Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააღდგომოდ ჩაკეტილი "საზღვარი"


ერგნეთი
ერგნეთი

ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი აღდგომის დღეებში სტუმრებს ელოდებოდა. მისი და, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ერთი წელია დაბაში ოჯახის წევრებთან არ ყოფილა. მას ახალგორში შესასვლელი საშვი არა აქვს. მეარაყიშვილის თქმით, საშვის მქონე პირებიც ხვალიდან დაბაში რამდენიმე დღით შესვლას ვეღარ შეძლებენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოსთან "საზღვრის" დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, მიმოსვლა შეწყდება ყველა გამშვებ პუნქტზე. ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, 11-12 აპრილს მოქალაქეები არ დაიშვებიან ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ადგილებში. დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით, 13 აპრილიდან ეგრეთ წოდებული სასაზღვრო რეჟიმი კვლავ ძველი გრაფიკით იმუშავებს. ეს ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, მანამდე კი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელმაც ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებთა დაბნეულობა გამოიწვია. ამ ინფორმაციის მიხედვით, 12 აპრილს სამხრეთ ოსეთის მოქალქეებისთვის გაიხსნება გამარტივებული მიმოსვლა სასაზღვრო ზონაში და მათ ეკლესიების, სასაფლაოებისა და ნათესავების მონახულების საშუალება ექნებათ. ეს რეჟიმი ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რაიონებზე გავრცელდება. სწორედ ამ ინფორმაციამ გამოიწვია ახალგორელების დაბნეულობა, თუმცა ახალგორის უშიშროების განყოფილებაში ადგილობრივ მცხოვრებლებსგანუმარტეს, რომ ეს რეჟიმი სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეებზე ვრცელდება, რომლებიც ამჟამად ადგილზე ცხოვრობენ და აღდგომის დღეებში სასაზღვრო ზონებში გადაადგილება აქვთ გადაწყვეტილი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზონებში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზისა და სასაზღვრო ნაწილების სამხედრო ქალაქებია აშენებული, ადგილობრივი მოქალაქეების გადაადგილება სპეციალური ნებართვით ხდება. ეს ეხება ახალგორის, ზნაურის, ცხინვალისა და ჯავის რაიონებს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განმარტავენ, რომ 12 აპრილს ეს შეზღუდვა ერთი დღით მოიხსნება და მხოლოდ პასპორტის წარდგენით შეეძლებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ სტუმრად წასვლა იმ სოფლებში, რომელთა სიახლოვესაც რუსეთის სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურაა განლაგებული.

ბოლო 6 წელია საქართველოს ხელისუფლება ოსურ მხარეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებისთვის ნათესავთა საფლავებისა და სალოცავებისკენ გადაადგილების ნებართვას ითხოვს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ბოლო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ეს საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა, მაგრამ ოსურმა მხარემ ისევ უარი თქვა. მიზეზად უსაფრთხოების გარანტიების უქონლობა დასახელდა. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ეს საკითხი მხოლოდ დღესასწაულის დღეებში ახსენდება. მისი აზრით, პრობლემა უნდა მოგვარდეს სისტემური შეთანხმებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ ერგნეთის შეხვედრის დამთავრების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკება ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ქართული მხარე ამ ჰუმანიტარული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები უშედეგოდ ითხოვენ ნათესავთა საფლავებისა და ეკლესია-მონასტრების მონახულებას. ერთადერთი გამონაკლისი ოსურმა მხარემ შარშან დაუშვა, როცა გიორგობის დღესასწაულზესოფელ აძვის ოკუპირებულ ეკლესიაში გორი-ატენის მიტროპოლიტს ანდრიას (გვაზავა) მრევლთან ერთად რამდენიმე საათით წირვა-ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა მიეცა. არის შემთხვევები, როცა იძულებით გადაადგილებულ პირთა ნათესავების საფლავებს ცხინვალში მცხოვრები ოსი ნათესავები უვლიან და ამ საფლავების ფოტოებსაც კი უგზავნიან, მაგრამ დევნილებს დიდი სურვილი აქვთ ოკუპირებულ სოფლებში თვითონ ჩავიდნენ, რაც ჯერჯერობით შეუძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG