Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ „ცენტრ პოინტისა“ და „დექსუსის“ დამფუძნებლებს ბრალი წაუყენა


რუსუდან კერვალიშვილი
რუსუდან კერვალიშვილი
თაღლითობა და მითვისება - ეს ბრალდებები მთავარმა პროკურატურამ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს წაუყენა, ხოლო კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელსა და 33%-იანი წილის მფლობელს ივანე ცაგურიას, რომელსაც „ცენტრ პოინტი“ 2010 წელს სამართავად გადაეცა, თაღლითობის ხელშეწყობაში დასდო ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა სხვადასხვა გზებით, უკანონოდ, 11 მილიონი ლარი მიითვისეს, რის გამოც ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა შეჩერდა და ასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. არც მაია რჩეულიშვილი და არც რუსუდან კერვალიშვილი თავს დამნაშავედ არ აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ მზად არიან გამოძიებასთან სათანამშრომლოდ.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, 11 ივლისს კი მთავარმა პროკურატურამ „ცენტრ პოინტისა“ და „დექსუსის“ დამფუძნებლებს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა მიერ გადახდილი თანხებიდან, რაც ამხანაგობის ბინათმშენებლობისათვის იყო განკუთვნილი (ბინათმშენებლობა კი 2007 წელს უნდა დასრულებულიყო), მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ 11 მილიონზე მეტი ლარი მიისაკუთრეს, შედეგად, ამხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლი აღარ აშენებულა. უკვე წლებია ეს ხალხი „ცენტრ პოინტს“ უჩივის:

"ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ პროექტიდან, სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით, მაია რჩეულიშვილმა ამავე ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1 მილიონ 65 ათას 159 აშშ დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა - 1 833 806 აშშ დოლარი, ასევე, 185 069 ფუნტი სტერლინგი, ხოლო მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, მითითებული თანხის გარდა, დამატებით ერთობლივად მიითვისეს 2 023 202 აშშ დოლარი და 2 403 750 ლარი. ჯამში, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ, სხვადასხვა გზით, მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი", - განაცხადა 11 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.

რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდ თაღლითობას გულისხმობს; ისინი ასევე ბრალდებულნი არიან 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.

თაღლითობაში დახმარებისათვის - სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით - ბრალი წარედგინა „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას. მასვე ბრალად ედება დიდი რაოდენობის თანხის გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

დაკითხვიდან გამოსულმა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა განაცხადა, რომ ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს, თუმცა მას არც წინასაარჩევნო პერიოდში მისთვის ბრალის წაყენებით გამოწვეული გაკვირვება დაუმალავს, განსაკუთრებით კი იუსტიციის მინისტრისა და პრემიერის მიერ გაკეთებული ცნობილი განცხადების შემდეგ, რომ ამ პერიოდში დაკავებებისგან ხელისუფლება თავს შეიკავებდა.

ეს ადამიანები უნდა დააპატიმრონ. მათ უნდა აგონ პასუხი. მათი პასუხისმგებლობა რომ არ დამდგარიყო დღეს, იმ თანხის დაბრუნებაზე, რაც მათ ჩვენგან წაიღეს, ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. თუ არ დაბრუნდება ეს თანხები, მაშინ დაასახელონ ის პირები, ვინც ამ თანხის მითვისებაში იყო გარეული...
მარინა კორძაძე
ბრალდებას არ აღიარებს და თავს თაღლითად არ მიიჩნევს "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი. მისი თქმით, თაღლითობის შემთხვევაში, 94 მილიონის ქონებას "დექსუსს" მართვაში არ გადასცემდა.

„დექსუსის“ დამფუძნებლის დაკავებას 11 ივლისს გამოეხმაურა კომპანიის დირექტორი გიორგი ქანანაშვილიც. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა წაუყენონ ბრალი „დექსუსის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მაშინ როდესაც „ცენტრ პოინტმა“ თავისი ქონება „დექსუსს“ სამართავად 2010 წელს გადასცა, პროკურატურა კი 2001-2009 წლამდე „ცენტრ პოინტის“ საქმიანობას სწავლობდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი გია გვილავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ წლების განმავლობაში ასობით დაზარალებული ადამიანი ელოდა გამოძიების პასუხს:
„თუ აქ დადგინდა, რომ სახელმწიფოს აქვს პრობლემა და სახელმწიფომ არ მიიღო პრევენციული ზომები, მაშინ სახელმწიფოსაც დაეკისრება ეს პასუხისმგებლობა და იმ პირებს, ვინც მაშინ თანამდებობებზე იყვნენ“.

დაზარალებული ადამიანების ნაწილმა 11 ივლისს მთავარ პროკურატურასთან მოიყარა თავი. ისინი „ცენტრ პოინტის“ მფლობელების დაპატიმრებას მოითხოვდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, მარინა კორძაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა:

თუ მაია და რუსუდან კერვალიშვილების მისამართით გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, კლიენტები ვერაფერს მიიღებენ. მეტიც, მათ შესაძლოა დაუმთავრებელი სახლები გადაეცეთ...
ვახტანგ რჩეულიშვილი
„ეს ადამიანები უნდა დააპატიმრონ. მათ უნდა აგონ პასუხი. მათი პასუხისმგებლობა რომ არ დამდგარიყო დღეს, იმ თანხის დაბრუნებაზე, რაც მათ ჩვენგან წაიღეს, ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. თუ არ დაბრუნდება ეს თანხები, მაშინ დაასახელონ ის პირები, ვინც ამ თანხის მითვისებაში იყო გარეული; უნდა დაასაბუთონ, სად წავიდა ამხელა თანხა. მაშინ მათი სხვა ქონება უნდა დაყადაღდეს და ამ გზით ამოიღონ ფული და დაუბრუნონ ხალხს“.

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი კი აცხადებს, რომ „თუ მაია და რუსუდან კერვალიშვილების მისამართით გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, კლიენტები ვერაფერს მიიღებენ. მეტიც, მათ შესაძლოა დაუმთავრებელი სახლები გადაეცეთ“.

კომპანია "ცენტრ პოინტის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ირაკლი დარასელიას განცხადებით, ამ დროისათვის ყადაღა კომპანიის მხოლოდ მცირე ქონებას ადევს. როგორც ირაკლი დარასელიამ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პროკურატურამ ყადაღა დაადო ორ სადავო ობიექტს - კერძოდ, ბათუმში მშენებარე "მაგნოლიას" და თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე მშენებარე სავაჭრო ცენტრს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილს და ივანე ცაგურიას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ის არ ელის, რომ პროკურატურა, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობას მოითხოვს.

მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა 11 ივლისს, დაკითხვის შემდეგ, თბილისის პროკურატურა დატოვეს, ივანე ცაგურია კი ამ დრომდე დაკავებულია. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, როგორც „ცენტრ პოინტის“, ისე „დექსუსის“ დამფუძნებლებისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 12 ივლისს იმსჯელებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG