Accessibility links

logo-print

ვინ არიან კვებეკელი სეპარატისტები?


"პარტი კებეკუას" ლიდერი პოლინ მარუა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

"პარტი კებეკუას" ლიდერი პოლინ მარუა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

კანადის სეპარატისტულმა პარტიამ - „პარტი კებეკუამ“ - ქვეყნის ფრანგულენოვან, კვებეკის პროვინციაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, რამაც პარტიას, ცხრა წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნის შემდეგ, უმცირესობის მთავრობის ფორმირების საშუალება მისცა. თუმცა პარტიას გამარჯვების საზეიმოდ აღნიშვნა არ დასცალდა: მისი ლიდერისა და პროვინციის ახალი პრემიერ-მინისტრის პოლინ მარუას გამოსვლის დროს ერთი კაცი მოკლეს და კიდევ ერთი დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით. როგორც იუწყებიან, პირმა, რომელმაც ცეცხლი გახსნა, თან ფრანგულ ენაზე დაიყვირა - „ინგლისელები ფხიზლდებიანო“. პოლიტიკურ ნიადაგზე ძალადობა კანადაში ძალიან იშვიათია, თუმცა ფრანგულენოვანი კვებეკის დამოუკიდებლობის თემა პერიოდულად აქტუალური ხდება, რაც დაძაბულობას და შეტაკებებსაც კი იწვევს.

ვინ არიან კვებეკელები?
სახელმა „კვებეკელები“, წესით, კანადის კვებეკის პროვინციის ყველა მცხოვრები უნდა მოიცვას, თუმცა ამ ტერმინით ძირითადად კვებეკის ფრანგულენოვან მოსახლეობას მოიხსენიებენ ხოლმე. კვებეკი კანადის მეორე პროვინციაა, როგორც სიდიდის, ისე მოსახლეობის რაოდენობის - 8 მილიონი ადამიანი - თვალსაზრისით. წარსულში - 1763 წლამდე - კვებეკის პროვინცია ჩრდილოეთ ამერიკის იმ ტერიტორიების ნაწილი იყო, რომლებიც საფრანგეთის მფლობელობაში შედიოდა. კვებეკის მოსახლეობის უმრავლესობა ფრანგულენოვანია. კვებეკი წარმოადგენს კანადის ერთადერთ ადმინისტრაციულ პროვინციას, სადაც ოფიციალური ენა ფრანგულია.

თუმცა, როგორც ამბობენ, კვებეკის ფრანგული მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ფრანგულისგან, რომელსაც საფრანგეთში მოისმენთ. საფრანგეთის ტელევიზია კვებეკელთან ინტერვიუს თუ გადასცემს, კადრებს ხშირად სუბტიტრებსაც ურთავს და ტექსტს საფრანგეთში „ნორმალურად“ მიჩნეულ ფრანგულ ენაზე „თარგმნის“ ხოლმე, ვინაიდან კვებეკური ფრანგული ბევრ ძველმოდურ თუ არქაულ სიტყვას იყენებს.

როდის გაჩნდა კვებეკელთა სეპარატისტული განცდები?
კვებეკელებს საფრანგეთთან ძლიერი კულტურული ბმა ყველა ეტაპზე ჰქონდათ. კანადაში ომისშემდგომმა ეკონომიკურმა ბუმმა - ბრიტანეთის იმპერიის დასუსტებასთან ერთად - კანადელთა იდენტობის გაძლიერება მოიტანა, რამაც, თავის მხრივ, კვებეკელებს თავიანთი ფრანგული იდენტობის უფრო აქტიურად ხაზგასმისკენ უბიძგა.

პროვინციის პირველი პოლიტიკური პარტია „პარტი კებეკუა“, რომელმაც სამშაბათის არჩევნებში გაიმარჯვა, 1968 წელს შეიქმნა, ერთი წლის შემდეგ კი კანადა ოფიციალურად გახდა ორენოვანი სახელმწიფო, რომელშიც ინგლისურსაც და ფრანგულსაც ერთნაირი სტატუსი აქვს.

თუმცა ამავე პერიოდში სახელი გაითქვა უფრო რადიკალურმა ნაციონალისტურმა ორგანიზაციამ - ულტრამემარცხენე „კვებეკის თავისუფლების ფრონტმა“. ეს ორგანიზაცია გამოირჩეოდა ძალადობრივი ნაბიჯებით, რომელიც ტერორიზმს უტოლდებოდა.

1970 წელს „კვებეკის თავისუფლების ფრონტმა“ გამოიწვია „ოქტომბრის კრიზისად“ წოდებული პროცესები: გაიტაცა ბრიტანელი ვაჭრობის კომისარი, ჯეიმს კროსი, და დაახრჩო კვებეკის შრომის მინისტრი, პიერ ლაპორტი, რომელიც თავადაც ფრანგულენოვანი იყო. ორგანიზაციის მიერ დაწყებული ტერორისტული თავდასხმების პასუხად, კანადის ფედერალურმა მთავრობამ საომარი მოქმედებების აქტი გაააქტიურა, შესაძლო ძალადობრივი ამბოხების ჩახშობის მიზნით. მანამდე ეს აქტი მხოლოდ ორი მსოფლიო ომის დაწყებისას იყო მოხმობილი.

შემდგომში „კვებეკის თავისუფლების ფრონტი“ დაიშალა, რამაც უფრო ზომიერ „პარტი კებეკუას“ პოზიციების გამყარების საშუალება მისცა.

უარი რეფერენდუმებზე - მართლა არის თუ არა სეპარატიზმი ხალხის ნების გამოვლინება?
„პარტი კებეკუამ“ კვებეკის „სუვერენული ასოცირების“ თაობაზე პირველი რეფერენდუმი 1980 წელს მოაწყო, თუმცა მონაწილეთა 59.6-მა პროცენტმა კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა. არადა, უმრავლესობის მიერ დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში კვებეკს, როგორც განცალკევებულ ერთეულს, დანარჩენი კანადის თანასწორი სტატუსი მიეცემოდა.

საკითხზე, უნდა გამოეყოს თუ არა კვებეკი კანადას, 1995 წელს კიდევ ერთი რეფერენდუმი ჩატარდა. ეს რეფერენდუმიც ჩავარდა, თუმცა ამჯერად სხვაობა ძალიან მცირე იყო: 1 პროცენტზე ოდნავ მეტი.

2000 წელს კანადის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც განსაზღვრავს, რა პირობებში შეეძლება ფედერალურ ხელისუფლებას კანადის პროვინციების გამოყოფის საკითხის განხილვა.

ბევრი ვარაუდობს, რომ ამ კანონს ახლა მოქმედებაში მოიყვანენ. „პარტი კებეკუას“ ლიდერმა და პროვინციის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პოლინ მარუამ, თავის გამოსვლაში განაცხადა, კვებეკის მომავალი თავისუფალ ქვეყნად ქცევააო.

პარიზში მცხოვრები ინგლისელი ავტორი სტივენ კლარკი, რომელიც კარგად იცნობს კანადის ფრანკოფონური რეგიონის კულტურას და პოლიტიკას, მიიჩნევს, რომ კვებეკელები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ფრანგულ ენაზე საუბარს. ეს კი, მისი აზრით, ინგლისურენოვანი მოსახლეობის მზარდ გაუცხოებას იწვევს:

„მონრეალში ან ქალაქ კვებეკში მაღაზიაში თუ შეხვალ და ინგლისურად ითხოვ, მაგალითად, პურს, ხალხი მოგიბრუნდება და გეტყვის, ფრანგულად ილაპარაკეო. ეს მართლა ძალიან ძლიერი კულტურული და პოლიტიკური მოძრაობაა, რომელსაც ფრანგულენოვანი ხალხი ძლიერად უჭერს მხარს. ინგლისურენოვან ხალხს ისინი აღიქვამენ მეტოქეებად, რომლებიც მათი კულტურის განადგურებას ცდილობენ. და რადგან ასეთი ძლიერები არიან, ამან შესაძლოა იმუშაოს. ამასთან, ეს თუ იმუშავებს, ნაწილობრივ იმის გამოც იქნება, რომ ინგლისურენოვან კანადელებსაც მობეზრებული ჰყავთ ფრანგულენოვანი კანადელები.“

ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა კვებეკის დამოუკიდებლობის შესახებ მესამე რეფერენდუმი. და რომც შედგეს, იმის თქმაც შეუძლებელია, ის როგორ შედეგს მოიტანს. ფრანგულენოვანი კვებეკელები თავიანთ ენას სიამაყით ეკიდებიან, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ კანადისგან პოლიტიკური გამოყოფა სურთ. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ კვებეკში ბევრი იმიგრანტი ცხოვრობს და რთული სათქმელია ისინი როგორ არჩევანს გააკეთებენ „კვებეკელობასა“ და „კანადელობას“ შორის.
XS
SM
MD
LG