Accessibility links

logo-print
გაუშვით ეგ ხალხი კანის კინოფესტივალზე და ომი აღარ იქნება!

საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ისევ ამტკიცებენ, რომ “ქართველი გეიები არ არსებობენ”, კანის კინოფესტივალზე სექსუალურ უმცირესობებზე გადაღებული ფილმები დიდი ხანია აღარავის აკვირვებს. ცხადია, ამ თვალსაზრისით კანი კონკურენციას ვერ გაუწევს “ბერლინალეს”, სადაც ლგბტ-ხალხისთვის სპეციალური კონკურსი ეწყობა და გამარჯვებულ ფილმს საპატიო “ტედი” გადაეცემა, მაგრამ ერთსქესიანთა სიყვარულის “ეკრანიზაციები” დიდი ხანია, აღარც აქ ითვლება სკანდალად. შესაბამისად, თუკი თუნდაც 20 წლის წინ შესაძლებელი იყო სპეკულაცია ამ თემაზე, ანუ სექსუალურ უმცირესობაზე გადაღებულ ფილმს, როგორც “სკანდალურს”, გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა (ხშირად საეჭვო მხატვრული ღირებულების მიუხედავად), დღეს კანში, ისევე როგორც სხვა კინოფორუმებზე, უმცირესობებს არავითარი პრივილეგია არა აქვთ და, მადლობა ღმერთს, მხოლოდ და მხოლოდ უმცირესობების ფილმის გმირებად ქცევა საკმარისი აღარაა იმისთვის, რომ ფილმის პრემიერამ წარმატებით ჩაიაროს.

შესაბამისად, რეჟისორებმაც ისწავლეს ჭკუა და პრობლემის გაღრმავებაზე დაიწყეს ფიქრი. მაგრამ პრობლემა რა არის? რა არის პრობლემა სექსუალურ უმცირესობათა აღქმაში? რამდენად აქტუალურია ჰომოფობიის პრობლემა დასავლეთში? როგორც ჩანს, დღეს ის უკვე იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამბავი ადამიანზე, რომელიც არ იზიარებს უმრავლესობის სექსუალურ იდენტობას, უფრო სწორად ამბავი ადამიანზე, რომელიც იჩაგრება თავისი განსხვავებული სექსუალური იდენტობის გამო, სულ უფრო იშვიათად თამაშდება დასავლელ კინემატოგრაფისტთა ფილმებში. დღეს, მაგალითად, რომელიმე ქართველმა რეჟისორმა 17 მაისის ამბები რომ გადაიღოს, თუ პრობლემა არ განაზოგადა და საინტერესო მხატვრული გადაწყვეტა ვერ მოიფიქრა, არ გაამდიდრა კინოსახეებით, საეჭვოა, დიდ კინოფესტივალზე წარმატებას მიაღწიოს. არცთუ შორეულ 90-იან წლებში თავად თემა იქნებოდა საკმარისი: როგორ მძვინვარებს ჰომოფობია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში, მაგრამ დღეს, თუ კინოში მხოლოდ ჰომოფობიის საზღვრებში დავრჩით, დიდი-დიდი, ჩვენი ფილმი რომელიმე კონკურსგარეშე პროგრამაში აღმოჩნდეს.

ამ მხრივ არის საინტერესო კანის წლევანდელი კინოფესტივალი. საკონკურსო პროგრამის ფილმების უმრავლესობაში კონიუნქტურა და ზედაპირულობა უარყოფილია. “მოდური თემები” სრულიად ახლებურად იხსნება; ხშირად წარუმატებლად, მაგრამ მაინც -ახლებურად.

ფესტივალზე ერთმანეთის მიყოლებით უჩვენეს ორი ფილმი, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, “ლგბტ-ადამიანებზე”; ჯერ სტივენ სოდერბერგმა დაიმსახურა ოვაციები ფილმისთვის “კანდელაბრებს მიღმა”, მეორე დღეს კი უფრო მქუხარე ტაში და უმაღლესი რეიტინგი კრიტიკოსთა “ვარსკვლავებში” - ფრანგი რეჟისორის, აბდელლატიფ კეშიშის სურათმა “ადელის ცხოვრება - თავი 1 და 2”. ეს უკანასკნელი სამ საათს გრძელდება. აქედან ეროტიკული სცენა (ფილმის ლესბოსელი გმირების პირველი ინტიმური კონტაქტი) - თითქმის 35 წუთს! დარბაზი ბოლომდე გასუსული უყურებდა ფილმს, რომელსაც მედია “ოქროს პალმას” უწინასწარმეტყველებს.
კადრი ფილმიდან “ადელის ცხოვრება - თავი 1 და 2”.

კადრი ფილმიდან “ადელის ცხოვრება - თავი 1 და 2”.


ძალიან მაინტერესებს, როგორ შეაფასებენ ამ სურათს ქართველი ფემინისტები: რამდენად იგრძნობა ფილმში მამაკაცის ხელი და რამდენადაა ორი ქალის სიყვარულის ამბავი ასახული მამაკაცის, თანაც ჰეტეროსექსუალი მამაკაცის, თვალით. “ემიგრანტის თვალით” რომაა ასახული, გასაგებია. მართალია, სურათის ავტორი, წარმოშობით ტუნისელი, საფრანგეთში გაიზარდა და თავს, როგორც ამბობს, “აბსოლუტურად ფრანგად” მიიჩნევს, ეთნიკური უმცირესობის თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მის შემოქმედებაში. “ადელის ცხოვრებაში” სოციალური პრობლემები აქა-იქ ისევ წამოიჭრება; სურათის გმირები განსხვავებული სოციალური წრიდან არიან და ეს განსხვავებულობა საკმაოდაა ხაზგასმული (ხანდახან ცოტა სწორხაზოვნადაც). და მაინც, “ოქროს პალმის” რეალური კანდიდატი - ესაა ფილმი არა ლგბტ-ადამიანებზე, როგორც მარგინალებზე, როგორც უმცირესობაზე, რომელთაც სოციუმში დამკვიდრება უჭირთ, არამედ ფილმი სიყვარულზე - ვნებიან სიყვარულზე, რომელიც ცრემლიანი განშორებით სრულდება.

როგორც უნდა შეაფასონ ფემინისტებმა ეს სურათი, ფაქტია: აბდელ კეშიშის კინემატოგრაფიული სამყარო ყველაზე საინტერესოა კანის 66-ე კინოფესტივალის კონკურსში ჩართულ ყველა ფილმს შორის. მთელი სურათი აგებულია ახლო ხედებზე და კამერა ცდილობს, არ გამოეპაროს არც ერთი ნიუანსი მსახიობების მზერაში. ფაქტობრივად, “მზერის ბალეტია” მთელი ფილმი - გრძნობების მუდმივი ცვლის სამყარო. ამიტომაც არაა მოსაწყენი და სამი საათი დაძაბული ჰყავს მაყურებელი! კამერისა და პერსონაჟის ასეთი უშუალო დამოკიდებულება თანამედროვე კინოში პირადად მე აქამდე მხოლოდ ძმები დარდენების ფილმებში მინახავს.
აბდელლატიფ კეშიში

აბდელლატიფ კეშიში


სიამოვნებით დავესწრებოდი “ადელის ცხოვრების” ჩვენებას თბილისის რომელიმე კინოთეატრში. რატომღაც მგონია, რომ პარიზელი სტუდენტის, ადელის (ფილმში მას იმ დროიდან ვეცნობით, როცა ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლობს და ცდილობს, გაერკვეს თავის სექსუალურ გრძნობებში) და მასზე უფროსი, უფრო გამოცდილი მხატვრის, ევას, სიყვარულის ამბავი იმათაც ააღელვებს, ვისაც ლგბტ-ხალხი ურჩხულები, მოძალადეები, პერვერსიულები ჰგონია.

პერვერსია არის! მაგრამ არის საწოლ ოთახში. იქ, სადაც იწყება პირადი ცხოვრება. პირადი ცხოვრების მიღმა კი არის შემოქმედება, გახსნილობა, ახლის შემეცნების სურვილი. არ არის უმნიშვნელო, რომ ადელი - ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი - ამავე დროს, საბავშვო ბაღში მუშაობს და გატაცებით ასწავლის ბავშვებს. ხაზგასმულიცაა ფილმში, რომ ეს ყველაფერი სრულიად ნორმალურია... ფილმის ავტორი ამ მხრივ იმდენად დარწმუნებულია თავის თავში, რომ არაა გამორიცხული, სხვაც დაარწმუნოს: ის, ვინც 21-ე საუკუნეში “სოდომისა და გომორის ცოდვებზე” საუბრობს და ადამიანებს ახარისხებს.

“ადელის ცხოვრებაზე” კანში ბევრს ლაპარაკობენ. ფრანგული პრესა სურათს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის დასრულებამდე კიდევ ორი საკონკურსო ფილმია სანახავი - ჯიმ ჯარმუშის და რომან პოლანსკის ახალი სურათები. აშკარაა, რომ ფრანგულ მედიას სურს, კანის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ინტრიგა - “მატჩი: აშშ-საფრანგეთი” (საკონკურსო პროგრამაში ფილმების აბსოლუტური უმრავლესობა ან ფრანგულია, ან - ამერიკული) საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ წარმოშობით პოლონელი რომან პოლანსკი დღეს ფრანგ რეჟისორად ითვლება - ამერიკიდან გაძევებულ ფრანგ რეჟისორად. სხვათა შორის, “პერვერსიული დანაშაულისთვის”.
XS
SM
MD
LG