Accessibility links

logo-print

დელ პონტე სირიაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს


კარლა დელ პონტე

კარლა დელ პონტე

გაეროს სისხლის სამართლის სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სურს, საჯარო გახდეს სირიის ხელისუფლების იმ მაღალი რანგის მოხელეთა ვინაობა, რომელთაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეთ ომის დანაშაულში. დელ პონტე წევრია გაეროს საგამოძიებო კომისიისა, რომელსაც სირიაში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიება ევალება. 1990-იან წლებში შვეიცარიელი იურისტი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორი იყო.

სირიის საკითხებზე მომუშავე გაეროს საგანგებო კომისია აგროვებს წელიწადნახევრის წინათ ამ ქვეყანაში დაწყებული და დღემდე მძვინვარე კონფლიქტში სამთავრობო ჯარისა და ოპოზიციური შეიარაღებული ძალების ჩადენილი დანაშაულების ფაქტებსა და მტკიცებულებებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ბრაზილიელმა ექსპერტმა პაულო პინიეირუმ ხუთშაბათს, ჟენევაში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, ის და მისი კომისიის წევრები ცდილობენ, შეხვედრაზე დაითანხმონ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რათა შეძლონ ომის დანაშაულის ცალკეულ ბრალდებათა გამოძიება.

„ჩვენ არა ვართ ტრიბუნალი, და არც სისხლის სამართლებრივი დევნის მწარმოებელი უწყება“, - თქვა პინიეირუმ. - „ჩვენი ამოცანაა, მოვიპოვოთ სამხილი მომავალი სამართლებრივი ინიციატივებისთვის, რომელიც მიმართული იქნება დამნაშავე პირთა კანონიერი დასჯისკენ.“

თავად პინიეირუ ივნისში სტუმრობდა დამასკს და სირიის მთავრობის მაღალჩინოსან წარმომადგენლებსაც შეხვდა, მაგრამ გაეროს საგანგებო კომისიის სხვა წევრებს, ამ ორგანოს არსებობის ერთი წლის მანძილზე, ერთხელაც არ მისცემიათ საშუალება, სირიაში ჩასულიყვნენ.

ოთხშაბათს სირიის საკითხებში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელმა ლახდარ ბრაჰიმიმ გამოაცხადა, რომ სირიის ხელისუფლება დათანხმდა, მეამბოხეებთან დროებითი ზავი გააფორმოს. ზავი ძალაში უნდა შევიდეს პარასკევს, როცა იწყება მუსულმანთა რელიგიური დღესასწაული აიდ ალ-ათჰი. ბრაჰიმის თქმით, მან მოახერხა, შეხვედროდა შეიარაღებული ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, შეუერთდნენ საზავო შეთანხმებას. ბრაჰიმი იმედოვნებს, რომ თუ ზავის პირობები შესრულდა, ის, შესაძლოა, იქცეს საფუძვლად უფრო ხანგრძლივი ზავის დადების შესახებ მოლაპარაკებისთვის.

მოსალოდნელი ზავის საკითხზე ისაუბრა ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც: „ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას იმ სიტუაციით, რომელიც სირიაში ვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური გზით შეიძლება გადაიჭრას. რაც უფრო მალე შეწყდება ძალადობა და დაიწყება დიალოგი ყოველგვარი პირობების გარეშე, მით უფრო მეტად გვექნება ყველა ჩვენგანს იმის იმედი, რომ ამ სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგით გამოვალთ. დიდი იმედი მაქვს, რომ მიღწეული იქნება ზავი, რომლის ორგანიზებასაც მუსლიმანური დღესასწაულის პერიოდში ცდილობენ.“

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის მთავრობასა და მასთან დაპირისპირებულ მეამბოხეთა ჯგუფებს მოუწოდა, შეასრულონ საზავო შეთანხმება. უშიშროების საბჭო, რომლის წევრთა შორის სირიის საკითხი სერიოზულ უთანხმოებას იწვევს, ოთხშაბათს მაინც ერთხმად მოახერხა, მიეღო რეზოლუცია ყველა მხარის მისამართით გამოთქმული მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა.

სირიის კონფლიქტი უკვე წელიწადნახევარზე მეტია, მძვინვარებს. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა შეფასებით, დაიღუპა 20-დან 30 ათასამდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG