Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიომა ჩაბაევი: კადიროვი შიშით არის შეპყრობილი


ლიომა ჩაბაევი
ლიომა ჩაბაევი

საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩენილა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიერ საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის ინსპექტირება და მისი განცხადება, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ვერ შეძლებენ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადასვლასო. რა მიზანს ისახავდა კადიროვის ეს მოულოდნელი გამოჩენა ამ საზღვარზე? ვის ბოსტანში ისროლა, როგორც იტყვიან, კენჭი ჩეჩნეთის ლიდერმა? ჩვენს შეკითხვებს პასუხობს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის თანამშრომელი ლიომა ჩაბაევი.

ლიომა ჩაბაევი: საქმე ისაა, რომ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში კადიროვმა რამდენიმე ათეული ასეთი მოულოდნელი შემოწმება განახორციელა იმ ძალებისა, რომლებიც რამდენიმე ათასი კარგად შეიარაღებული ჯარისკაცისა და პოლიციელისაგან შედგება. ამ შემოწმების მთავარი მიზეზი კი იმის შიშია, ვაითუ სირიიდან, ერაყიდან თუ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოდან“ დაბრუნდნენ იქ მყოფი მებრძოლები. და ამ ორი-სამი თვის განმავლობაში კადიროვის ყველაზე დიდი შიშის საგანი ისაა, რომ ეს მებრძოლები არ დაბრუნდნენ და ამის გამო არ შეექმნას პრობლემა. დიახ, მას ეშინია და მისი ეს შიში აშკარა გახდა ამ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, როდესაც იგი ზოგჯერ თავისი მშობლიური სოფლის მახლობლად, სადღაც ტყეებში აგროვებს მთელი ძალოვანი სტრუქტურების პირად შემადგენლობას. მათთან მთელი ღამის განმავლობაში მიდის სწავლება და მოვლენათა განვითარების განხილვა-გაანალიზება. ამ შემთხვევაში კი, მისი ვარაუდით, ერთადერთი გზა, საიდანაც ტერორისტებმა შეიძლება ჩეჩნეთის რესპუბლიკაში შეაღწიონ, საქართველოა.

კობა ლიკლიკაძე: ცნობილია, თუ რამდენნაირ ბრუნვაში არ მოიხსენიებდა კადიროვი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. საინტერესოა, რას ამბობს იგი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე.

ლიომა ჩაბაევი: ოფიციალურ დონეზე ჩვენ რაიმე სახის ოფიციალური კონტაქტები არ შეგვიმჩნევია. მე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და საქართველოს პრეზიდენტის ღირსებად მიმაჩნია ის, რომ არავითარ რეაგირებას არ ახდენენ მარიონეტ კადიროვის გამოხდომაზე, კადიროვისა, რომელიც პირველი ახმოვანებს კრემლის მთელ ნეგატივსა და მუქარას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

კობა ლიკლიკაძე: ამის გათვალისწინებით, არის კიდეც დამაფიქრებელი კადიროვის ბოლო განცხადება. მან კი თქვა, ამ საქართველოს საზღვარს ვერ გადმოვლენ ტერორისტებიო, მაგრამ არ უთქვამს, ისინი საქართველოში მოხვდებიანო

ლიომა ჩაბაევი: აქ ის თავის თავს უფლებას აძლევს მიანიშნოს, რომ აი, ნახეთ, ეს [საქართველო] ის ქვეყანაა, საიდანაც ჩვენთან მოვიდა გელაევი და მოდიოდნენ გარკვეული ტერორისტული ძალები, რაც შეიძლება ახლაც განმეორდესო. ეს კი, პირველ ყოვლისა, არის უპატივცემულობა ქვეყნისა და, მეორე მხრივ კი, შეურაცხყოფაა ჩემი, როგორც ჩეჩნეთის მოქალაქის, რომელსაც არ მიმიცია კადიროვისათვის უფლება შეურაცხყოს ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG