Accessibility links

logo-print
28 აპრილის ბზობის დღესასწაულისთვის ბზის ტოტების დამზადებას უკვე აქედანვე იწყებენ. ბზა „წითელ წიგნში“ შეტანილი მცენარეებიდან ერთ-ერთია. მიუხედავად ამისა, ყოველ დღესასწაულზე ეს მცენარე ათასობით იჩეხება. გარემოსდამცველები შიშობენ, რომ ბზა შესაძლოა მალე გადაშენდეს.

ბზა ენდემური მცენარეა. ის ძალიან ნელა იზრდება. დღეს ბზის ხეები საქართველოში უკვე იშვიათად გვხვდება, უკონტროლო ჩეხის გამო საფრთხე ემუქრება ბუჩქებსაც. საქართველოს ენერგეტიკისა და ბენებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის ბრძანებთ (N95), ყოველი მოტეხილი ბზის ტოტისთვის ადამიანს ჯარიმა ეკისრება, თუ ტოტი 20 სანტიმეტრამდე სიგრძისაა - 1 ლარი, ხოლო თუ მეტის - 2 ლარი.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო, ყველაფერთან ერთად, მილიონობით ლარს ზარალობს, რადგან ეს ძვირფასი მცენარე ყოველწლიურად დიდი რაოდენობით იჭრება, ჯარიმას კი არავინ იხდის:

რეზო გეთიაშვილი

რეზო გეთიაშვილი

„გამოდის, რომ ბზობის დღესასწაულზე გვყავს ათასობით დამნაშავე. ბზის თითო შეკვრაზე ჯარიმის ოდენობა არის 1-დან 10 ლარამდე, რაც ამ კონის ფასზე გაცილებით მეტია. ბზა ტომრებით შემოდის. ეს უკვე ნამდვილი კონტრაბანდაა, „ეშელონებით“ შემოდის დასავლეთ საქართველოდან. მხოლოდ ჯარიმის გადაუხდელობის გამო სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი მილიონობით ლარს შეადგენს, აღარაფერს ვამბობ იმ ზიანზე, რაც გარემოს ადგება“.

გარემოსადმი მიყენებული ზიანი კი სავალალოა. რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ ბზას განსაკუთრებული გაფრთხილება თუმდაც იმიტომ უნდა, რომ ეს მცენარე ისედაც დაავადებულია:

„ღია გარემოსდაცვითი ინიციატივის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი მაია ვეკუა ამბობს, რომ ბზის არალეგალური მოგროვება სამეგრელოში დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე იწყება:

„ბზის ამონაყარი ტყეებიდან გამოაქვთ და ერთჯერად ქოთნებში ათავსებენ, რომ ბზობის დღესასწაულზე გაყიდონ“.

მაია ვეკუას თქმით, მას რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მონასტრიდან დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, მართლაც არის თუ არა ბზა „წითელ წიგნში“ შეტანილი. ეს კითხვა მონასტრის წარმომადგენლებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ტყეში ბზის შესაგროვებლად გავიდნენ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

ბზობის დღესასწაული მაცხოვრის იერუსალიმში შესვლას უკავშირდება. ხალხი ქრისტეს პალმის ტოტებით შეხვდა. საქართველოში პალმა ბზამ ჩაანაცვლა, რუსეთში - ტირიფის ერთ-ერთმა სახეობამ, ანუ იყენებენ მცენარეს, რომელიც ამ სეზონზე ყვავის.

საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მონაზონი თეკლე ამბობს, რომ ამ პრობლემის გამო ცოცხალი ნერგების გამოყვანაც დაიწყეს, რაც საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ხალხს ნერგები ეკლესიის შემდეგ სახლში მიჰქონდა და ერთი წლის მერე უკვე ეზოებში რგავდნენ. დედა თეკლეს თქმთ, ისიც სცადეს, ბზობის შემდეგ დარჩენილი აუარება ტოტი მანქანებით შეეგროვებინათ და კალმებად გამოეყენებინათ, მაგრამ რადგან მოჭრიდან გარკვეული დრო იყო გასული, ნერგებმა არ იხარა.

„პრობლემა იმაშია, რომ ხალხს უნდა ძალიან დიდი თაიგული ჰქონდეს, დიდი ტოტები... არ არის საჭირო დიდი თაიგული. საკმარისია ერთი, სიმბოლური პატარა ტოტი. ნუ მოიჭრება ასეთი დიდი რაოდენობით. შეიძლება მეტყევემ მოჭრას, გარემოს დაცვის სამინისტრომ გაუკეთოს ორგანიზება და თვითონ მოჭრას“, - ამბობს დედა თეკლე.
ვფიქრობთ, რომ კანონში გარკვეული ცვლილება უნდა შევიდეს და მოწესრიგდეს ეს საკითხი ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პერიოდისთვის შესაბამისი უწყებების ზედამხედველობის ქვეშ ბზის ტოტების დამზადება...

იმავე აზრისაა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ მაჭავარიანი. მისი თქმით, ბზობის მოახლოებასთან დაკავშირებით მეთვალყურეობა გამკაცრებულია, თუმცა მომავალში ეს პრობლემა სხვაგვარად უნდა გადაწყდეს:

„ვფიქრობთ, რომ კანონში გარკვეული ცვლილება უნდა შევიდეს და მოწესრიგდეს ეს საკითხი ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პერიოდისთვის შესაბამისი უწყებების ზედამხედველობის ქვეშ ბზის ტოტების დამზადება“.

მისივე თქმთ, ბზა ძალიან ადგილად იტანს კრეჭას, თუკი დიდი ტოტი არ მოიჭრება. შესაძლებელია ასევე ბზის მოშენებაც. მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი უნდა განიხილონ და რომელიმე ერთზე შეჯერდნენ, თუმცა კერძოდ როდის შეიძლება განხილვა დაიწყოს, ცნობილი არ არის. მერაბ მაჭავარიანი აცხადებს, რომ გარემოსდაცვითი სტრუქტურების რეორგანიზაციის გამო ჯერ ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG