”, - ამბობს ია მეტრეველი.

თავად გურამ დონაძე მის კავშირს 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოეხმაურა, სადაც მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეთითხნილი უწოდა. როგორც ის თავის გამოხმაურებაში წერს, არსებობს სამსახურებრივი მივლინების ოფიციალური დოკუმენტი თარიღითა და ბეჭდით დამოწმებული, რომელიც ადასტურებს, რომ ის მკვლელობის ღამეს თბილისში არ იმყოფებოდა. როგორც მისი ადვოკატი კახა შონია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, გურამ დონაძე უკვე 2-3 თვეა საზღვარგარეთ იმყოფება და ადვოკატს მასთან კონტაქტი არ აქვს, თუმცა, მისი მტკიცებით, გურამ დონაძე არ აპირებს მიემალოს მართლმსაჯულებას და ჩვენების მისაცემად საქართველოში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG