Accessibility links

logo-print
თბილისის საქალაქო სასამართლომ მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს, ცეზარ ჩოჩელს, აღმკვეთ ღონისძიებად 200 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, იგი პატიმრობიდან თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდება.

ჩოჩელს, პროკურატურამ ბრალი სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის წაუყენა. როგორც ადვოკატი გოგიტა გაბაიძე განმარტავს, ცეზარ ჩოჩელს სამართალდამცავი ორგანოები 2 მუხლით ედავებიან:

”ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით. ეს არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ანუ იგივე ფულის გათეთრება. ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე. ასევე წარედგინა მეორე, 337-ე მუხლი. ის არის მოხელის მიერ პირადი საწარმოს მართვაში მონაწილეობა, რაც კანონით
აკრძალულია”.

ცეზარ ჩოჩელი, 24 იანვარს დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სახელით, მისი დაკავების საფუძველზე განცხადება იმავე დღეს გაკეთდა. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, ნათია სუხიშვილის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორად მუშაობის პერიოდში უკანონოდ მონაწილეობდა შპს ”ნიუ ენერჯის” საქმიანობაში: ”კერძოდ, იგი მფარველობას უწევდა შპს-ს და ხელს უწყობდა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ უკანონოდ ღებულობდა დიდი ოდენობით შემოსავლებს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს. 2010 წლის ზავხულში, ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე, შპს ”ნიუ ენერჯიმ” ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი და თბილისში, სოფელ დიღომში, ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა”.

ცეზარ ჩოჩელისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც დამატებით აღნიშნულია, რომ 2009 წლის ნოემბერში შპს ”ნიუ ენერჯის” ცეზარ ჩოჩელმა მოსთხოვა, რომ სხვადასხვა პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავლები გადაერიცხა შპს ”ბერტას” საბანკო ანგარიშზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მისი ძმა, იაგო ჩოჩელი იყო, თუმცა, ფაქტობრივად, ფირმას ცეზარ ჩოჩელი მართავდა. განცხადების მიხედვით, ”ნიუ ენერჯიმ” ჩოჩელის უკანონო მოთხოვნა დააკმაყოფილა და შპს ”ბერტაში” ეტაპობრივად 5 360 000 ლარი გადარიცხა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, გამოძიების მიერ მტკიცებულებების შეფასებისა და საერთო ანალიზის საფუძველზე, ცეზარ ჩოჩელის უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა 5 421 845 ლარი შეადგინა.

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ცეზარ ჩოჩელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად და ანგარიშსწორებად აფასებენ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები. აღნიშნული ბრალდების საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ცეზარ ჩოჩელის საქმეში, ისევე როგორც სხვა საქმეებში, არაერთი მყარი მტკიცებულება არსებობს. ცეზარ ჩოჩელის ბრალეულობის დაჯერება უჭირს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილეს გივი ამირხანაშვილსაც.

”4 წელი და 10 თვე იმუშავა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად. არცერთ თვეში და არცერთ კვარტალში პრემია არ აუღია, არ მიუღია არანაირი მივლინების ხარჯები. ამდენად, ჩემთვის გაუგებარია, კაცმა, რომელმაც 7-8 ქარხანა ააშენა, როგორ შეიძლება ვინმესთან კაპიკებში გავიდეს გარიგებაში?“ - კითხულობს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე გივი ამირხანაშვილი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი შენიშნავს, რომ სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ღიად მუშაობს და ყველა იმ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად და საჭიროდ მიიჩნევს.

”დამატებითი ინფორმაციების გავრცელება ამწუთს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, არ იქნებოდა კორექტული, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ყოველდღიურად მოგაწვდით ინფორმაციას, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ რას აკეთებდა”.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულად ცეზარ ჩოჩელი 2008 წლის თებერვლიდან მუშაობდა. მანამდე იგი საზოგადოებისთვის ძირითადად თავისი ბიზნესაქტივობებით იყო ცნობილი. თანამდებობა ჩოჩელმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 22 ნოემბერს, დატოვა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG