Accessibility links

ჩაკეტილი გამშვები პუნქტები და ახალგორელები ახალი საშვების მოლოდინში


25 აგვისტოდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გადაადგილებას 2 დღით აკრძალავს. ამ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. 26 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-7 წლისთავს აღნიშნავენ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, 27 აგვისტომდე ყველა გასასვლელი ჩაიკეტება. ყველაზე დიდი მიმოსვლა ახალგორის მიმართულებით არის ხოლმე, ამიტომ დაბის მცხოვრებლები თბილისისკენ და უკან გადაადგილებას ვერ შეძლებენ. ახალგორის მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ეს უკვე დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ტრადიციაა: ყველა მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნისას გასასვლელებს რამდენიმე დღით კეტავენ ხოლმე.

ახალგორელებისთვის ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან გამშვებ პუნქტებზე მათი გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვები გაუქმდება და ახალი საშვების გაცემა დაიწყება. მართალია, მოქმედ საშვებს ისედაც 2014 წლის დეკემბერში ჰქონდა ვადა გასული, მაგრამ ახალგორელები ამ ვადაგასული საშვებით მაინც ახერხებდნენ გადაადგილებას. წელიწად-ნახევრის წინ ამ საშვებმა ადგილობრივ მოსახლეობას დიდი პრობლემები შეუქმნა. ოჯახები გაიყო. მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა საშვებს შვილებს აძლევდნენ და მშობლებს არა, ამის გამო ზოგიერთმა მოქალაქემ დაბა საერთოდ დატოვა. ზოგიერთი მოქალაქე კი ახალგორიდან გასვლას ვეღარ ახერხებდა, რადგან უკან დაბრუნებას ვერ შეძლებდა. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ცხინვალ-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია). დიდი ხანია იგი ახალგორის ეკლესია-მონასტრებში იმყოფება და საშვის გაცემას ელოდება, თუმცა წელიწადზე მეტია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. თამარ მეარაყიშვილის დასაც უარი უთხრეს საშვის გაცემაზე და ოჯახი პრაქტიკულად ორ ნაწილად გაიყო.

დაბაში გავრცელებული ინფორმაციით, სექტემბრიდან დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორელებისთვის, ვინც მუდმივად დაბაში ცხოვრობს, ოსური პასპორტების გაცემას დაიწყებს, მათთვის კი, ვისაც დაბაში სახლი აქვს, მაგრამ ძირითად დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ატარებს, ახალი გადასაადგილებელი საშვების გაცემა დაიწყება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გამოქვეყნებულა. გარდა ამისა, დაბაში უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი. მაგალითად, ახალგორელებს აინტერესებთ, როგორ გაარჩევს დე ფაქტო ხელისუფლება ძირძველ მოქალაქეებს, რომლებსაც პასპორტი უნდა მისცეს, და იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა გაიცეს ცნობები და საშვები. ადგილობრივები შიშობენ, რომ ამის გამო დაბას მცხოვრებთა კიდევ ერთი ნაწილი დატოვებს. ახალგორელებს მცირე იმედს მხოლოდ ის ფაქტი აძლევთ, რომ ადგილობრივ უშიშროების სამსახურში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ძველი ხელმძღვანელი კი სწორედ იმის გამო გაუშვეს თანამდებობიდან, რომ საშვების გაცემის საქმე ჩააგდო. გარდა ამისა, ახალგორელები ამ სამსახურში არსებულ კორუფციულ ფაქტებზეც საუბრობენ. დაბაში მცხოვრებლები სექტემბრიდან ახალი პროცედურების დაწყებას და კითხვებზე პასუხის გაცემას ელოდებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG