Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანდატურები ვეღარ ჩაერევიან ადმინისტრაციულ საქმიანობაში


გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან (არქივიდან).
გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან (არქივიდან).
ამოქმედდა ”ზოგადი განათლების შესახებ” კანონში საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებები. შესწორება მანდატურის საქმიანობის სფეროს რეგულირებასა და მისი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას შეეხება. კანონში შეტანილი ცვლილებებით, მანდატურის სამსახური, ძირითადად, სკოლის უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი და ადმინისტრაციულ საქმიანობაში აღარ ჩაერევა.

”ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შეტანილი ძირითადი ცვლილება არის ის, რომ გაქრა პუნქტი, რომელიც მანდატურების მხრიდან სკოლის შიდაგანაწესის შესრულებაზე კონტროლს ითვალისწინებდა. შიდაგანაწესი კი, თავის მხრივ, მოიცავს როგორც სკოლის უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას, ისე სწავლების პროცესს და სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობას. შესაბამისად, კანონში გატარებული ამ ცვლილების საშუალებით, მანდატურებს მთლიანად ჩამოშორდათ პედაგოგების კონტროლის ფუნქცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პედაგოგი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, მაგალითად, ფიზიკურად გაუსწორდება მოსწავლეს. რაც შეხება უშუალოდ მოსწავლეებთან ურთიერთობას, მანდატურის სამსახურის უფროსის ლევან აბაშიძის განმარტებით, მანდატურები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას და ისინი სკოლის ადმინისტრაციას წესრიგისა და დისციპლინის დამყარებაში დაეხმარებიან. მათი საქმიანობის ორი ძირითადი მიმართულება კი დანაშაულის პრევენცია და სკოლის უსაფრთხოება იქნება. ცვლილებები შევიდა კანონის იმ მუხლშიც, რომელიც მანდატურობის მსურველ პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლას ავალდებულებდა:

”პირდაპირ კანონში ეწერა, რომ მანდატურები უნდა მომზადებულიყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, ეს კანონით იყო განსაზღვრული. ჩვენ ეს პუნქტი ამოვიღეთ კანონიდან და სად მოხდება მათი მომზადება, ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში თუ სხვაგან, ამას უკვე განათლების სამინისტრო გადაწყვეტს, განათლების მინისტრი გადაწყვეტს თვითონ და, აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე მოხდება მათი მომზადება. შეიძლება ისევ იქ მომზადდნენ, შეიძლება სხვაგან მომზადდნენ, შეიძლება ნაწილობრივ იქ მომზადდნენ და შეიძლება ნაწილობრივ სხვაგან. ამას უკვე განათლების სამინისტრო გადაწყვეტს”, ამბობს ლევან აბაშიძე.

კანონში შეტანილი ცვლილებით, დაზუსტდა ასევე ისეთი საკითხები, როგორიცაა: მოსწავლის პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი. მაგალითად, ეგრეთ წოდებული დისციპლინური იარაღის ამოღების მიზნით მოსწავლის პირადი გასინჯვა დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით უნდა მოხდეს.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი, თუმცა გამოყოფს პრობლემასაც:

”პრობლემურად მიმაჩნია ის, რომ კანონში არ არის ნებაყოფლობითობის საკითხი. მანდატური წარმოადგენს კონტროლზე ორიენტირებულ უსაფრთხოების ინსტრუმენტს და, შესაბამისად, სკოლებმა თავად უკეთ იციან, სჭირდებათ თუ არა მანდატური, რადგან უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, თავისი შინაარსით, არის ფართო და მოიცავს როგორც კონტროლზე ორიენტირებულ მიდგომებს, ასევე ზრუნვაზე ორიენტირებულ მიდგომებს. ჩემი ღრმა რწმენით და ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ საქართველოს ყველა სკოლას არ სჭირდება მანდატური”.

საქართველოს 2100-მდე საჯარო სკოლაში, დღევანდელი მდგომარეობით, 1300-ზე მეტი მანდატური მუშაობს. მანდატურების სკოლაში შეყვანა მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. მანდატურები არ არიან მცირეკონტინგენტიან სკოლებში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მანდატურებზე უარი უკვე განაცხადეს კერძო სკოლებმა. როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, მანდატურის ინსტიტუტის გაუქმება სკოლებში ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლებოდა, თუმცა ცვლილება აუცილებელი იყო. მისი აზრით, კარგი აღზრდის მოდელი ბავშვის გარემოში თანაბარი რაოდენობით კონტროლსა და ზრუნვას გულისხმობს და თუ აქამდე მანდატური მხოლოდ მაკონტროლებელი იყო, კანონის ცვლილების ძალით იგი მოსწავლის მხარდამჭერიც გახდება.

”შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ გაიჩხრიკოს ბავშვი. მაგრამ, თუ ბავშვის უფლებებიდან ამოვალთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხდებოდეს ისე, რომ ბავშვს არანაირი მორალური ზიანი არ მიადგეს და ეს აუცილებლად ხდებოდეს სხვა ადამიანის თანდასწრებით. კარგია ის, რომ მანდატური აღარ გააკონტროლებს მასწავლებელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამით, ფაქტობრივად, ის, რაც მასწავლებლის ავტორიტეტს დაემართა და რითაც ხშირად მანიპულირებდნენ ბავშვები, ეს რისკებიც მოხსნილია”, ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ბავშვებთან კომუნიკაციის, კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის, რთულად აღსაზრდელ ბავშვებთან ურთიერთობისა და საკუთარი თავის ფლობის ტექნიკას მანდატურები ფსიქოლოგებთან სპეციალურ ტრენინგებზე გადიან. წინასაახალწლო დღეებში ტრენინგი 250-მა მანდატურმა დაასრულა. ზოგადად კი, მანდატურთა გადამზადება გაგრძელდება და ეტაპობრივად მოხდება.
XS
SM
MD
LG