Accessibility links

logo-print

ავტორი: ანა ლომთაძე

2015 წლის 7 იანვრის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიგო მცირეტირაჟიანი ფრანგული სატირული გაზეთის, „შარლი ებდოს“, არსებობის შესახებ. ამ დღეს გაზეთის პარიზის ოფისში შეიჭრნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც მოკლეს 12 ადამიანი, მათ შორის რედაქტორები და კარიკატურისტები. „შარლი ებდოზე“ თავდასხმისთვის - გაზეთზე, რომელიც უკლებლივ ყველა იდეოლოგიას, მათ შორის რელიგიურსაც, დასცინის - პასუხისმგებლობა იემენში ალყაიდის დანაყოფმა იკისრა. ამ ტრაგედიის შემდეგ ბევრს მსჯელობდნენ, შეიძლება თუ არა სიცილი ყველაფერზე, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და აქვთ თუ არა სატირულ გაზეთებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა რელიგიური საკითხების მიმართ. დისკუსიის გაგრძელებისა და „შარლი ებდოს“ უკეთ გაცნობის მიზნით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა, “DOX”-მა, გაზეთს გამოფენა მიუძღვნა.

პრაღის თანამედროვე მუზეუმიდან რამდენიმე ასეულ მეტრში უკვე ჩანან პოლიციელები, რომლებიც შენობას წრეს არტყამენ და გამვლელს აკვირდებიან. შენობაში შესვლისას ორი პოლიციელი მჩხრეკს – ხსნიან ჩანთას, მიმოწმებენ ჯიბეებს, დიდხანს აკვირდებიან კამერასა და ხმის ჩამწერ აპარატს. მაფრთხილებენ, რომ გამოფენაზე არ შეიძლება არც კამერის და არც ჩანთის შეტანა. ამ ხანგრძლივი პროცედურის გავლის შემდეგ ხმის ჩამწერთან ერთად გამოფენის სანახავად მივემართები. მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, მერე ისევ მარჯვნივ, ზემოთ, მარცხნივ და - კიდევ ერთი შემოწმება. პოლიციელი ჩემს ხმის ჩამწერს ალმაცერად უყურებს, მაგრამ როცა რწმუნდება, რომ მას ფოტოს გადასაღებად ვერ გამოვიყენებ, ექსპოზიციაზე შესვლის ნებას მრთავს.

“DOX”-ში პოლიციელების ნახვამ გამოფენაზე მოსული ფრანგი ტურისტებიც შეაშფოთა:

“ჩვენ აქ დასასვენებლად ვართ. პრაღაში ქალაქის დასათვალიერებლად ჩამოვედით. წარმოდგენა არ გვქონდა, რომ აქ ეს გამოფენა ტარდებოდა. თანამედროვე ხელოვნების სანახავად მოვედით და შემოსვლისას დავინახეთ, რომ „შარლი ებდოზე“იყო გამოფენა და, რასაკვირველია, მისი დათვალიერება გადავწყვიტეთ. მართალია, როცა შემოვედით და შეიარაღებული მცველები დავინახეთ, ცოტა შეგვეშინდა. ვიყოყმანეთ კიდეც, შემოვსულიყავით თუ არა, მაგრამ ბოლოს ჩვენს თავს ვუთხარით,რომ არ უნდა გვეშინოდეს, რომ უნდა წავიდეთ და ვნახოთ”, - მითხრა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.

პოლიციის კონტროლი მუზეუმის შესასვლელში

პოლიციის კონტროლი მუზეუმის შესასვლელში

“შარლი ებდოზე” შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ გაზეთის რედაქციამ, სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, მოახერხა ახალი ნომრის გამოშვება – წინასწარმეტყველ მუჰამედის კიდევ ერთი კარიკატურა მწვანე ფონზე და, ამჯერად, სიტყვებით: “ყველაფერი მიტევებულია”.

რეაქცია უარყოფითი იყო თითქმის ყველა მუსულმანური ქვეყნიდან. “შარლი ებდოს” პუბლიკაციები დაწვეს პაკისტანში, ავღანეთში, ჩეჩნეთში, სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში.

