Accessibility links

ამერიკელი ექსპერტები საქართველოს მთავრობის მოქმედებებზე


სვანტე კორნელი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი

სვანტე კორნელი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი

„კრიზისი საქართველოში, მეორე რაუნდი: როგორი იქნება ამერიკის პასუხი?“. ღონისძიებას ამ სათაურით 6 ნოემბერს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა ვაშინგტონში უმასპინძლა, დისკუსიას, რომელიც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენებას და ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას მიეძღვნა.

დისკუსისიის სპიკერმა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარმა ევრაზიის საკითხებში სვანტე კორნელმა, რომლის კვლევის ერთ-ერთი ფოკუსი სამხრეთ კავკასიაა, სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საკითხი მარტო ირაკლი ალასანიას არ ეხება და რომ საქართველოს მთავრობა მთლიანმა პრო-დასავლურმა ჯგუფმა დატოვა, „ფაქტობრივად არავინ დარჩა. რესპუბლიკური პარტია დღემდე რჩება კოალიციაში, ისინი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ არჩევანში წარმმართველები არ ყოფილან,“ განაცხადა კორნელმა.

კითხვას, იცვლება თუ არა საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი მინისტრების ცვლასთან ერთად, სვანტე კორნელი ასე პასუხობს: „ერთია სურვილი და მეორე შესაძლებლობები. საქართველოს მთავრობას ჩამოშორდა ნაწილი, რომელიც წარმართავდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და დასავლური ინტერგაციის პროცესს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის შესაძლებლობა გააგრძელოს დასავლური ინტეგრაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.“

მისი თქმით, ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება საქართველოს მთავრობის განზრახვა: „ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ თეორიულად პრემიერ- მინისტრი გვპირდება ამ კურსის გაგრძელებას.“

კორნელი ამბობს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები ახლა ინტერესით აკვირდებიან გამოძიების პროცესს და სვამენ კითხვას - ექნება თუ არა ადგილი პოლიტიკურ დევნას ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ.

საჯარო დისკუსიას ესწრებოდა საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში გეგა მგალობლიშვილიც. მისი შეფასებით, დასავლური გადმოსახედიდან ალასანიას და მისი ჯგუფის წასვლა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დასავლური კურსი მნიშვნელოვნად შესუსტდა.

„ალასანიას და მის გუნდს ქვეყნის გარეთ აფასებდნენ, როგორც კოალიციის და მთავრობის პრო-დასავლურ სეგმენტს, ასეთივე შეხედულებების ისინი არ იყვნენ კოალიცის სხვა წევრებზე. ბუნებრივია, ყველა მათგანის მთავრობიდან წამოსვლა, განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრის და მისი მოადგილეების გათავისუფლება, აღქმული იქნა როგორც საქართველოს ანტი-დასავლური ნაბიჯი,“ ამბობს მგალობლიშვილი.

დისკუსიის სპიკერი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტის კვლევების ხელმძღვანელი - მამუკა წერეთელი მიიჩნევს, საქართველოს მთავრობისთვის ახლა მთავარი გამოწვევა ინტეგრაციის კურსის გაგრძელებაა.

„ამისათვის უნდა მოძებნოს სწორი სტრატეგია, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებიც წავიდნენ ამ საქმეში დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი. ახლა საჭიროა ადექვატური შემცვლელის მოძებნა და ამ გზის გაგრძელება.“

მისი თქმით, ჯერ ისევ კითხვად რჩება მოახერხებს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG