Accessibility links

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 წევრსა და მედიის 3 წარმომადგენელს შორის ორსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა: გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ კორძაიამ ცესკოს წევრები ვერ დაარწმუნეს, რომ მათ მიერ მიღებული დადგენილება არჩევნების დღეს მედიას სერიოზულად შეზღუდავს. შეხვედრის ერთადერთი, ასე ვთქვათ, შედეგი ისაა, რომ დადგენილებაში, რომელიც საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეოგადაღებასა და ჟურნალისტთა გადაადგილებას ზღუდავს, მეტი სიცხადისთვის, დამატებითი განმარტებები შევა. აქვე გეტყვით, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დღეს სასამართლოში სარჩელს შეიტანს, ცესკოს 24 სექტემბრის დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მედიის წარმომადგნლებთან 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კიდევ უფრო დარწმუნებული ჩანდა კომისიის 10 წევრის მიერ მხარდაჭერილი დადგენილების სისწორესა და აუცილებლობაში:

”ამის მერე კიდევ უფრო უკეთესი აღქმა არსებობს იმისი ჩვენი მხრიდან, საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული; ასევე უკეთესად ესმით ჩვენი კომისიის წევრებს ის წუხილი, რაზეც მედია საუბრობდა. შეთანხმებით რაიმე კონკრეტულ საკითხზე არ შევთანხმებულვართ, ეს იყო აზრთა გაცვლა.”
ჩვენ ყველაფერი ვთქვით, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს დადგენილება მედიისთვის, დანარჩენი უკვე არის კომისიის გადასაწყვეტი ...

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ კორძაიამ ვერ დაარწმუნეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რომ მათ მიერ მიღებული დადგენილება უნდა გაუქმდეს. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, ერთადერთ შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მედიას კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა მკაფიოდ აეხსნა ცესკოს წევრებისთვის, რატომ არ უნდა შეიზღუდოს მედია არჩევნების დღეს:

”ჩვენ ყველაფერი ვთქვით, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს დადგენილება მედიისთვის, დანარჩენი უკვე არის კომისიის გადასაწყვეტი.”

ცესკოსთან წარუმატებელი დიალოგის შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ კორძაიამ განაცხადა, ჩვენ ვერ შევძელით დაგვერწმუნებინა ცესკოს წევრები, რომ მედიის შეზღუდვა არ არის არჩევნების ნორმალურად ჩატარების საპირწონეო:

”ცესკო ამბობს, რა უფრო პრიორიტეტულია - არჩევნების ჩატარება თუ გამოხატვის თავისუფლების დაცვაო... ზოგადად ეს ასე ჯამდება. ჩვენ ვთვლით, რომ ესენი სასწორზე არ უნდა დადგეს, იმიტომ რომ სრულყოფილად არჩევნები ტარდება გამჭვირვალე პროცესის არსებობის ფარგლებში და ეს მიღებული დადგენილება ამ გამჭვირვალე პროცესს ნამდვილად აზიანებს, ანუ შეუძლებელი იქნება სრულყოფილად არჩევნების გაშუქება მედიასაშუალებების მიერ”,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
შესაძლოა კომისიამ გამოიყენოს ეს ბერკეტი და საკუთარი ძალებით გააუქმოს მიღებული აქტი, თუმცა დაინტერესებული მხარე მხოლოდ და მხოლოდ ამ მონაცემებს ვერ დაეყრდნობა ...

ცესკოს საკუთარი დადგენილების შესაცვლელად დრო 27 სექტემბრამდე აქვს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, კომისია 6 საათზე შეიკრიბება და არა სამუშაო, არამედ მხოლოდ დიალოგის რეჟიმში ამ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს. თუმცა იმედი იმისა, რომ დადგენილება შეიძლება შეიცვალოს, ზურაბ ხარატიშვილს არავისთვის მიუცია.

26 სექტემბრის საღამოს 18 საათზე კი მედიის მუშაობის შემზღუდავი ცესკოს დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების დრო იწურება. მოტივით, რომ დადგენილება კანონსაწინააღმდეგოა, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სარჩელის შეტანას სასამართლოში, დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სწორედ დღეს გეგმავს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორმა ნათია კაპანაძემ უთხრა:

”შესაძლოა კომისიამ გამოიყენოს ეს ბერკეტი და საკუთარი ძალებით გააუქმოს მიღებული აქტი, თუმცა დაინტერესებული მხარე მხოლოდ და მხოლოდ ამ მონაცემებს ვერ დაეყრდნობა და უმჯობესია მიმართოს სასამართლოს და გამოიყენოს ეს ბერკეტი.”

ნათია კაპანაძის სიტყვებით, სასამართლომ სარჩელი მიმართვიდან 2 დღის ვადაში უნდა განიხილოს, თუმცა მედიის წარმომადგენლებს არც სასამართლოს იმედი აქვთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG