Accessibility links

logo-print

კიდევ ერთხელ ჩაკეტილი "საზღვარი" ცხინვალთან


"საზღვარი" ერგნეთში

"საზღვარი" ერგნეთში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვარი სამი დღით ჩაკეტა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გადაწყვეტილება უკავშირდება 2008 წლის „ქართული აგრესიის“ წლისთავისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას. როგორ აღიქვამენ თბილისში ამ გადაწყვეტილებას და რა ვითარებაა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წლის შემდეგ ადმინისტრაციული საზღვრის აქეთ და იქით მხარეს?

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს რომ პერიოდულად კეტავს სხვადასხვა მიზეზით, ეს სიახლე არ არის. ამის მიზეზი ხშირად სხვადასხვა დღესასწაულის აღნიშვნაა ხოლმე. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის ამჟამინდელი გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავს უკავშირდება. საკითხავია, რისთვის უნდა სჭირდებოდეს ცხინვალს ისედაც ძალიან გართულებული სასაზღვრო რეჟიმის პირობებში საზღვრის ჩაკეტვა. პოლიტოლოგ გიორგი გობრონიძეს ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნია ეს გადაწყვეტილება საქართველოდან მომდინარე საფრთხით იყოს განპირობებული. მისი აზრით, ეს უფრო ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობაა თავისი მოსახლეობის ნერვებზე ითამაშოს და ხელახლა გააცოცხლოს, როგორც თვითონ უწოდებენ, „ეს ტრაგედია“, ხელახლა მტრად შერაცხონ ქართული საზოგადოება და მისი დემონიზაცია მოახდინონ. 2008 წლის შემდეგ ვითარება ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით გაუარესებულია - განსაკუთრებით, 2015 წლის 18 მარტიდან, როცა მოსკოვმა და ცხინვალმა ხელი მოაწერეს „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას“. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, გიორგი გობრონიძის თქმით, საქართველოს ტერიტორია არა მხოლოდ ოკუპირებული, არამედ ანექსირებულია.

გიორგი გობრონიძე

გიორგი გობრონიძე

„პრაქტიკული ანექსია, რომელიც უკვე სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანს უსპობს, რაც შეიძლება ჰქონოდა სეპარატისტულ რეჟიმს ცხინვალის რეგიონში და, საბოლოო ჯამში, მივდივართ იქამდე, რომ ეს ტერიტორია კიდევ უფრო ინტეგრირებული ხდება რუსეთის ფედერაციაში და ამისკენ მიდის კიდევაც სამზადისი. აგერ უკვე არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირობა, რაც დადო ლეონიდ თიბილოვმა, იქნება ის, რომ, თუ მას აირჩევენ მეორე ვადით პრეზიდენტად, ჩატარდება რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმის საფუძველზე გადაწყდება, ცხინვალის რეგიონი მიუერთდება თუ არა რუსეთის ფედერაციას. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დრო მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ და აქ გაცილებით რთული პრობლემებია, ვიდრე ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრაობის გადაკეტვა, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე ცხინვალის რეჟიმის მიერ“.

საზღვრების ჩაკეტვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან რომ პირდაპირ ანტიქართული განწყობების დანერგვას უკავშირდება, ეჭვი არ ეპარება კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილს, თავმჯდომარეს კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“. მისი სიტყვებით, ამით ცხინვალის ხელისუფლება ქმნის მტრის ხატს, რომელსაც საზოგადოების სამართავად იყენებს, ვინაიდან არანაირი განსაკუთრებული საფრთხეები არ არსებობს.

დღეს ადამიანებს, იმისათვის რომ ცხინვალიდან ქართულ მხარეს მოხვდნენ, ძალიან დიდი წვალება უწევთ: მათ უნდა გაიარონ შემოვლითი გზა ვლადიკავკაზიდან და მრავალი დოკუმენტის მოწესრიგება სირთულესთან არის დაკავშირებული...

ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც 2008 წლიდან არსებობს, მაინც ისაა, რომ გადაადგილების შეზღუდვის გამო საზოგადოებები დაშორდნენ ერთმანეთს. ამასთან, განსაკუთრებით შეიზღუდა მოქალაქეთა გადაადგილება:

„გადაადგილების თავისუფლება აბსოლუტურად შეიზღუდა და ამან პირდაპირ გამოიწვია კავშირების და ურთიერთობების შეწყვეტა. დღეს ადამიანებს, იმისათვის რომ ცხინვალიდან ქართულ მხარეს მოხვდნენ, ძალიან დიდი წვალება უწევთ: მათ უნდა გაიარონ შემოვლითი გზა ვლადიკავკაზიდან და მრავალი დოკუმენტის მოწესრიგება სირთულესთან არის დაკავშირებული“.

ექსპერტთა აზრით, ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას მოქმედების შეზღუდული არეალი აქვს და, სამშვიდობო ინიციატივების თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც იდგმება. თუმცა ქვეყანაში არ ხდება სათანადო ექსპერტიზა იმ პოლიტიკური პროცესებისა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს და, შესაბამისად, არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკა და პროგნოზი, თუ რა არის მოსალოდნელი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ყოველწლიურად 8 აგვისტოსთან დაკავშირებით ე. წ. გამშვებ პუნქტებს რამდენიმე დღით კეტავს, რაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, არაჰუმანური აქტია, რასაც ქართული მხარე გმობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG