Accessibility links

სენატორი კარდინი: რუსეთი "ჰელსინკის აქტის" პრინციპებს ეწინააღმდეგება


"ამერიკის ხმამ" ინტერვიუ სენატორ ბენჯამინ კარდინთან ჩაწერა. ის ეუთოს როლზე საუბრობს მსოფლიოს ქვეყნებში.

ეუთო მომავალ წელს ჰელსინკის აქტის მეორმოცე წლისთავს აღნიშნავს. ამ აქტმა ცივი ომი დაასრულა და საბჭოთა კავშირს, ევროპასა და ამერიკას შორის კავშირები აღადგინა. ეუთო გეგმავს ჰელსინკიში, 1975 წელს ჩატარებული კონფერენციის მსგავსი ღონისძიება მომავალ წელს ჩაატაროს.

სენატორი ბენჯამინ კარდინი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ამერიკულ კომისიას ხელმძღვანელობს.

„უკრაინის მოვლენების პასუხისმგებლიანი გზით მოგვარების მცდელობის საქმეში ეუთო გამოკვეთილად ჩანდა. შეუძლებელია ფაქტების შეცვლა, და უარყოფა იმისა, რომ უკრაინაში თავისი ქმედებით რუსეთმა ჰელსინკიში მიღწეული ყველა ძირეული პრინციპი დაარღვია. მაგრამ ეუთო ამაში ჩართული იყო და ამბობდა, „ეს არასწორია. მოდით, ვითარება დავაწყნაროთ, მოდით ამ საკითხების გადასაწყვეტად მშვიდობიანი გზა ავირჩიოთ და იმ წერტილს დავუბრუნდეთ, რომელიც ჰელსინკის პრინციპებთან თანხვედრას განაპირობებს.“

მაგრამ დღემდე, უკრაინაში ეუთო-ს მისიას წარმატება არ ჰქონია, აღიარებს სენატორი კარდინი.

„უკრაინაში საკმაოდ მძიმე პრობლემებია. ჩვენ გვაქვს საზღვრის საკითხი, სადაც რუსეთი აგრძელებს უკანონო ქმედებებს და ეს ყოვლად აღმაშფოთებელია. რუსეთი ყირიმის კონტროლს აგრძელებს. რუსეთი რასაც აკეთებს, ჰელსინკის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. 40 წლიანი ისტორიის განმავლობაში ადრეც იყო შემთხვევები, როცა დავადგინეთ, რომ ქვეყნები ჰელსინკის პრინციპებს უხეშად არღვევდნენ. იმ საკითხების გადასაწვეტად ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და დღესაც იგივეს ვაკეთებთ.“

სენატორი კარდინი ამბობს, რომ უკრაინელი ხალხის უსაფრთხოება ეუთო-ს გადაუდებელი საზრუნავია:

„ვფიქრობ, უკრაინის მთავრობას ეს ესმის. მათ იმაში ვეხმარებით, რომ საკუთარ ქვეყანაში შეიმუშავონ ისეთი საშუალებები, რომელიც ჰელსინკის პრინციპებთან თანხვედრაში იქნება. უკრაინაში, ევრომაიდანზე გამოთქმული პროტესტი ერთ კონკრეტულ მთავრობას არ შეეხებოდა. ხალხს ის უნდა, რომ მთავრობა მათ საჭიროებებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მთავრობა პატიოსანი იყოს. ეუთო უკრაინას ამ სახის ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება. ახალ ლიდერებს ამის გაკეთების სურვილი აქვთ. ჩვენ მათ უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინის მშენებლობაში ვეხმარებით, რომელიც ჰელსინკის სულისკვეთებას გაიზიარებს და ასევე ვმუშაობთ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით რუსეთის ჩარევისგან დავიცვათ.“

კარდინი ამბობს, რომ ეუთო შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს. ის ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვი სხვა მეზობელი ქვეყნების საქმეებშიც ერევა.

„ეუთოს დღის წესრიგში იყო მოლდოვა, დღის წესრიგში იყო საქართველო. ჩვენ იქ მისიები გვყავდა.... სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევებში, ეს გაყინული კონფლიქტებია. ისინი დიდი ხანია გრძელდება. ამ კონფლიქტების გაყინულ მდგომარეობაში ქონა არავის ინტერესებში არ შედის. ჩვენ მათი მოგვარება გვსურს. დიდი ხნის გასვლის შემდეგ მათი მოგვარება ადვილი არ არის. ცოტა ხნის წინ მოლდოვაში და საქართველოში ვიყავი. იმ ქვეყნების ლიდერებთან საუბრის საშუალება მქონდა. ვფიქრობ, ყველა უფრო უსაფრთხოდ და უკეთ იგრძნობს თავს თუ ამ საკითხების გადაწყვეტას ეუთოს კურსის შესაბამისად შევძლებთ.“

ზოგიერთი უკრაინელი ლიდერის საპასუხოდ, რომლებმაც დაიჩივლეს, რომ უკრაინაში ეუთო-ს მისია ჩავარდა, კარდინმა თქვა:

„ეუთო-ს როლი იმაში არ მდგომარეობს, განვაცხადოთ რომ [მოქმედებების] აღსრულებას ვაპირებთ, რადგან ამისთვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება შეიძლება. რუსეთიც და უკრაინაც ორგანიზაციის წევრები არიან. ეუთოს ძალა ამაში არ არის და ასეთი განცხადებების გაკეთებას თუ დავიწყებთ, ორგანიზაციის ქმედუნარიანობას ზიანს მივაყენებთ.“

XS
SM
MD
LG