სატირულ გაზეთს პროვოცირებასა და რელიგიურ შეუწყნარებლობაში ადანაშაულებენ. როდესაც პრაღაში, “DOX”-ში, გამოფენის მოწყობას გეგმავდნენ, უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტი იყოო, მითხრა მუზეუმის დირექტორმა, ლეოშ ვალკამ.

“ვეცადეთ, გახსნამდე გამოფენა საიდუმლოდ შეგვენახა. გვაქვს შიდა და გარე უსაფრთხოების სისტემა. ხალხს ისევე ამოწმებენ, როგორც აეროპორტებში”.

გამოფენაზე დგას უზარმაზარი ღია ყავისფერი სტენდები, რომლებზეც “შარლი ებდოსა” და მისი წინამორბედის, „ებდო (ხ)არაკირის“, პირველი გვერდებია გამოფენილი. შესასვლელშივე გვატყობინებენ, რა არის გამოფენის მიზანი: ჩეხეთში ხალხს საშუალება მიეცეს, თავად გააკეთოს დასკვნები “შარლი ებდოს” შესახებ. “როგორიც არ უნდა ვუწოდოთ გაზეთის დამოკიდებულებას, – შოკის მომგვრელი, სულელური, პრიმიტიული, ბოროტი, პროვოკაციული თუ გამჭრიახი, – ის ყოველთვის იუმორს ეფუძნება. და 21-ე საუკუნეში არავითარი სახის იუმორი არ შეიძლება იყოს სასიკვდილო დანაშაული”, ვკითხულობთ გამოფენის შესასვლელში აღმართულ სტენდზე.

“როცა დასავლურ საზოგადოებაში იუმორისტული, დაუნდობელი ხმა გაისმის ხოლმე, ეს ძალიან სასარგებლოა. ეს არის ის, რაც მინდა დავინახო ჩეხეთში, ყველა ქვეყანაში. ეს ისეთი რამ არის, რაც არავის მოსწონს, მაგრამ აუცილებელია”, – ამბობს ლეოშ ვალკა.

გამოფენის სახელწოდებაა “JOURNAL (IR)RESPONASBLE”, ანუ “გაზეთი, რომელსაც პასუხისმგებლობა (არ) აქვს”. ერთი მხრივ, ეს სიტყვების თამაშია და გაზეთის მიმართ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას გამოხატავს. მეორე მხრივ, სათაური ეხმიანება თავად “შარლი ებდოს” ერთ-ერთ ნომერს, რომლის ცარიელ პირველ გვერდზე წითელი ასოებით წერია “პასუხისმგებელი გაზეთი”. რედაქციამ ეს ნომერი გამოუშვა 2012 წლის 24 სექტემბერს მას შემდეგ, რაც გაზეთი ჯერ კიდევ მაშინ გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების გამო. „პასუხისმგებელ გაზეთში“ არაფერი წერია. კარიკატურების ნაცვლად, უბრალოდ, გეომეტრიულ ფიგურებს, კვადრატებს და მართკუთხედებს ვუყურებთ. მის შემდგომ ნომერში კი, „შარლი ებდოს“ გარეკანზე ამჯერად წერია „უპასუხისმგებლო გაზეთი“ და ხატია ქვის ხანის ადამიანი, რომელმაც იუმორი მოიგონა, ერთ ხელში ნავთით, მეორეში კი - ცეცხლით.

მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია

მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია

გამოფენის დამთვალიერებლების უმრავლესობას მოსწონს „შარლი ებდოს“ იუმორი, თუმცა წავაწყდი იტალიელ მასწავლებელსაც, რომელიც თავის მოსწავლეებს ეკამათებოდა. მას განსაკუთრებით არ ესიამოვნა გაზეთის შავი იუმორი რომის პაპისა და კათოლიკური ეკლესიის მიმართ.

სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ „შარლი ებდო“ ყველა რელიგიურ ინსტიტუციას დასცინის და არ არის ისლამოფობიური, რაშიც მას ხშირად სდებენ ბრალს:

„შარლი ებდოს“ მიზანში არ ამოუღია მხოლოდ მუსლიმები, მხოლოდ მოჰამედი... აი, ეს გარეკანი ამის შესანიშნავი მაგალითია. ისინი ყველა რელიგიაზე საუბრობენ, ყველაფერს დასცინიან“.

სხვადასხვა დროს „შარლი ებდომ“ გამოაქვეყნა ერთმანეთის მსგავსი კარიკატურები. ერთგან ნამტირალევი მუჰამედი ჩივის, რა მძიმეა, როცა ბრიყვებს უყვარხარო.

მეორეგან კი ჯვარზე გაკრული იესო ამბობს, რა მძიმეა, როცა ბრიყვები გაფინანსებენო.

ხალხი ათვალიერებს სურათებს და იცინის, აზრს გამოთქვამს და აფასებს გამოფენას. სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ ეს გამოფენა. ეს ისეთი ადგილია, სადაც ხალხს ნორმალური სიტუაციებისგან განსხვავებული რეაქცია აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ხანმოკლე რეაქციებია...

1970 წელს „შარლი ებდოს“ დაარსებიდან დღემდე მისი თანამშრომლები დასცინიან და ეწინააღმდეგებიან კლერიკალიზმს, ავტორიტარიზმს, რასიზმს, კაპიტალიზმს, მილიტარიზმს და ასე შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ თავად თავს ულტრამემარცხენეებს მიაკუთვნებენ, ხშირად უქილიკიათ მემარცხენეებზეც, მათ შორის, საფრანგეთის ამჟამინდელ სოციალისტ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მემარჯვენეებზე ...

მიუხედავად იმისა, რომ „შარლი ებდო“ ბევრ ტრადიციას უპირისპირდება და დასცინის, თავის მხრივ აგრძელებს ფრანგულ ტრადიციას, რომელსაც ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ჩაუყარა საფუძველი ფრანსუა რაბლემ თავისი „გარგანტუა და პანტაგრუელით“. საუკუნეების განმავლობაში საფრანგეთი რჩებოდა გესლიანი, შავი, უხამსი სარკაზმისა და იუმორის სამშობლოდ. ტრადიციით აიხსნება „შარლი ებდოს“ გაბედული ანტირელიგიური დისკურსიც. თუ მრავალ ქვეყანაში - მათ შორის, ბრაზილიაში, ავსტრალიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, ეგვიპტეში - დღემდე მოქმედებს რელიგიის შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონები, საფრანგეთში ჯერ კიდევ 1789 წლის რევოლუციის დროს გაუქმდა მკრეხელობისა თუ ღვთისგმობის აკრძალვა, რასაც შემდეგ ასევე მოჰყვა ეკლესიისა და სახელმწიფოს მკაცრი გაყოფა.

2014 წლის 7 იანვრის თავდასხმისას „შარლი ებდოს“ რედაქციაში ხუთი ცნობილი კარიკატურისტი დაიღუპა. ტერორისტებმა გაანადგურეს მათი კომპიუტერებიც და სხვა აპარატურა. მსოფლიომ სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ შეიტყო გაზეთის არსებობის შესახებ:

„შარლი ებდოზე“ თავდასხმამდე მის შესახებ არაფერი ვიცოდი. მაგრამ ამის შემდეგ სატირული პრესითაც დავინტერესდი. ის შეურაცხმყოფელი არ არის. უბრალოდ,იუმორია, ნორმალური იუმორი”, - გვითხრა ერთ-ერთმა ჩეხმა დამთვალიერებელმა.

მუზეუმის დირექტორი იმედოვნებს, რომ გამოფენა დადებით გავლენას მოახდენს, თუმცა მას არ აქვს იმის ილუზია, რომ ერთ გამოფენას ყველაფრის შეცვლა შეუძლია: “შაბათ-კვირას ათასობით ადამიანი სტუმრობდა გამოფენას. ხალხი ათვალიერებს სურათებს და იცინის, აზრს გამოთქვამს და აფასებს გამოფენას. სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ ეს გამოფენა. ეს ისეთი ადგილია, სადაც ხალხს ნორმალური სიტუაციებისგან განსხვავებული რეაქცია აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ხანმოკლე რეაქციებია. შემდეგ ყველა თავის ყოველდღიურ საქმიანობას უბრუნდება და ცხოვრება გრძელდება”.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG