Accessibility links

logo-print
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგით მესამე ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, გენერალურ მდივნად კი ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე დაამტკიცეს. აირჩა ახალი პოლიტსაბჭო, რომლის შემადგენლობაც 21-დან 12-მდე შემცირდა, პარტიის ყრილობაზე ყოფილი პრემიერი და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა, მან პოლიტიკაში ყოფნის პერიოდი შეაფასა და სამოქალაქო სექტორში გადასვლაზე საუბართან ერთად იმაზეც ილაპარაკა, თუ როგორი სურს იხილოს პარტია „ქართული ოცნება“.

ერთ საათამდე დრო დასჭირდა „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ იმისათვის, რომ ახალი თავმჯდომარე და პარტიის გენერალური მდივანი აერჩია. პარტიულ ყრილობაზე დასასწრებად მთელი მთავრობა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იყო მისული, ყრილობას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ მესამე ყრილობაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც აცილებდნენ, ამიტომ გამომსვლელთა სიტყვებში, მისდამი სამადლობელი სიტყვებიც უხვად ითქვა.

თავად ბიძინა ივანიშვილმაც გადაუხადა პოლიტიკურ თანამებრძოლებს მადლობა და მათთან ერთად ქართველ ხალხსაც, რომელიც, მისი თქმით, ენდო და ერთი წლის წინ ბრძოლაში გაჰყვა მას. ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით, ერთი წლის წინ დაინგრა მითი, რომ „ნაციონალების წასვლით ეს ქვეყანა ზურს აქცევდა ევროპას, დაინგრეოდა და დემოკრატია დასამარდებოდა. ყველა, დასავლეთშიც და ჩვენთანაც, კარგად მიხვდა, რომ ეს იყო ტყუილი, რომ დემოკრატია ამ 9 წლის განმავლობაში იყო მოჩვენებითი და დემოკრატიის მიღწევებზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დასავლეთისთვის თვალის ახვევას, მხოლოდ ნაციონალების კეთიდღეობას და იმიჯის შენარჩუნებას ემსახურებოდა.“

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს და, მისი სიტყვებით, საზოგადოების აქტიური წევრი გახდება და მინიმუმ 20 წლის განმავლობაში მონაწილებას მიიღებს საზოგადობრივი პროცესების გაჯანსაღებაში, მას სურს პარტია ქართული ოცნება ასეთად დაინახოს:

„ქართული ოცნება არ უნდა იქცეს სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეზრდილ პარტიად, რისი მავნე ტრადიციაც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჩვეულებრივ ამბად იქცა. მე მისურვებდი, რომ ჩვენი პარტია ნამდვილად იყოს იდეოლოგიითა და ღირებულებებით შეკავშირებული ადამიანების ერთობა.“

სიტყვით გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა ის სამი ადამიანი დასახელა, ვისაც ქვეყნის მართვის სათავეში ხედავს:

„საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ყველას ინტერესების დამცველი, მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება; საქართველოს ჰყავს პარლამენტის თამჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოსია; საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მთავრობასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ფეხზე დააყენებს ქვეყანას.“

თავის მხრივ, როგორც პარტიის თამჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარატა, პარტიის მიზანია საქართველოში სოციალურად ორიენტირებული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, რომლის მამოძრავებელი იქნება ძლიერი საშუალო ფენა და ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოება:

„სწორედ ახლა შეგვიძლია დავანახოთ, რომ ნამდვილად ვადგავართ დემოკრატიის გზას, პირველ რიგში იმით, რომ პარტიის შიგნით დავიცავთ დემოკარტიულ ღირებულებებს და არანაირად არ დავუშვებთ იმას, რომ პარტიის საქმიანობა რამენაირად გადაეჯაჭვოს მთავრობის საქმიანობას. ჩვენ უნდა დავნერგოთ ეს სტანდარტები, რადგან სწორედ ამით განსხვავებდა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სხვა ქვეყნებისგან.“

პარტიის ყრილობიდან გამოსულ ბიძინა ივანიშვილს გარეთ ელოდებოდა ხალხი, რომელიც მისთვის მადლობის სათქმელად იყო შეკრებილი, თუმცა ივანიშვილი მათთან არ გამოჩენილა.

პარტიიდან მთავარი ლიდერის წავლის შემდეგ დარჩენილ 29 233 წევრს ახლა სამომავლო პერსპექტივებზე ზრუნვა მოუწევს, ვინაიდან, როგორც პოლიტიკის ექსპრეტები შენიშნავენ, „მთავარი ბრენდის“, ბიძინა ივანიშვილის, გარეშე „ქართულ ოცნებას“ სერიოზული პოლიტიკური გამოწვევები ელის, და, როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით საგანელიძე ამბობს, „პარტიამ ძალიან ბევრი რამე უნდა გააკეთოს აწი, გაძლიერებაც გვჭირდება, რეგიონებშიც სერიოზული სამუშაო იქნება, ბუნებრივია, ადგილობრივი არჩვენების წინ.“
XS
SM
MD
LG