Accessibility links

logo-print

არჩევნებისთვის ჩაკეტილი გამშვები პუნქტები


ერგნეთის გამშვები პუნქტი

ერგნეთის გამშვები პუნქტი

პარასკევ საღამოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს. თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 7 ოქტომბრის 20 საათიდან დროებით შეწყვეტს საზღვრის გაიოლებულ მონაკვეთზე ხალხის გატარებას. გამშვები პუნქტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმს 9 ოქტომბრის დილის 7 საათზე დაუბრუნდება, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში. მათივე ცნობით, აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში არჩევნების დღეს რადიკალურად განწყობილი ელემენტების მიერ პროვოკაციათა სერიები იგეგმება საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისთვის.

“ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ არჩევნების დღეს მოქალაქეების შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველყოფა მოითხოვა, მაგრამ ეს მოთხოვნა ოსურმა მხარემ არ გაიზიარა და ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ახალგორის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ახალგორელები სპეციალური საშვებით ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებზე გადაადგილდებიან. ამ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა აქვთ და 8 ოქტომბერს მათი უფლება შეიზღუდება. ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ახალგორელების აქტივობა წელს მაღალია, რადგან ერთ-ერთი კანდიდატი მათი რაიონის მცხოვრებია, რომელიც კენჭს მცხეთის ოლქში იყრის. მისი თქმით, მოქალაქეების დიდი ნაწილი, წინა არჩევნების მსგავსად, დაბას პარასკევ საღამომდე დატოვებს, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა, მისი თქმით, არიან ისეთებიც, ვისაც საარჩევნო უფლება წაერთმევა. თვითონ თამარ მეარაყიშვილი მერვე წელია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს, რადგან, საქართველოს მოქალაქეობის გარდა, დევნილის სტატუსიც საჭიროა, რომელიც ამჟამად ახალგორელების დიდ ნაწილს აქვს. ისინი ძირითადად წეროვანის დევნილთა დასახლებაში არიან რეგისტრირებულნი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არჩევნების დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად მიიჩნევს. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. მისივე თქმით, 2008 წლის შემდგომ ყველა არჩევნებისა და ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის დროს იკეტება გამშვები პუნქტი და ისედაც შეზღუდული გადაადგილება კიდევ უფრო იზღუდება. მისი აზრით, ეს არის ის სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციას უკავშირდება და საქართველოს მოქალაქეების უფლებას ზღუდავს. მისივე თქმით, არჩევნების დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით და, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე რაიონებში უსაფრთხოება არის პრიორიტეტული.

სამხრეთ ოსეთში გასულ წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერით, ახალგორის რაიონში 4 209 ადამიანი ცხოვრობს. მოსაბრუნის გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად 700-800 ადამიანი კვეთს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG