Accessibility links

logo-print

ამერიკული ბლუზის სამხრეთაღმოსავლურ ნაირსახეობას პიდმონტურს უწოდებენ, რომელიც აკუსტიკურია და, ტრადიციულად, გიტარის, ჰარპისა და რეჩიტატიული ვოკალური მეტყველებით სრულდება. ისტორიკოსების მტკიცებით, აპალაჩის მთიანი რეგიონის ფოლკლორი გაცილებით არქაულია, ვიდრე ჩიკაგური, ტეხასური ან, თუნდაც, მისისიპის დელტის ხალხური მუსიკა. სპეციალისტების თქმით, ყველაზე ნათლად სწორედ აქ იკვეთება ბლუზის აფრიკული ფესვები, უფრო კონკრეტულად კი, დასავლეთ აფრიკაში უოლოფის ენაზე მოსაუბრე ხალხთან ნათესაური კავშირი. მიუხედავად ამისა, პიდმონტური ბლუზი ნაკლებად პოპულარული მიმდინარეობაა, რადგან დიდი ხნის მანძილზე თვითიზოლაციაში არსებობდა და სტუდიური ჩანაწერების სახით დოკუმენტირების პროცესიც საკმაოდ გვიან დაიწყო. დღეს აპალაჩის რეგიონის ბლუზური სცენის ყველაზე თვალსაჩინო ტანდემზე - ჯონ კეფასისა და ფილ უიგინსის დუეტზე - მოგახსენებთ.

გიტარისტმა ჯონ კეფასმა და ჰარპისტმა ფილ უიგინსმა ერთმანეთი 1976 წელს ვაშინგტონში, ხალხური მუსიკის ფესტივალზე, გაიცნეს. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, არტისტებმა მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს და დუეტი ჩამოაყალიბეს. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე ბევრს გასტროლირებდნენ, მეტწილად კლუბებისა და სხვადასხვა ფესტივალების სცენებზე გამოდიოდნენ. მათ მალევე შეძლეს მსმენელის ყურადღების მიქცევა. კრიტიკოსების ნაწილი თვლიდა, რომ ტანდემი სონი ტერისა და ბრაუნი მაკგის ლეგენდარული დუეტის გავლენას განიცდიდა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კეფასისა და უიგინსის საშემსრულებლო ხელწერაში ინდივიდუალიზმს ხედავდნენ. ასეთი გახლდათ პროდიუსერი აქსელ კუსტნერი, რომელმაც მათ ვროპული ტურნე მოუხერხა, ხოლო გერმანულ სტუდიაში "L+R" სადებიუტო დისკიც გამოაცემინა.

ჯონ კეფასი და ფილ უიგინსი ამერიკული კულტურის ელჩებად იქცნენ. 80-იან წლებში მათ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარეს - დასავლეთევროპელ, აფრიკელ, სამხრეთამერიკელ, ავსტრალიელ და ახალზელანდიელ მსმენელს ამერიკულ ხალხურ მუსიკას აცნობდნენ. რაც შეეხება მშობლიურ სცენას, ბაზარზე 1984 წელს გამოჩნდნენ სტუდიური ალბომით "Let It Roll", ხოლო სამი წლის თავზე გამოცემულმა დისკმა "Dog Days Of August" არტისტებს ბლუზურ სამყაროში ყველაზე პრესტიჟული - უილიამ ჰენდის სახელობის - პრემია მოუტანა. 1989 წელს კი გიტარიტსმა ჯონ კეფასმა, ამერიკული ხალხური მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, მთავრობის ჯილდო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პრემია - "ცოცხალი საგანძური" მიიღო.

90-იან წლებში დუეტმა კონტრაქტი ჩიკაგურ სტუდია "Alligator Records"-თან გააფორმა. ლეიბლის სამარკო ნიშნით გამოიცა ალბომი "Cool Down", რომელსაც არნახული კომერციული წარმატება ხვდა წილად, თუმცა კრიტიკოსების შენიშვნები მაინც დაიმსახურა. მათ არტისტები პიდმონტური ბლუზის ერთგვარ "ღალატში" დაადანაშაულეს, რადგან დისკზე თავმოყრილი მასალა კარდინალურად განსხვავდებოდა დუეტის ჩვეული რეპერტუარისგან, როგორც ჟანრობრივი, ასევე აკუსტიკური თვალსაზრისით. გიტარასა და ჰარპს ბასი, კლარნეტი, ფორტეპიანო და დასავლეთაფრიკული ხალხური საკრავი, კორა, დაემატა. მიუხედავად სპეციალისტების პრეტენზიებისა, ალბომი "Cool Down" ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება დუეტის დისკოგრაფიაში.

ჯონ კეფასი და ფილ უიგინსი დღესაც აქტიურად ეწევიან სტუდიურ თუ საკონცერტო მოღვაწეობას. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ბლუზს სულ უფრო და უფრო ნაკლები მსმენელი ჰყავს, კვლავ განაგრძობენ პიდმონტური ხალხური მუსიკის პოპულარიზაციას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG