Accessibility links

logo-print
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა იმ პირთა ახსნა-განმარტებები გამოაქვეყნა, რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასშტაბის შემოწირულება გადაურიცხეს ”ქართულ ოცნებას”. ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს და პარალელურად იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ის აბსოლუტურად უსამართლოდ არის მიჩნეული კონტროლის პალატის მონიტორინგის სუბიექტად.

7 მარტს კონტროლის პალატაში ”ქართული ოცნების" მიერ 6 იანვარს შეტანილი საჩივარი განიხილებოდა. საზოგადოებრივი მოძრაობა აპროტესტებს ”მონიტორინგის სუბიექტის” სტატუსს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ჯგუფისადმი სიმპათიის გამო მისთვის დაწესებული ფინანსური კონტროლი გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. 7 მარტის შეხვედრაზე ჟურნალისტები ვიდეოკამერების, აუდიოჩამწერებისა და მობილური ტელეფონების გარეშე დაუშვეს და ისიც მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ადვოკატებმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ალექსანდრე ბარამიძემ გააპროტესტეს მასპინძელი უწყების გეგმა, რომ შეხვედრა სრულიად დახურული ყოფილიყო მედიისთვის.

განხილვის შედეგი ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც, კონტროლის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, შედეგებს წერილობითი სახით გააცნობენ მომჩივან მხარეს, თუმცა როდის - ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. ალექსანდრე ბარამიძისთვის უცნობია, თუ რატომ არ ესწრებოდა განხილვას კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე. შეხვედრაზე მისი სამი მოადგილე იყო წარმოდგენილი, თუმცა, ადვოკატის შთაბეჭდილებით, მათ საერთოდ არ ეტყობოდათ საქმით რეალური დაინტერესება:

”მათ მოისმინეს ჩვენი მოსაზრებები ზეპირად, ის, რაც წერილობით ჩვენ ისედაც გვქონდა წარდგენილი. ანუ ახალი ამ მხრივ მათ არაფერი მოუსმენიათ. რაიმე სახის კითხვები მათ არ გასჩენიათ და არც რაიმე დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის სურვილი ჰქონიათ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მათ არ ჩაუტარებიათ საქმის ვითარების სრულფასოვანი გამოკვლევა.”

ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა პასუხს დაელოდება და, ასევე, ცალკე გაასაჩივრებს კონტროლის პალატის მხრიდან ბოლო პერიოდში გამოვლენილ ზეწოლის ფაქტებს, რომლებიც ”ქართული ოცნებისთვის” შემოწირულების გადარიცხვას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, კონტროლის პალატამ საეჭვოდ მიიჩნია რამდენიმე ასეთი შემთხვევა. გავიხსენოთ: ცოლ-ქმარმა ბესიკ მუმლაურმა და თამაშა ჩიტაიამ, საერთო ჯამში, თებერვლის დასაწყისში „ქართულ ოცნებას“ 15 ათასი ლარი, ხოლო მარიამ მეტრეველმა და ვახტანგ ედიშერაშვილმა 10-10 ათასი ლარი გადაურიცხეს. მათი სახელები და გვარები საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც 6 მარტს ისინი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. 7 მარტს კი კონტროლის პალატის სამსახურმა, მართებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით, გამოაქვეყნა ამონარიდები ამ მოქალაქეების ახსნა-განმარტებებიდან.

ირკვევა, რომ ”ქართული ოცნებისთვის” შემოწირულების გადარიცხვის მოტივაციად ძირითადად სახელდება მადლიერების გრძნობა, რაც მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილისგან წლების მანძილზე მიღებული დახმარების გამო გაუჩნდათ. მიუხედავად იმისა, რომ შემოწირულების ადრესატი მათ საკუთარი ნებით შეარჩიეს, მას მხოლოდ დანაზოგი გადაურიცხეს და ფიქრობენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე 6 მარტის განცხადებაში ყურადღებას მაინც თანხების საეჭვო წარმომავლობაზე ამახვილებს:

”მათთან გასაუბრების შედეგად ვერ დადასტურდა, რომ მათ რაიმე შემოსავალი გააჩნდათ, ანუ შემოსავლების წყაროზე დასაბუთებული პასუხი ვერ გაგვცეს. შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ ამ სუბიექტების მიერ განხორციელებული შემოწირულობების მონიტორინგს და შედეგებს ვაცნობებთ საზოგადოებას.”

მაშინ როცა კონტროლის პალატა გამოკითხულ მოქალაქეებს ”ფულის გათეთრების” სქემის მონაწილე ეჭვმიტანილებად აღიქვამს, ”ქართული ოცნება” მათ ხელისუფლების ”ზეწოლის ობიექტებად” მიიჩნევს. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის იურიდიული ჯგუფის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მოგელაძის ფუნქციაში არ შედის იმ პროცესის კონტროლი, თუ როგორ განკარგავენ ადამიანები საკუთარ თანხებს. ქუცნაშვილის თქმით, ხელისუფლებას აშინებს იმის გაცნობიერება, რომ, ”დრაკონული კანონების პირობებშიც კი, საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი მზად არის თავისი ხელფასი, პრემია თუ დანაზოგი შესწიროს ხალხისთვის საჭირო საქმეს.”

პროცესი, რომელსაც კონტროლის პალატა ”ფულის გათეთრებას” უწოდებს, 20 თებერვალს შპს ”ქართუ მშენებლის” თანამშრომლის, ნუგზარ ხუციშვილის საქმის გახმაურებით დაიწყო. მას ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიღებული პრემიის ნახევრის, 20 ათასი ლარის, ”ქართული ოცნებისთვის” უკანონოდ გადარიცხვაში დასდო ბრალი და ოდნავ მოგვიანებით 200 ათასლარიანი ჯარიმაც დააკისრა, 5 მარტს კი ”ქართუ ბანკის” იურიდიული სამსახურის უფროსმა რამაზ ქურდაძემ თანამდებობა დატოვა და მიზეზად დაასახელა მასზე განხორციელებული ზეწოლა, რომ მისთვის გადარიცხული ”ალოგიკურად მაღალი” პრემიის ნაწილი ”ქართული ოცნებისთვის” გადაერიცხა. კონტროლის პალატას იმავე ტიპის ინფორმაცია მიაწოდა ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსმა ზვიად ხუხუნაშვილმაც.

ასეთი ზეწოლის ფაქტი კატეგორიულად უარყო კონტროლის პალატაში 7 მარტს ახსნა-განმარტებისთვის დაბარებულმა ნატო ხაინდრავამ, ”ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხსენებულმა პირებმა და ბანკის კიდევ 18-მა თანამშრომელმა პრემიები ბოლო პერიოდის დაძაბული მუშაობის გამო დაიმსახურეს და მათთვის არავის დაუკისრებია თანხის ”ქართული ოცნებისთვის” გადარიცხვის ვალდებულება.

”ქართული ოცნების” პრესსპიკერსა და ბიძინა ივანიშვილის სამომავლო პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრს, მაია ფანჯიკიძეს, საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ რამაზ ქურდაძე თებერვლის დასაწყისში ჩარიცხული პრემიის თაობაზე მარტის დასაწყისში ალაპარაკდა და მისთვის ასევე გარკვეული ეჭვების საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ რამაზ ქურდაძის და განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს. როგორც ფანჯიკიძე ვარაუდობს, ხელისუფლებამ რამაზ ქურდაძის მისამართით გარკვეული წნეხის მექანიზმი გამოიყენა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG