Accessibility links

logo-print

ბრძოლა დაუსჯელობასთან - წამების აღმოფხვრის გზა


წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღე თბილისში. 2011 წელი

წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღე თბილისში. 2011 წელი

26 ივნისი გაეროს მიერ წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღედაა აღიარებული. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით: „წამება, სტამბოლის პროტოკოლი და ბრძოლა დაუსჯელობასთან“. სწორედ დაუსჯელობას ასახელებდნენ კონფერენციის მონაწილე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოსთვის მთავარ მოსაგვარებელ პრობლემად. როგორ მიმდინარეობს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება საქართველოში და, ზოგადად, იკლო თუ არა წამების ფაქტებმა?

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის“ კახა კოჟორიძის თქმით, მის ორგანიზაციას ერთეული საქმეები აქვს წამების სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით. მისი თქმით, დღეს წამება სისტემური დანაშაული აღარ არის, მაგრამ მთავარ პრობლემად რჩება გამოძიების დაგვიანებული ან გულგრილი წარმოების პროცესი. კახა კოჟორიძეს კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს და ამბობს:

„ჩვენ გვქონდა შიო კობიძის საქმე, რომელსაც, როგორც თვითონ აცხადებს, 2013 წლის 27 ოქტომბერს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს და აწამეს მთელი ღამის განმავლობაში და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი თვეების განმავლობაში ცდილობდა გამოძიების დაწყებას, მიმართა არაერთხელ სამართალდამცავ ორგანოებს, პირადადაც შეხვდა ადვოკატის მეშვეობით, არათუ ეფექტურ გამოძიებას ვერ მიაღწია, ვერ მიაღწია იმასაც, რომ ფორმალურად მაინც დაწყებულიყო გამოძიება“.

დაახლოებით 58 გადაწყვეტილებიდან, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს, სულ მცირე, 13 გადაწყვეტილებაში აქვს ნათქვამი, რომ პოზიტიური ვალდებულების დარღვევას ჰქონდა ადგილი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ მუხლებთან მიმართებაში...

კახა კოჟორიძის თქმით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ საქმის თაობაზე საია-ში პრესკონფერენცია გაიმართა, თუმცა გამოძიება ნელა, შეიძლება ითქვას, სრულიად არაეფექტურად მიმდინარეობს.

გამოძიების ეფექტურობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება კონფერენციაზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა საქართველოში ბესო ბოხაშვილმა და სტატისტიკაც მოიხმო იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი უნივერსალური და რეგიონალური ორგანიზაციების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების უმეტესობა სახელმწიფოს მიერ წარმოებულ არაეფექტიან გამოძიებას უკავშირდება:

„თითქმის ყოველი მეოთხე გადაწყვეტილება, რომელიც გამოდის საქართველოსთან მიმართებაში, უკავშირდება სწორედ რომ არაეფექტიანი გამოძიების გამო სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების დარღვევას. დაახლოებით 58 გადაწყვეტილებიდან, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს, სულ მცირე, 13 გადაწყვეტილებაში აქვს ნათქვამი, რომ პოზიტიური ვალდებულების დარღვევას ჰქონდა ადგილი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ მუხლებთან მიმართებაში“.

წამების ფაქტების გამოძიების ეფექტურობის გაზრდასთან ერთად, წლების განმავლობაში თითქმის არაფერი გაკეთებულა თავად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვისო, განაცხადა ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ წარმომადგენელმა ლია მუხაშავრიამ.

2012 წელს ვიხილეთ რა ის შოკისმომგვრელი ფაქტები, რაც იყო ციხის პირობებში, ამან ბევრად შეცვალა დამოკიდებულება საზოგადოებისაც და ხელისუფლებისაც, ზოგადად, წამების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით...

„სხვათა შორის, წამების მსხვერპლის რეაბილიტაცია გულისხმობს არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობის აღდგენას ან შემსუბუქებას, არამედ სასამართლოში მის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი ან მისთვის საზიანო გადაწყვეტილების გადასინჯვასაც. ეს არის ბოლო ეტაპი იმისათვის, რომ ადამიანმა რეაბილიტაცია გაიაროს და რეაბილიტირებულად იგრძნოს თავი. ამიტომ ჩვენ სახელმწიფოს ამაში ვედავებით და გავაგრძელებთ ამაში დავას“.

წამების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე საუბრისას პარლამენტის ვიცე- სპიკერმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის სირცხვილია წამების თუნდაც ერთეული ფაქტების არსებობა:

„2012 წელს ვიხილეთ რა ის შოკისმომგვრელი ფაქტები, რაც იყო ციხის პირობებში, ამან ბევრად შეცვალა დამოკიდებულება საზოგადოებისაც და ხელისუფლებისაც, ზოგადად, წამების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. დღეს, შეიძლება ითქვას, სისტემური დანაშაულის სახით წამება აღარ არსებობს ქვეყანაში, სერიოზული ცვლილებები გატარდა კანონმდებლობაში და, ასევე, პრაქტიკაში იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ეს დანაშაული, თუმცა, სამწუხაროდ, მე ვარ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ვაკრიტიკებ ჩვენს ხელისუფლებას იმ კონტექსტში, როდესაც წამების დანაშაულში მხილებული პირების მიმართ ზოგ შემთხვევაში გამოყენებული იყო საპროცესო შეთანხმებები, ერთი პირი კი საერთოდ გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან“.

სპეციალური მუხლებია ჩასადები წამების მსხვერპლის უფლებებთან დაკავშირებით. დღეს მათი უფლებები საკმაოდ შეზღუდულია. მსხვერპლს უფლება არ აქვს სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნოს და ა.შ...

მარიამ ჯიშკარიანი, წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, იმ ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც კანონში უნდა შევიდეს. სისხლის სამართლის კოდექსში წამების განმარტება უნდა მოვიდეს შესაბამისობაში გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველ მუხლთან; ცვლილებები უნდა შევიდე საპროცესო კოდექსში, რათა წამების ექსპერტიზა შესაბამისობაში მოვიდეს სტამბოლის პროტოკოლთან და საერთაშორისო განმარტებებთან, ანუ ექსპერტიზის დრო იყოს შეზღუდული 24 ან 48 საათით.

„სპეციალური მუხლებია ჩასადები წამების მსხვერპლის უფლებებთან დაკავშირებით. დღეს მათი უფლებები საკმაოდ შეზღუდულია. მსხვერპლს უფლება არ აქვს სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნოს და ა.შ.“.

თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით გაწერილი სამუშაოები ჩამოთვალა, რამაც წამების მსხვერპლთა დახმარებას და ფაქტების გამოძიებას უნდა შეუწყოს ხელი:

„წამებასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის განახლება, რომ დაუსჯელობასთან ბრძოლა იყოს ეფექტური; შემდეგი - ეს არის სრულყოფილი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი გამოძიებების წარმოება და შესაბამისი მექანიზმის შექმნა; ეროვნული პრევენციის მექანიზმის გაძლიერება სახალხო დამცველის ოფისის მანდატის ქვეშ; აგრეთვე დახურულ დაწესებულებებში ეფექტური შიდა და გარე მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერება და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“.

როგორც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ადამიანის უფლებათა ატაშემ ევა პასტრანამ აღნიშნა, საქართველომ მეტი უნდა იმუშაოს სამართალდამცავი ორგანიზაციების კომპეტენციის ასამაღლებლად და მოსამართლეების დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, რათა მოიხსნას კითხვის ნიშნები წამების ფაქტების გამოძიებასთან მიმართებით, ვინაიდან საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება მხარეთა ურთიერთობაში.

XS
SM
MD
LG