Accessibility links

დღევანდელი სიუჟეტი თანამედროვე ჯაზური სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არტისტს, კასანდრა უილსონს დაეთმობა - მუსიკოსს, რომლის განსაკუთრებულ ვოკალურ მონაცემებსა თუ ხელწერაზე ბევრი თქმულა და დაწერილა: ზოგი პოსტმოდერნისტად მოიხსენიებს, ჯაზის მონათესავე თუ მომიჯნავე კლასიკურ ჟანრებს ერთმანეთს რომ უხამებს და ნოვაციური ფორმებით წარმოადგენს, ზოგი მომნუსხველსა თუ მომაჯადოებელს უწოდებს, მსმენელს მედიტაციურ ტრანსში აგდებს და თავრბრუს ახვევსო. ჩემს ერთ მეგობარში კი ერთგვარ ყნოსვით ჰალუცინაციებსაც კი იწვევს - ამბობს, ამ ქალის ხმას დარიჩინის საამო სურნელი დაჰკრავსო.



კასანდრა უილსონი 1955 წლის 4 დეკემბერს ბლუზის სამშობლოში, მისისიპის ქალაქ ჯექსონში დაიბადა. მამამისი ჯაზის დიდი მოტრფიალე გახლდათ, პროფესიონალი გიტარისტი და კონტრაბასისტი ბრძანდებოდა, ხოლო დედა - ამერიკული ფოლკმუსიკის დიდი თაყვანისმცემელი. ჰოდა, ჯაზურ-ბლუზურ ჭუპრში დაფრთიანებული კასანდრა 6 წლის ასაკში ჯერ ფორტეპიანოზე, მოგვიანებით კი, გიტარასა და კლარნეტზე დაკვრას დაეუფლა. 20 წლის რომ შეიქნა, უკვე პროფესიონალი მუსიკოსი ეთქმოდა - სტანდარტების გარდა, რეპერტუარი საკუთარი პირველი თხზულებებითაც გაამდიდრა. მიუხედავად ამგვარი აღტკინებისა, არა რომელიმე მუსიკალური სასწავლებელი, არამედ ქალაქ ჯექსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტი დაამთავრა და ადგილობრივ ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. როგორც თავად იხსენებს, მთელ ცხოვრებას ამ სფეროს მიუძღვნიდა, ახალორლეანელი საქსოფონისტი ერლ ტერბინტონი რომ არ გაეცნო. ამ კაცმა კასანდრა ფოლკმუსიკიდან ჯაზში გადაიბირა, ბეტი კარტერისა თუ ელა ფიცჯერალდის სამყაროში შეიტყუა, ჯერ კიდევ დაუხვეწავ, დაუღვინებელ ვოკალზე კი წლების მანძილზე იშრომა, რათა ზემოხსენებული მომნუსხველი და მომაჯადოებელი ეფექტი მიეღო.



კასანდრა უილსონის დისკოგრაფია 17-მდე სოლო ალბომს აერთიანებს, თუმცა ამჯერად მის კარიერაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან დისკს გამოვყოფ, რომელმაც საპატიო ადგილი მიუჩინა თანამედროვეობის სახელოვან ვოკალისტებს შორის და მსოფლიოს ჯაზურ სცენას კიდევ ერთი ინდივიდუალისტი შემსრულებლის დაბადება ამცნო. მეტიც, 1994 წლის „Blue Light Til Dawn“ გარდამტეხი მნიშვნელობის ნამუშევარი გამოდგა როგორც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისითაც. თუ ელა ფიცჯერალდი, სარა ვონი ან, თუნდაც, ბილი ჰოლიდეი წლობით ნაშენებ იმპროვიზაციულ პრინციპებს თავდაყირა აყენებდნენ და მოძველებული მუსიკალური ფორმებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, კასანდრა უილსონმა სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ტრადიციული კარკასის შენარჩუნება და სრულიად ახალი ჯაზური აქცენტებით წარმოჩენა მოახერხა.



წელს ამ საეტაპო მნიშვნელობის ალბომის 20 წლისთავი აღინიშნება. კასანდრა უილსონი აპრილ-მაისში ამერიკასა და ევროპაში საიუბილეო ტურნეს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც დისკზე შესულ მასალას - რობერტ ჯონსონის, ჯონი მიტჩელის, ვან მორისონისა და სხვათა სიმღერების სრულიად ახლებულ იმპროვიზაციულ ვერსიებს - წარმოადგენს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG