Accessibility links

logo-print

ციმბირში მდებარე პოლიტიკური რეპრესიების მუზეუმში გაიხსნა უნიკალური გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია საბჭოთა გულაგის პატიმართა წერილები.

„რასაც უნდა ვუყურებდე და რაზეც უნდა ვფიქრობდე, ყველაფერი მოქუფრულად, შემაშფოთებლად და, საერთოდ, უიმედოდ მეჩვენება“, - წერს მოსკოველი პროფესორი ალექსეი ვანგენგეიმი ცოლს უთარიღო წერილში, რომელიც 1930-იანი წლების შუა ხანებშია გამოგზავნილი. „მხოლოდ ჩემი სახლი, ჩემი საყვარელი ადამიანები მგვრის სიხარულს. ესაა ვარსკვლავი, რომელიც გზას მინათებს“, - დასძენს ის.

ვანგენგეიმი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის დამაარსებელია. ის 1934 წელს დააპატიმრეს და სტალინის შრომის ბანაკში გაგზავნეს. 1937 წელს ვანგენგეიმი სიკვდილით დასაჯეს. ის საბჭოთა სოფლის მეურნეობის საბოტაჟის მიზნით ამინდის არასწორი პროგნოზის გავრცელებაში ცნეს დამნაშავედ.

ეს წერილი ერთ-ერთია იმ ექსპონატებს შორის, რომლებიც ტომსკში, პოლიტიკური რეპრესიების მუზეუმშია გამოფენილი. „მამის წერილები“ - ასეთია გამოფენის სახელწოდება.

„წერილები ძლიერ ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს“, - ამბობს მუზეუმის დირექტორი ვასილი ხანევიჩი და დასძენს: შთამბეჭდავია, როცა ხედავ, როგორ ღელავდა შრომის ბანაკებში გამომწყვდეული ხალხი საკუთარი შვილების მდგომარეობაზე, როგორ ცდილობდა მათ აღზრდაში მონაწილეობის მიღებასო.

წერილების უმრავლესობა იაფფასიან ქაღალდზეა ძალიან პატარა ასოებით დაწერილი, რათა მთელი ქაღალდის გამოყენება ყოფილიყო შესაძლებელი. ზოგიერთ წერილს ცენზორის მელნით გადასმული შავი მსხვილი ხაზები გასდევს.

ვანგენგეიმი ყველა წერილის რამდენიმე გვერდს უთმობს თავის ქალიშვილს, ელეონორას, იმავე ელას, რომელიც მაშინ 4 წლისა იყო. ის შვილს ხან გამხმარ ფოთოლს უგზავნის, ხან რომელიმე ფრინველის თუ ცხოველის ნახატს. ზოგ წერილში ის შვილს გამოცანის პასუხის მიხვედრას სთხოვს ან სიტყვების მნიშვნელობის ამოხსნას.

ზრდასრულ ასაკში ელეონორაც ავტორიტეტიანი მეცნიერი გახდა - ის მამონტების ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება.

ვანგენგეიმის მიერ გამოგზავნილი წერილებიდან ბევრია შემორჩენილი. სხვა პატიმრისგან - 1938 წელს „ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის“ დაპატიმრებულ ნიკოლაი კლიავინისგან - მხოლოდ ერთი წერილი და ხელით დახატული რამდენიმე საფოსტო ბარათი დარჩა.

ღია ბარათებზე, რომლებზეც ზღაპრების პერსონაჟები, სამი გოჭი ან წითელქუდაა გამოსახული, ფერები კვლავაც ხასხასაა.

"ეს ძალიან საინტერესოა - შემორჩა რამდენიმე ღია ბარათის ორიგინალი, რომლებიც დახატა ბანაკში მყოფმა ადამიანმა. გვაქვს "სამი გოჭის" მთელი სერია. არის ღია ბარათი, რომელზეც პატარა ძეხვია დახატული ან რამე მსგავსი. და ამ დროს ეს ადამიანი ბანაკში შიმშილით დაიღუპა“, - ამბობს მუზეუმის დირექტორი ხანევიჩი. კლიავინი ბანაკში 1943 წელს გარდაიცვალა.

ტომსკის მუზეუმი მდებარეობს შენობაში, სადაც უწინ განთავსებული იყო „კაგებეს“ წინამორბედ „ენკავედეს“ ადგილობრივი შტაბბინა. მუზეუმის მნახველებს შეუძლიათ გაიარონ რკინის მძიმე კარებში, დაათვალიერონ პატარა საკნები და ჭერთან განთავსებული სარკმლებიდან აიხედონ ცაში. დერეფნების კედლებზე კიდია იმ რეპრესირებულთა ფოტოები, რომლებმაც ამ ციხის კოშმარი გაიარეს 1930-იან, 40-იან და 50-იან წლებში.

„ეს ადგილი თითქოს მიხმობს, რადგან აქ მოგონებები ცოცხლობსო“, - ამბობს მუზეუმის ერთ-ერთ სტუმარი, მარტა ალექსეევა.

გამოფენის ექსპოზიცია მარტას მამის, არქიტექტორ ბორის ალექსეევის წერილებსაც მოიცავს.

„ჩანახატები, სურათები, წიგნები, ფოტოები და, რაც მთავარია, წერილები. ეს ყველაფერი მამაჩემიაო“, ამბობს მარტა.

ბორის ალექსეევი პირველად 1933 წელს დააპატიმრეს. ხუთწლიანი პატიმრობა შემდეგ დასავლეთ ციმბირში გადასახლებით შეუცვალეს, სადაც ის დაქორწინდა და ორი ქალიშვილის მამა გახდა. მარტა 1937 წელს დაიბადა.

1940 წელს ალექსეევი მეორედ დააპატიმრეს. ოჯახი საცხოვრებლად ტომსკში გადავიდა, რათა მასთან ახლოს ყოფილიყო. პირველ ეტაპზე ის ხშირად იწერებოდა, თუმცა ბანაკიდან ბანაკში გადაჰყავდათ და მას ცოლის საპასუხო წერილები იშვიათად მისდიოდა.

ბორის ალექსეევის მეუღლე ციხიდან მის გათავისუფლებამდე გარდაიცვალა და მათი ორი ქალიშვილი ნათესავებმა გაზარდეს. მამის სახელს არავინ ახსენებდაო, ამბობს მარტა და იხსენებს, რომ თავად მასაც ეშინოდა მამის შესახებ ლაპარაკი.

„ჩვენს ოჯახში გარკვეულ დრომდე მიჩქმალული იყო მამაზე მოგონება. მახსოვს ისიც, რომ მისი სახელის წარმოთქმისაც კი მეშინოდა. მქონდა ეს განცდა. ზეწოლა იყო დიდი. დედას ძალიან ეშინოდა“, ამბობს მარტა ალექსეევა და დასძენს:

„ის, რომ რეპრესიები იყო, რომ მან ასეთი მძიმე გზა გაიარა, ამაზე ფიქრიც კი, ადამიანზე ფიქრი, ფაქტობრივად, აკრძალული იყო. ტაბუ იყო და მორჩა. ეს ყველაფერი სადღაც იყო მიჩქმალული“.

მარტა უკვე 50 წელს იყო მიტანებული, როცა მან და მისმა დამ მამის შესახებ ინფორმაციას მიაკვლიეს.

როგორც გაირკვა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბორის ალექსეევი გაგზავნეს შორეულ აღმოსავლეთში, მაგადანის რეგიონში, და მიწერ-მოწერა აუკრძალეს. მის შესახებ ბოლო ცნობა 1952 წლითაა დათარიღებული, მას შემდეგ კვალი ქრება და უცნობია, რა ბედი ეწია მას. მარტა განაგრძობს მამის ძებნას.

ერთ წერილში ბორის ალექსეევი ცოლს საყვედურობს, სულ საკვების ფასებზე რომ მწერ, უკეთესი იქნება ბავშვებზე და შენს თავზე მომწერო დაწვრილებითო.

„აკოცე მარტას ჩემგან“, - წერს ის სხვაგან და დასძენს: „უთხარი, რომ მამა მარტო მასზე ფიქრობს“.

XS
SM
MD
LG