Accessibility links

"ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ის, რაც ბანკში დაბრუნებულ ხელმძღვანელობას იძულებითი მართვის რეჟიმის წასვლის შემდეგ დახვდა, სხვა არაფერია თუ არა ბანკის განადგურების მიზანმიმართული კამპანია. დაახლოებით შვიდ დღეში, ამბობს ჯავახიშვილი, ყველა განხორციელებული ოპერაცია ბანკის დაძირვისა და გაკოტრებისაკენ იყო მიმართული. მათგან ბანკისათვის ყველაზე დამღუპველი 50 მილიონი დოლარის ღირებულების 4 საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმება აღმოჩნდა, რის გასაჩივრებასაც ”ქართუ ბანკი” მომავალი კვირის დასაწყისში გეგმავს.

ეს გამოცხადებული ომია - ასე აფასებს ”ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი ”ქართუ ბანკის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ბანკის დროებით მმართველობას სასამართლოს მიერ მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს:

”ვგულისხმობ ბანკის ან ”ქართუ ჯგუფის” მმართველობის ეფექტურობის აწევას და მოგების გზების ძიებას, რომელიც ამ კომერციულ სტრუქტურებს იმ უკანონო ჯარიმას გადაახდევინებდა. მოვიდნენ თუ არა, ევრობანკთან დაიწყეს მოლაპარაკებები (ჩვენ ევრობანკთან საკრედიტო ხაზი გვაქვს გახსნილი), წინსწრებით დაგიფარავთ ვალდებულებებსო და ეს კი, არაფრით არ შედიოდა მათ ინტერესებში. თუ დაცლიდნენ ბანკს რესურსებისგან, შეექმნებოდათ საშუალება, გამოეცხადებინათ ბანკი არალიკვიდურად და შემოეყვანათ დროებითი ადმინისტრაცია ან გაკოტრებულად გამოეცხადებინათ ბანკი.”

”ქართუს” ხელმძღვანელობა გაუმართლებლად მიიჩნევს მოკლე პერიოდში დროებითი მმართველის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. მაგალითად, რატომღაც დაიწყეს ბანკის თელავის ფილიალის რეკონსტრუქცია:

”რა აუცილებლობა იყო 800 000-იანი რეკონსტრუქციის წამოწყებისა, როცა თავის დროზე შენობა 500 000-ად ვიყიდეთ? თბილისში არენდით არის აღებული ყოფილი ბანკის შენობა. ეს ნიშნავს, რომ ისინი აპირებდნენ ჩვენი ბანკის დარჩენილი თანამშრომლების იქით გადაყვანას და ამ შენობის გაყიდვას. 23 000 დოლარია ამაში გადახდილი, ერთი თვის საფასური. ხელი მოაწერეს თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემის შესახებ დოკუმენტს, როცა არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამისა. უბრალოდ, 500 000 ლარის დამატებითი ზარალი უნდა მიეყენებინათ ბანკისთვის.”
თუ სასამართლო ბათილად არ ცნობს, ეს ვალდებულება მართლა დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული ბანკის თავზე. ამას ის მოჰყვება, რომ ეროვნული ბანკი მას რეალურ ვალდებულებად ჩათვლის და გამოიყვანს, რომ ბანკი არალიკვიდურია...

თუმცა უმთავრესი ბანკის მისამართით ნასროლი ნაღმებია, ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი და 50 მილიონი დოლარის 4 საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერას ასახელებს:

”ამ ხელშეკრულებებში ქართული საბანკო თუ საერთაშორისო კანონმდებლობის ყველა წესია დარღვეული და, ალბათ, არ შევასრულებთ ამ ვალდებულებას, მაგრამ ეს ბათილად უნდა ცნოს სასამართლომ. მე მაგის უფლება არ მაქვს. სასამართლოს მხრიდან კი ამის პერსპექტივა ძალიან მიზერულია. და თუ სასამართლო ბათილად არ ცნობს, ეს ვალდებულება მართლა დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული ბანკის თავზე. ამას ის მოჰყვება, რომ ეროვნული ბანკი მას რეალურ ვალდებულებად ჩათვლის და გამოიყვანს, რომ ბანკი არალიკვიდურია.”

ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა განმარტავს, რომ დროებით მმართველს ჰქონდა ბანკის მართვის კანონით მინიჭებული ყველა უფლება. დროებითი ადმინისტრაციის ქმედებები, ლია ელიავას აზრით, შესაძლოა აიხსნას როგორც სახელმწიფოს სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად ამოეღო დაკისრებული ჯარიმის თანხა და სწორედ ამიტომ სცადა ინტენსიურად დაეწყო სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელება, რათა რაც შეიძლება დიდი მოგება მიეღო. თუმცა ლია ელიავას ”ქართუ ბანკის” გარშემო განვითარებული მოვლენები უფრო სხვა დასკვნის გაკეთებისკენ უბიძგებს:

”ის, რაც დროებითმა ადმინისტრაციამ გააკეთა, არ შეიძლება ჩაითვალოს ბანკის საქმიანობის ინტენსიფიკაციად და მაქსიმალური მოგების მიღების საშუალებად.”
თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს ბანკის და ხელისუფლების ჭიდილი და, ბოლოს და ბოლოს, როგორც ვხედავთ, ხელისუფლება, როგორც ძალადობის მანქანა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან ყველა ბერკეტი მის ხელშია, იმარჯვებს და ბანკი კოტრდება. ეს ფაქტი თავისთავად არანაირად არ აისახება კარგად ქვეყნის საბანკო სექტორის იმიჯზე...

ბანკის გაკოტრება მისი იმიჯის შელახვით იწყება, ამბობს ლია ელიავა, რადგან ბანკის მთავარი კაპიტალი არის არა ფული, არამედ მისი სახელი. სახელგატეხილი ბანკიდან გარბიან მეანაბრეები, კლიენტები და ბანკი დაუსაქმებელი თანხების გარშე რჩება. თუ დღეს ბანკის ხელმძღვანელობა ”ქართუს” არალიკვიდურად გამოაცხადებს, ეს ბანკის გაკოტრების დასაწყისი იქნება.

”თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს ბანკის და ხელისუფლების ჭიდილი და, ბოლოს და ბოლოს, როგორც ვხედავთ, ხელისუფლება, როგორც ძალადობის მანქანა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან ყველა ბერკეტი მის ხელშია, იმარჯვებს და ბანკი კოტრდება. ეს ფაქტი თავისთავად არანაირად არ აისახება კარგად ქვეყნის საბანკო სექტორის იმიჯზე.”

როგორც ლია ელიავა განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ”ქართუ ბანკი” თავს არალიკვიდურად გამოაცხადებს, იქ შევა ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია და დაიწყება ეროვნული ბანკის ნორმატიული დოკუმენტებით გაწერილი პროცედურები, რაც გულისხმობს ბანკის აქტივების შეფასებას და გაყიდვას.

ბანკი ”ქართუ” სასამართლოს, სავარაუდოდ, ორშაბათს, 30 ივლისს, მიმართავს, თუმცა ნოდარ ჯავახიშვილს სასამართლოს იმედი ნაკლებად აქვს. ამის საფუძველს კი მას ის ფაქტი აძლევს, რომ 9 თვის განმავლობაში მათ სასამართლოში ვერც ერთი საქმე ვერ მოიგეს.

რადიო თავისუფლება ცდილობდა დაჰკავშირებოდა ვლადიმერ უგულავას, რომელიც, შეგახსენებთ, აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების - სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველად 12 ივლისს დაინიშნა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კახა ბარაბაძემ კი გვითხრა, რომ ეროვნულმა ბანკმა კომენტარი შესაძლოა ”ქართუ ბანკის” მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ გააკეთოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG