Accessibility links

logo-print

”ქართული ოცნების” ნომერი 41


ქართული ოცნების საპროტესტო აქცია ცესკოსთან

ქართული ოცნების საპროტესტო აქცია ცესკოსთან

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო ნომრად მიენიჭა 41. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა 20 აგვისტოს სხდომის შედეგების შესახებ. მანამდე კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ბლოკს "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" უარს ეუბნება ისარგებლოს საარჩევნო ნომრით 7, რომელიც ბოლო არჩევნებში იყო ბლოკის წევრი კონსერვატიული პარტიის ნომერი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ”იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით”. ”ქართულ ოცნებაში” ცესკოს ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და საარჩევნო კანონის ინტერპრეტირებაშიც სდებენ ბრალს.

ცენტრალური სარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, წილისყრით გაირკვეს კოალიცია ”ქართული ოცნების” საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი, კოალიციის წევრი სოზარ სუბარი ვირეშმაკულ პოზიციას უწოდებს, რადგან, მისი თქმით, თუ ცესკო ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა, ეს უნდა განეცხადებინა იმ დროს, როდესაც ამ საკითხით დაინტერესებულმა ”ქართულმა ოცნებამ” მას წერილობით მიმართა. სუბარი ამბობს, რომ ცესკოს ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, პოლიტიკურ დაკვეთაზე მიუთითებს, რაც ”ქართული ოცნებისთვის” პირდაპირ ხელის შეშლას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი, ამომრჩევლის დაბნევას ემსახურება:

”მეორე ნაბიჯი ამათი, ზუსტად გეტყვით, რაც იქნება. დაბეჭდავენ 2-3 ან 5 გვერდიან საარჩევნო ბიულეტენს, სადაც პარტიების ჩამონათვალი იქნება გაწერილი, რომ ”ქართული ოცნება” იყოს არაპირველ გვერდზე, რათა ამომრჩეველს გაუძნელდეს მისი მონახვა. ეს არის ვირეშმაკური პოზიცია.”

იყო განსხვავებული გადაწყვეტილება და მაშინ „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, „ალიანსს საქართველოსთვის“ და „ეროვნულ საბჭოს“, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბლოკებში შემავალ პარტიებს არ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიღებული, მიენიჭათ ის ნომრები, რა ნომრებიც მათ სურდათ და რომელიც მათ აირჩიეს ...

ცესკოს არგუმენტის თანახმად, ”იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით” და რადგან კოალიცია ”ქართული ოცნების” შემადგენლობაში შემავალი საარჩევნო სუბიექტებიდან ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", პ/მ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საქართველოს რესპუბლიკური პარტია, პ/გ "ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატები" და პ/გ "ეროვნული ფორუმი") 2008 წლის არჩევნებში მონაწილეობდა მხოლოდ კონსერვატიული პარტია, რომლის ნომერიცაა 7, ცესკო, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოშველიებით, ამბობს, რომ ”თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ, ხოლო ”ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით".

ცესკოს არგუმენტაციის გათვალისწინებით, ”არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კანონში ანალოგიური ჩანაწერი იყო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ და მაშინ საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომრის არჩევას, ახლანდელი 119-ე მუხლის ნაცვლად, კანონის 120-ე და 99-ე მუხლები განსაზღვრავდა. თუმცა, კახი კახიშვილის სიტყვებით, ეს ჩანაწერი მაშინ ცესკოსთვის არ გამხდარა საფუძველი იმისა, რომ რამდენიმე საარჩევნო ბლოკისთვის უარი ეთქვა შესაძლებლობაზე, თავად აერჩიათ რიგითი ნომერი:

”იყო განსხვავებული გადაწყვეტილება და მაშინ „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, „ალიანსს საქართველოსთვის“ და „ეროვნულ საბჭოს“, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბლოკებში შემავალ პარტიებს არ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიღებული, მიენიჭათ ის ნომრები, რა ნომრებიც მათ სურდათ და რომელიც მათ აირჩიეს. აქედან გამომდინარე, სრულიად ცხადია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იგივე შემადგენლობა 2010 წელს სულ სხვანაირად ახდენდა მუხლის და ჩანაწერის ინტერპრეტაციას და 2 წლის შემდეგ სულ სხვანაირად ახდენს.”

კახი კახიშვილს უცნაურად ეჩვენება, რატომ გახდა კანონის მუხლი ინტერპრეტაციის საგანი, მაშინ როცა ცესკოს წევრებიც კი არ შეცვლილან, ”რომ ვინმეს სათქმელად ჰქონდეს, რომ იმდროინდელმა კომისიამ ჩანაწერი ისე გაიგო და ამჟამინდელი ასე იგებს”. შესაბამისად, კახი კახიშვილისთვის ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, რომ ”ხდება ”ქართული ოცნებისთვის ხელშეშლა” , ბლოკისთვის, რომელსაც უკე „7“ ნომრით აქვს დაბეჭდილი სააგიტაციო მასალა, მაისურები და ა.შ., რომელთა გამოცვლაც ისედაც ფინანსური პრობლემების მქონე საარჩევნო ბლოკისთვის დამატებითი პრობლემა იქნება.

ცესკოს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, ეუბნება რადიო თავისუფლებას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, თუმცა, იმ პრეცედენტის გათვალისწინებით, რომელზეც კახი კახიშვილი საუბრობდა, ფიქრობს, რომ ცესკო ”ქართულ ოცნებას” ”ხელოვნურ ბარიერს” უქმნის:

”თუკი შესაძლებლობა ჰქონდა და აქვს ცესკოს, რომ მისცეს ეს ნომერი „ქართულ ოცნებას“, მან ეს უნდა გააკეთოს, რადგან დამატებითი ბარიერების შექმნა პოლიტიკური პარტიებისთვის სულაც არ არის გამართლებული, მით უმეტეს, რომ ამგვარი ბარიერის შექმნით მათი საქმიანობა გარკვეული პერიოდით დაბრკოლდება.”

”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ისინი ამ ბარიერის მიუხედავადაც განაგრძობენ წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნებში მოწილეობაზე უარს არ იტყვიან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ დავისას სამართლებრივი მექნიზმებიც ჩართონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG