Accessibility links

logo-print

11 ივლისს ლოს-ანჯელესში ცნობილი ამერიკელი კონტრაბასისტი ჩარლი ჰეიდენი გარდაიცვალა - მუსიკოსი, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე თავშეკავებულ - გნებავთ, თავმდაბალ - ინსტრუმენტალისტად მოვიხსენიებდი ჯაზის ისტორიაში. მისი საფირმო ნიშანი ზომიერება გახლდათ, არასოდეს ეტანებოდა იმაზე მეტ ნოტს, ვიდრე საჭიროდ მიაჩნდა, საკუთარ გამოსვლებს სასეირო შოუდ არ აქცევდა და, შესაბამისად, არც ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკისა თუ თითების სისხარტის დემონსტრირებით ცდილობდა სახელის მოხვეჭას. ჰეიდენი მაქსიმალურად იყენებდა ინსტრუმენტის ტემბრალურ შესაძლებლობებს და თავისუფალ ვარიაციებს, სპონტანურ იმპროვიზაციულ პასაჟებს მინიმალისტური ხელწერით, უნატიფესი, ლირიკული და საოცრად ექპრესიული ბგერებით აგებდა.

ჩარლი ჰეიდენი 1937 წლის 6 აგვისტოს აიოვას შტატის ქალაქ შენანდოაში დაიბადა -ქალაქში, სადაც ქანთრიმუსიკას აღმერთებდნენ და მისი მშობლებიც ამავე ჟანრში ტრიალებდნენ. ჰოდა, პატარა ჩარლიც ოჯახური ანსამბლის ვოკალისტი გახდა. როგორც თავად იხსენებდა, არცთუ ურიგოდ მღეროდა და პოპულარობასაც არ უჩიოდა. თუმცა, 15 წლის ასაკში გადატანილი პოლიომიელიტის გამო, სიმღერა ვეღარ გააგრძელა და ვოკალისტობა კონტრაბასით ჩაანაცვლა. თვითნასწავლმა ინტსრუმენტალისტმა საშემსრულებლო ტექნიკა ქალაქ ობერლინის ხელოვნების კოლეჯში დახვეწა, ხოლო თეორიული ცოდნა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ მუსიკალურ აკადემიაში შეიძინა. ამ დაწესებულების მთავარი მიმართულება ჯაზური მუსიკოსების, მეტწილად, ინსტრუმენტალისტების გამოზრდა გახლდათ და ჩარლი ჰეიდენმაც მოკლე ხანში გაიკვლია ჯაზური სცენისკენ მიმავალი გზა. 20 წლის ასაკში ცნობილი კანადელი ავანგარდისტი პიანისტის, პოლ ბლეის ანსამბლში მოხვდა, სადაც იმხანად მესაყვირე დონ ჩერი და ჯაზ-ავანგარდის ერთ-ერთი მიმართულების - „ფრი ჯაზის“ - შემქმნელი საქსოფონისტი, ორნეტ კოულმანი ირიცხებოდნენ. ახალგაზრდა ჰეიდენი მათსავით დესტრუქციული ბუნების გამოდგა და უფროსებთან ერთად შეუდგა ჯაზის სტანდარტული ჰარმონიული თუ რიტმული ფორმულების ნგრევას. კოულმანთან ერთად ისეთი ეპოქალური ალბომების ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა: „The Shape of Jazz to Come“, „Tomorrow Is The Question!“, „Free Jazz“ და „Change of the Century“.

1969 წელს ჩარლი ჰეიდენმა საკუთარი, მემარცხენე პოლიტიკური განწყობების პროექტი - ე.წ. „გამათავისუფლებელი მუსიკის ორკესტრი“ - შექმნა, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა 21 წლის პიანისტი და კომპოზიტორი კარლა ბლეიც გახლდათ. რაღაც ხანს მექსიკური რევოლუციური სიმღერების ჯაზურ ინტერპრეტირებას ახდენდნენ და მუსიკალური თვალსაზრისით ღირებული რამდენიმე ალბომიც გამოსცეს, თუმცა კონტრაბასისტის შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერ ხანად 1990-2000 წლები ითვლება. ამ პერიოდში ჰეიდენმა ერთმანეთისგან სტილისტიკური თვალსაზრისით კარდინალურად განსხვავებულ უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა; ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: პიანისტები ბრედ მელდო, გონსალო რუბალკაბა, ჯონ ტეილორი, საქსოფონისტები მაიკლ ბრეკერი, ჯო ჰენდერსონი, გიტარისტები რალფ ტაუნერი, რობენ ფორდი და მრავალი სხვა. ამ კოლოსალური რაოდენობის მასალიდან გიტარისტ პეტ მეთენისთან ერთად გამოცემულ „გრემის“ მფლობელ ალბომს გამოვარჩევდი, სახელწოდებით Beyond The Missouri Sky - დისკს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ჰეიდენის დისკოგრაფიაში; მეტიც, ჯაზური მუსიკის ისტორიაში შექმნილ ყველაზე მნიშვნელოვან ალბომებს შორის მოიაზრება.

სულ ცოტა ხნის წინ ხმის ჩამწერმა ლეიბლმა ECM ჩარლი ჰეიდენისა და პიანისტ კით ჯარეტის ერთობლივი დისკი „Last Dance“ (უკანასკნელი ცეკვა) გამოუშვა. ეს არ გახლდათ ამ ორი დიდებული მუსიკოსის პირველი პროექტი. მათი გზები ჯერ კიდევ 2007 წელს გადაიკვეთა, როცა ალბომი „Jasmine“ გამოსცეს. ჰოდა, ზემოხსენებულ ნაშრომშიც იმ ძველი შეხვედრისას ჩაწერილი, მაგრამ აქამდე გამოუქვეყნებელი მასალა შევიდა, სადაც ჯარეტისა და ჰეიდენის შეხმატკბილებული იმპროვიზაციული დიალოგი მიმდინარეობს. ალბომს სევდიანი მხარეც აქვს - ჩარლი ჰეიდენი დისკის გამოცემიდან ზუსტად ერთი თვის თავზე 76 წლის ასაკში აღესრულა და „Last Dance“ ამ დიდებული მუსიკოსის მართლაც რომ უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG